აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლადო მგალობლიშვილმა განაცხადა: „ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მე რომ მივედი, იყო დაახლოებით ორი მილიონიდან 2.5 მილიონამდე ბიუჯეტი. წელს ინფრასტრუქტურული ბიუჯეტი არის რვა მილიონი. რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ობიექტები გააკეთა, დაახლოებით სამჯერ მეტი მაქვს გაკეთებული“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ლადო მგალობლიშვილი მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2012 წლის ნოემბერში დაინიშნა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2012 წლის ბიუჯეტში სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ოთხი მილიონიდა არა 2.5 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. 2016 წელს კი, ინფრასტრუქტურისთვის უწყება 8 მილიონ 296 200 ლარის დახარჯვას აპირებს. 5 მილიონ 337 ათასი ლარი სკოლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, 2 მილიონ 959 ათასი ლარი კი, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული ობიექტების (პანსიონების, სასკოლო ბიბლიოთეკების, სპორტული მოედნების, ლაბორატორიების, სამეცნიერო დაწესებულებების) ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.
მიმდინარე წელს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიზნობრივ პროგრამას - „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი5 მილიონ 336 ათასი ლარია და მას სწორედ ლადო მგალობლიშვილი კურირებს. 2016 წელს, 2012 წლისგან განსხვავებით, სამინისტროს საპანსიონო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და ინვენტარით აღჭურვის, საჯარო სკოლების ინვენტარითა და ლაბორატორიებით აღჭურვის, სკოლებში სპორტის განვითარების ხელშეწყობის, საჯარო სკოლებში ბიბლიოთეკების განვითარების, უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის და ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამები აქვს დაგეგმილი, რომელთა დასაფინანსებლად 2 მილიონ 959 300 ლარია გამოყოფილი.
რაც შეეხება ობიექტების რაოდენობის შედარებას, ფაქტ-მეტრმა განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაადგინა, რომ 2005 წლიდან 2012 წლის ჩათვლით („ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბრამდე იყო), რეაბილიტირებული ობიექტების რაოდენობა 185-ია და ამისთვის ბიუჯეტიდან 45 მილიონ 783 ათასი ლარი დაიხარჯა. 2013-დან 2016 წლის ჩათვლით კი, 70 ობიექტი გარემონტდა, რისთვისაც 18 მილიონ 930 ათასი ლარი გამოიყო.
დასკვნააჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, განათლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხების შედარებისას, განაცხადა, რომ 2012 წელს 2 მილიონი ლარი (რეალურად - 4 მილიონ ლარზე მეტი) დაიხარჯა. როგორც ფაქტ-მეტრმა გაარკვია, 2005 წლიდან მგალობლიშვილის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, აჭარაში 185 ობიექტი იქნა რეაბილიტირებული და ამას 45 მილიონ 783 ათასი ლარი მოხმარდა, მისი დანიშვნიდან დღემდე კი - 70 ობიექტის რეაბილიტაციას 18 მილიონ 930 ათასი ლარი დასჭირდა.
ამდენად, ლადო მგალობლიშვილის განცხადება არის მცდარი.