2008 წლის ომის შემდეგ, 8-12 აგვისტო საქართველოში ხსოვნის კვირეულს ეთმობა. ამ დროს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით გორი ექცევა, რადგან საომარი მოქმედებები 8 წლის წინ, სწორედ ამ ქალაქში მიმდინარეობდა. დაბნეულ ადამიანებს შორის, რომლებიც სახლებს ტოვებდნენ და არ იცოდნენ სად მიდიოდნენ, 16 წლის მოზარდი ლაშა შავდათუაშვილიც იყო. 2008 წლის 8 აგვისტოს, როდესაც ის სოფელ კარალეთიდან ჯვრითა და კიმანოებით ხელში მოდიოდა, პეკინში ზაფხულის ოლიმპიადა მიმდინარეობდა.
მომდევნო ორი ოლიმპიადა მისთვის რადიკალურად განსხვავებული და წარმატებული აღმოჩნდა. 2012 წელს, 20 წლის ასაკში მან ჯერ ლონდონში იასპარეზა და საქართველოს ოლიმპიური ოქრო მოუტანა, წელს კი რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
2016 წლის გამარჯვება განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა. ორთაბრძოლაში, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში, მან გასული წლის ევროპის ჩემპიონი, ებრაელი საგი მუკი, მანამდე კი რუსი დენის იარცევი დაამარცხა. სწორედ ამ უკანასკნელთან ბრძოლის შემდეგ დაფიქსირებული ჟესტით მიიპყრო მან მსოფლიო მედიის ყურადღება. 8 აგვისტოს, ომიდან 8 წლის შემდეგ, 24 წლის გამარჯვებულმა ქართველმა ფალავანმა ემოციური ჟესტით რუს სპორტსმენს საქართველოს დროშაზე მიანიშნა.
„დღეს ისეთი დღე იყო, ვფიქრობდი, რომ მე უფლება არ მქოდა ეს შეხვედრა წამეგო. ცოტა ვნერვიულობდი კიდევაც, იმიტომ, რომ 8 აგვისტო იყო და ჩვენი გმირების სახელით, მე უფლება არ მქონდა გავსულიყავი და ყველაფერი არ გამეკეთებინა, რათა მეჩვენებინა, რომ ჩვენი ქვეყანა ძლიერია და არ ვართ სუსტები“, - აღნიშნა შავდათუაშვილმა.
რიოში გამარჯვების შემდეგ, ლაშა ტელეფონით პირველად დედას ესაუბრა.
თეა შავდათუაშვილი შვილის ორთაბრძოლებს პირდაპირ ეთერში არასდროს უყურებს. როგორც თავად ამბობს, ამ დროს ძალიან ღელავს. ლაშას შესახებ აქამდე უცნობი დეტალები „ფაქტ-მეტრს“ სწორედ მან გააცნო და კომენტარი მისი შვილის ცნობილ ჟესტზეც გააკეთა.
„ლაშას ძალიან ბევრი რუსი მეგობარი ჰყავს. როგორც მან მითხრა, ეს არ იყო პოლიტიკის გამოხატვა, უბრალოდ ძალიან განიცდიდა და ასე გამოხატა ემოცია. რუს სპორტსმენს სწორედ ომის 8 წლისთავზე მოუგო, თუმცა მისთვის მეტოქის ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა, ამ დროს მთავარია მიზნის მიღწევა და გამარჯვების მოპოვება“, - ამბობს თეა შავდათუაშვილი.
ის 2008 წლის 8 აგვისტოსაც იხსენებს, რა დროსაც, საომარი მოქმედებების გამო, ლაშა სავარჯიშოდ არ გაუშვა. სწორედ ამ დროს დაიბომბა კომბინატის დასახლება, სადაც ძიუდოს დარბაზი მდებარეობდა.
ძიუდოში წარმატებების მოპოვება ლაშას ბავშვობისდროინდელი ოცნებაა. ის გორში სავარჯიშოდ სოფელ კარალეთიდან დადიოდა. მიზნის მიღწევაში მწვრთნელებთან ერთად, ხელს მშობლებიც უწყობდნენ. ლაშას დედა ამბობს, რომ იყო მომენტები, როდესაც ტურნირზე წასასვლელ ფულს ოჯახი დიდი წვალების შედეგად უგროვებდა. პარალელურად, ლაშა სოფლის ეკლესიაში სტიქაროსნად მსახურობდა.
ლაშას წარმატებები მის 21 წლის ძმას ბექას დიდ სტიმულს აძლევს. ისიც ძიუდოისტია და წარმატების მიღწევისთვის თავდაუზოგავად იბრძვის. შავდათუაშვილების დედა ამბობს, რომ ორივე ვაჟი შრომისმოყვარე და მიზანდასახულია და დარწმუნებულია, რომ შრომა ყოველთვის დაუფასდებათ.
შავდათუაშვილების ოჯახში, ლაშას გამარჯვების მისალოცად, გორის მერი ზურა ჯირკველიშვილიც მივიდა. 2012 წლიდან შავდათუაშვილები საცხოვრებლად გორში გადმოვიდნენ. თუმცა, ლაშას შერკინებას მისი ბავშვობის მეგობრები და მეზობლები სოფელ კარალეთშიც უყურებდნენ. გორშიც და კარალეთშიც ლაშას გამარჯვებას მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ, რასაც მანქანების სიგნალებით და ფოიერვერკებით გამოხატავდნენ.
ლაშას დედა იხსენებს, რომ წელს, 8 აგვისტოს, მთელი დღის განმავლობაში, მისი სახლი ახლობლებითა და ნათესავებით იყო სავსე, თავად კი პირდაპირი ეთერის დროს, ტელევიზორისგან მოშორებით იდგა. თეა შავდათუაშვილმა ემოციები უკვე შვილის ზარის შემდეგ გამოხატა და ცრემლები ვეღარ შეიკავა. მოგვიანებით, რიოდან ლაშამ ოჯახის წევრებს როუმინგზე ბალანსის შევსება სთხოვა, თუმცა, ვისთან აპირებდა დარეკვას არ უთქვამს.
პარალელურად, ხალხმრავლობა იყო გორის თეატრის ეზოშიც. გორელების ერთმა ჯგუფმა ფანკლუბი „მოგვერდი“ შექმნეს, ლაშას საგულშემატკივროდ, ღია ცის ქვეშ შეიკრიბნენ და ოლიმპიადის პირდაპირ ტრანსლაციას, თვალს თეატრის შენობასთან დამონტაჟებული სპეციალური მონიტორიდან ადევნებდნენ.