განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ე.წ. უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის განხორციელება 2013 წლიდან დაიწყო და სახელმძღვანელოების ბეჭდვის ვალდებულებაც უწყების ფარგლებში მოაქცია. სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას თავის დროზე გამომცემლობებისა და ავტორების პროტესტი მოჰყვა. ისინი უწყებას ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფაში ადანაშაულებდნენ. მიუხედავად პროტესტისა, სამინისტრომ გადაწყვეტილება არ შეცვალა.

2013-2014 სასწავლო წელს უფასო სახელმძღვანელოების პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 323 630 ლარი დაიხარჯა, 2014-2015 სასწავლო წელს – 13 216 000, 2015-2016 წელს კი – 5 134 432 ლარი.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროს სასკოლო სახელმძღვანელოების დასაბეჭდად 2013 და 2014 წლებში ტენდერი არ ჩაუტარებია და გამარტივებული შესყიდვების წესით, ხელშეკრულებები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმდა. ეს ოპონენტების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. შედეგად, 2015 წელს განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების ბეჭდვისთვის ტენდერი გამოაცხადა და ბეჭდვის უფლებაც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მიანიჭა.

ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვის საკითხი კვლავ გააქტიურდა. 2 ივლისს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასკოლო სახელმძღვანელოების თემაზე პრესკონფერენცია გამართა. პარტიაში განმარტეს, რომ ახალი სასწავლო წელი კვლავ სახელმძღვანელოების გარეშე, ან ნახმარი სახელმძღვანელოებით დაიწყება. მათივე ინფორმაციით, განათლების სამინისტროს საჭირო სახელმძღვანელოების რაოდენობის სტატისტიკაც კი არ აქვს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, განათლების სამინისტროს ინიციატივითაც მიმართეს და მოუწოდეს, სასკოლო სახელმძღვანელოებისთვის გამოყოფილი 12 მილიონი ლარით სახელმძღვანელოები, სტამბაში დაბეჭდვის ნაცვლად, გამომცემლობებისგან შეესყიდა.

ამ განცხადებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გამოეხმაურა და მას არასწორი უწოდა. მისი თქმით, ახალი სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ როგორც ძველ, მაგრამ კარგად შენახულ, ისე ახალ სახელმძღვანელოებს.

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის 12 მილიონი ლარია გათვალისწინებული. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, გასულ წლებში დაბეჭდილი სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ახალი სასწავლო წლისთვის გამოსაყენებლად ვარგისია 2 895 986 სახელმძღვანელო.

უნდა აღინიშნოს, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის ამოქმედებისას, განათლების სამინისტრომ სასკოლო სახელმძღვანელოების ცვეთის სამწლიანი ვადა დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამინისტრომ სახელმძღვანელოები სამ წელიწადში ერთხელ სრულად უნდა განაახლოს.

2015 წელს განათლების მაშინდელი მინისტრი თამარ სანიკიძე აცხადებდა, რომ ახალი სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოები განახლდებოდა და ძველ სახელმძღვანელოებს სასწავლო პროცესიდან სრულად ამოიღებდნენ. თუმცა, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების დროში გაჭიანურების გამო, ახალი სახელმძღვანელოებისთვის გრიფირების გამოცხადება ვერ მოესწრო. შედეგად, სამინისტრო იძულებული გახდა, ძველი სახელმძღვანელოების დიდი ნაწილი კვლავ გამოეყენებინა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2016-2017 სასწავლო წლისთვის გამომცემლობებისგან 68 950 ინგლისური ენის სახელმძღვანელოსა და 336 067 რვეულს შეიძენს, რისთვისაც, ჯამში, 2 952 572 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულისთვის ხელშეკრულებები ექსკლუზივის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე შემდეგ კომპანიებთან გაფორმდა – შპს „ინგლისური წიგნის სახლი საქართველოში“ და შპს „იუნიქ სერვისი“.

ჩვენს კითხვაზე, ჩატარდა თუ არა სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვისთვის საჭირო ტენდერი და რომელმა სტამბებმა გაიმარჯვეს მასში, განათლების სამინისტროში გვიპასუხეს, რომ მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფისა და სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის #1334 განკარგულებით, „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისთვის გამარტივებული შესყიდვის წესით გამოყენების უფლება მიეცა. ინფორმაცია, რომელ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, განათლების სამინისტროსგან მიღებულ პასუხში დაკონკრეტებული არ იყო.

6 აგვისტოს, „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა სასკოლო სახელმძღვანელოების თემაზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2.5-მილიონლარიანი ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შპს „ფორმასთან“ გააფორმა და სახელმძღვანელოების საცალო ღირებულება ზოგ შემთხვევაში 20 ლარს შეადგენს. ეს კი იმის ფონზე, როდესაც გამომცემლობები მზად იყვნენ, ნაშთის სახით არსებული სახელმძღვანელოებიდან თითო 2-2.5 ლარად გაეყიდათ.

