გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, "ტარდება საწვავის ხარისხის მონიტორინგი, რის საფუძველზეც დგინდება, რომ საქართველოს ბაზარზე არსებულ საწვავში, გოგირდისა და ტყვიის შემცველობა აშკარად დადგენილ ნორმებზე და მონაცემებზე ნაკლებია".
ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა.
საქართველოს ბაზარზე მოხმარებად ბენზინში, გოგირდისა და ტყვიის შემცველობის რაოდენობა მთავრობის სპეციალური დადგენილებით რეგულირდება. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით დადგენილია, რომ ბენზინში ტყვიის შემცველობა - არაუმეტეს 0,005 გ/ლ, გოგირდის შემცველობა კი - არაუმეტეს 150 მგ/კგ შეიძლება იყოს. განსხვავებული შეზღვუდებია დიზელის შემთხვევაში. 2005 წელს მიღებული დადგენილებისმიხედვით, გოგირდის შემცველობა დაშვებულია არაუმეტეს 200 მგ/კგ.
ფაქტ-მეტრის თხოვნის პასუხად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული 2014 წლის კვლევა მოგვაწოდა, რომლის ფარგლებშიც, ბენზინის 12 და დიზელის საწვავის 12 ნიმუში იქნა გადამოწმებული. ბიუროს დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ ბენზინის ყველა ნიმუში სრულად აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, დიზელის შემთხვევაში კი, გოგირდი დასაშვებზე მეტად იყო გამოყენებული და 260 მგ/კგ -290 მგ/კგ-მდე მერყეობდა.
2016წლის 24 მაისს, გარემოს დაცვის სამინისტრომ და სამხარაულის სახელობის ბიურომ საწავავის ხარისხის შემოწმების მიზნით, ხელახლა ჩაატარეს კვლევა. ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ ბენზინის მხრივ მდგომარეობა კვლავ უცვლელია და ის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. დიზელის შემთხვევაში კი, სიტუაცია გამოსწორდა და გოგირდი დასაშვებ ზღვარს აღარ სცდება. კვლევის ფარგლებში, გოგირდის გარდა, ტყვიისა და ოქტანობის რაოდენობის გადამოწმებაც მოხდა და გაირკვა, რომ დარღვევები არც ამ კუთხით ფიქსირდება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ დადგენილი სტანდარტების დაცვის მიზნით, უკანასკნელ პერიოდში, კანონმდებლობა გამკაცრდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2016 წლის 2 მარტს ცვლილება განხორციელდა და 91(3) მუხლიდაემატა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიაზე საწვავის ხარისხობრივი და შემადგენლობის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, სანქციები დაწესდა. გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, ნავთობკომპანიების შემოწმება მოულოდნელად ხდება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 8-დან 10 ათას ლარამდე განისაზღვრება.
ბენზინისა და დიზელის ხარისხის სტანდარტები საქართველოში 2004-2005 წლებში დადგინდა. თუმცა, მაკონტროლებელი ორგანოების და სანქციების განსაზღვრა 2016 წლამდე არ მომხდარა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება, „ჰაერის ხარისხის“ შესახებ 5 დირექტივას და მისგან გამომდინარე, ვალდებულებებს მოიცავს. თუმცა, საავტომობილო საწვავს (ბენზინი და დიზელი) არცერთი მათგანი არ ეხება. ამ მხრივ, ერთადერთი ვალდებულება, რომელიც ქვეყანას ეკისრება (1999/32/ EC დირექტივა) თხევად საწვავში (მაზუთი, საზღვაო საწვავი და ა.შ) გოგირდის შემცირებას გულისხმობს, რის შესასრულებადაც საქართველოს დრო 2022 წლამდე აქვს.
შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაცვის მიუხედავად, საქართველოში არსებული ბენზინის და დიზელის ხარისხი, მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ანალოგიებს. 2014 წლის მონაცემებით,ევროკავშირისა და იაპონიის ბაზარზე არსებულ ბენზინსა და დიზელში გოგირდის შემცველობა 10 მგ/კგ-ს შეადგენს, აშშ-ში გოგირდის შემცველობაა დიზელში 15 მგ/კგ, ბენზინში - 30 მგ/კგ. აღნიშნული ქვეყნების საპირისპიროდ, საწვავში გოგირდისა და ტყვიის განსაკუთრებით ჭარბი რაოდენობა პერუში, არგენტინაში, მონღოლეთში და აფრიკის კონტინენტის ქვეყნებში ფიქსირდება.
დასკვნა
კვლევების მიხედვით დგინდება, რომ ქართულ ბაზარზე არსებული საწვავის ხარისხი თანხვედრაში მოდის კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან. 2014 წლის მონაცემებით, დიზელში გოგირდის რაოდენობა დასაშვებზე დიდი რაოდენობით ფიქსირდებოდა. თუმცა, აღნიშნული პრობლემა დღეისთვის მოხსნილია. დაიხვეწა კანონმდებლობა (მაკონტროლებელი ორგანოს და სანქციების შემოღება), რამაც საწვავის ხარისხის გაკონტროლებას ხელი უნდა შეუწყოს.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიგლა აგულაშვილის განცხადება არის სიმართლე.