20 ივლისს, „საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა“ და შპს „ფორმას“ შორის ხელშეკრულება მართლაც გაფორმდა. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ 2 407 077 ლარი შეადგინა. ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამში, 1 481 458 ცალი ერთეული სახელმძღვანელო დაიბეჭდა. ერთი სასკოლო სახელმძღვანელოს საშუალო ღირებულებამ, 1.62 ლარი შეადგინა. თუმცა, რიგ შემთხვევებში ერთი ერთეული სახელმძღვანელოს ღირებულება 13, 15 და 20 ლარია. ერთი სახელმძღვანელოს მინიმალური ღირებულება კი – 60-70 თეთრი.

„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ განმარტებით, წელს პირდაპირი მიყიდვის წესით, ერთ პირთან ხელშეკრულების გაფორმება უკვე დაბეჭდილი სახელმძღვანელოების დათვლის პროცესმა განაპირობა.

„დათვლის პროცესი არის რთული და დროში რომ არ გაწელილიყო, გადაწყდა, წელს ხელშეკრულება პირდაპირი მიყიდვის წესით გაფორმებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სახელმძღვანელოების ბეჭდვა და სკოლებისთვის მიწოდება დაგვიანებულიყო“, – განმარტეს სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ჩატარდა სახელმძღვანელოების ბაზრის კვლევა, რომელშიც 80 კომპანია მონაწილეობდა. ხელშეკრულებაც სწორედ ყველაზე კონკურენტული ფასის მქონე კომპანიასთან გაფორმდა.

„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი შალუტაშვილის თქმით, არსებული სახელმძღვანელოების ნაშთების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, გამომცემლობებთან პირველი კონტაქტი აპრილში შედგა. თუმცა ამის შემდეგ მათგან ინფორმაცია არ მიუღიათ.

მისივე თქმით, სააგენტო გამომცემლობებს ელექტრონული ფოსტის საშუალებითაც დაეკონტაქტა, მაგრამ პასუხი ვერც ამჯერად მიიღო. შემდეგ, საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, გამომცემლობების ასოციაციას მიმართეს. გამომცემლობებმა მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ წარადგინეს საჭირო ინფორმაცია.

გიორგი შალუტაშვილის თქმით, ზოგიერთ გამომცემლობას სახელმძღვანელოების შესაბამისი რაოდენობა არ ჰქონდა, ზოგმაც, შეთავაზებული ფასების გათვალისწინებით, კერძო სკოლების ნაწილის ათვისება არჩია. ნაწილი გამომცემლობების მიერ შემოთავაზებული ფასები კი, შპს „ფორმის“ მიერ წარმოდგენილ ფასთან შედარებით კონკურენტული არ იყო. შესაბამისად, გადაწყდა, რომ ხელშეკრულება სწორედ შპს „ფორმასთან“ გაფორმებულიყო.

შალუტაშვილის თქმით, ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც გამომცემლობების მხრიდან „ფორმაზე“ ერთი თეთრით დაბალი ფასი მაინც იყო შემოთავაზებული, სახელმძღვანელოებიც და რვეულებიც მათგან შეისყიდეს.

„ვერ დაასახელებენ ვერც ერთ შემთხვევას, ეს ასე რომ არ ყოფილიყო“, – აცხადებს შალუტაშვილი. ამის დასტურად ის მზად არის, გამომცემლობებთან წარმოებული მიმოწერა და შესაბამისი დოკუმენტაციაც გაასაჯაროოს.

„განათლების სამინისტრომ წაგვართვა საავტორო უფლებები და დაგვაყაჩაღა“, – განაცხადა ჩვენთან საუბარში გამომცემლობა „ინტელექტის“ დირექტორმა კახმეგ კუდავამ. მისი თქმით, მან 17 დასახელების სახელმძღვანელოს სრული ტირაჟი „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ იმაზე ნაკლებ ფასად შესთავაზა, ვიდრე მათ მიერ იყო წარმოდგენილი და მოცემული მომენტისთვის, მათ პასუხს ელოდება.

კახმეგ კუდავას თქმით, ოთხმა გამომცემლობამ – „ინტელექტმა“, „ლოგოსპრესმა“, „დიოგენემ“ და „არტანუჯმა“– ადგილობრივი სასამართლოს სამივე ინსტანციის გავლის შემდეგ, სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა. ევროპულმა სასამართლომ სარჩელი წარმოებაში 1 თვის წინ მიიღო. გამომცემლობები განათლების სამინისტროსგან 14 მილიონი ევროს ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

იქიდან გამომდინარე, რომ 2013 წელს სასკოლო სახელმძღვანელოები სამწლიანი ცვეთის ვადით დაიბეჭდა, 2016-2017 სასწავლო წლისთვის სასკოლო სახელმძღვანელოები სრულად უნდა შეცვლილიყო. თუმცა, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მუშაობის პროცესის დროში გაჭიანურებამ ახალი სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესიც გააჭიანურა. შედეგად, მოსწავლეების დიდი ნაწილი ახალ სასწავლო წელს ძველი სახელმძღვანელოებით შეხვდება.

იმის გათვალისწინებით, რომ 2017-2018 სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი ეტაპი უნდა გამოცხადდეს, მიმდინარე წელს დაბეჭდილი სახელმძღვანელოები მომავალი სასწავლო წლისთვის უკვე გამოუსადეგარი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული რამდენიმე მილიონი ლარი არაეფექტიანად დაიხარჯება.