წინასაარჩევნოდ საქართველოს ევროინტეგრაციის და რუსული ინტერესის გატარების საკითხი ისე გააქტიურდა, რომ შესაძლოა, არჩევნებში მთავრი გადამწყვეტი სწორედ ეს ფაქტორი გახდეს. ამაზე მიუთითებს ერთის მხრივ, კონსტიტუციაში საქართველოს ე.წ. უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთებისათვის საჭირო პროცედურების დაწყება და მეორეს მხრივ, ამის საპასუხო ინიციატივა, რომ კონსტიტუციაში სწორედაც რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ გაკეთდეს ჩანაწერი.

უბლოკო სტატუსის იდეის პარლამენტში გატანას „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ცდილობს, რომელმაც ამ საკითხზე ხელმოწერების შეგროვების ოფიციალური ნებართვის მისაღებად, პარლამენტს უკვე მიმართა. მისი ეს წამოწყება რეალურად იმას ნიშნავს, რომ საქართველომ ნატოში გაწევრიანებასა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარი თავად უნდა თქვას.

გასულ კვირას გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კი, პარლამენტის „რესპუბლიკელმა“ სპიკერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „ვერ იქნება პასიური დამკვირვებლის როლში“. იგი გამოდის ინიციტივით, რომ ქვეყნის საგარეო კურსზე სპეკულაციების დასასრულებლად კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი საქართველოს მიერ „დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში“ სრულფასოვანი ადგილის დამკვიდრებისაკენ სწრაფვის შესახებ.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის შეცვლის ეს ორივე მცდელობა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. მათი აზრით, ბურჯანაძე ამით ქვეყანაში მთავარ ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალად დამკვიდრებასცდილობს. უსუფაშვილი კი, ერთის მხრივ, ცდილობს „რესპუბლიკელები“ ქვეყანაში პროდასავლური ძალების გამაერთიანებელ პარტიად წარმოაჩინოს, ხოლო, მეორეს მხრივ, ყოფილ თანამოაზრე და ამჟამად ოპონენტ „ქართულ ოცნებას“ არჩევანის წინაშე აყენებს - თუ მმართველი პარტია უსუფაშვილის ინიციატივას შეუერთდება, ამით თავადვე გაამყარებს „რესპუბლიკელების“, როგორც პროდასავლური პარტიების მთავარი მაკონსოლიდირებელი ძალის პოტენციურ სტატუსს, ხოლო თუ უარს იტყვის, ამით გარკვეულწილად ეჭვქვეშ დადგება „ოცნების“ გულწრფელობა პროდასავლური კურსის ერთგულებასთან დაკავშირებით.

მმართველი პარტიის ლიდერებმა თავის განცხადებებში უკვე მიანიშნეს, რომ უსუფაშვილის ინიციტივას არ შეუერთდებიან.

აღსანიშნავია, რომ არც ისე დიდი ხნის წინ კონსტიტუციაში იმავე ჩანაწერის გაკეთებას, რაზეც ახლა უსუფაშვილი საუბრობს, „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა და არც პირადად უსუფაშვილმა და არც მაშინდელმა მმართველმა გუნდმა ამას მხარი არ დაუჭირა.

რას ითხოვს ბურჯანაძე

ბურჯანაძის მიერ შემოთავაზებულ ტერმინს - „უბლოკო სტატუსი“ - საერთაშორისო სამართალი არ იცნობს. თუმცა, რეალურად ეს ე.წ. ნეიტრალიტეტს ნიშნავს. თუ რატომ არ აირჩია ბურჟანაძემ ტერმინი „ნეიტრალიტეტი“, ამას თავისი მიზეზები აქვს.

საქმე ისაა, რომ ქვეყნის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის უნდა არსებობდეს მთელი რიგი ფაქტორების ერთობლიობა, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. პირველ რიგში ის, რომ ნეიტრალიტეტი ცხადდება ფართომასშტაბიანი ომის პირობებში. ამასთან, საჭიროა, არსებობდეს მეზობელი ქვეყნების ინტერესი, რომ გარკვეული ტერიტორია არ იყოს ამ კონფლიქტში ჩართული და რაც მთავარია, ამ ქვეყანას უნდა გააჩნდეს ძლიერი თავდაცვითი საშუალება და ისეთი ეკონომიკური სისტემა, რაზეც დამოკიდებული იქნებიან გარშემო ქვეყნები, რათა მათ ინტერესშიც შედიოდეს, რომ ეს გარკვეული ტერიტორია ხელშეუხებელი იყოს.

მაგალითისთვის, მეორე მსოფლიო ომის დროს შვეიცარიაში არსებული საბანკო საცავები მისი სამეზობლოს ფინანსური ინტერესების დაცვას უზრუნველყოფდა. მესამე, ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის დღეს უკვე საერთაშორისო თანხმობაც არის საჭირო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე გაეროს ფუნქციაა.

მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განამვლობაში, რამდენიმე ქვეყანამ ნეიტრალიტეტის სტატუსის მოპოვება სცადა და დღეს რამდენიმეს ფორმალურად აქვს კიდეც, რეალურად ნეიტრალიტეტმა მხოლოდ შვეიცარიაში იმუშავა. ამას კი მთელი რიგი მიზეზები განაპირობებდა, რაზეც პოლიტიკური მეცნიერებების კვლევები არსებობს. მთავარი კი აქედან ის არის, რომ შვეიცარიის შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით არსებული ფაქტორებისა და გარე ინტერესების დამთხვევა მოხდა.

ცხადია, საქართველოს შემთხვევაში, ნეიტრალიტეტის სტატუსზე ლაპარაკი პრაქტიკულად შეუძლებელია სწორედ იმის გამო, რომ ეს მხოლოდ მოსახლეობის სურვილზე არ არის დამოკიდებული, ქვეყნის შიგნით არ არსებობს სათანადო პირობები და გარემო, ნეიტრალიტეტის შესაქმნელად საერთაშორისო მოთხოვნა რომ არსებობდეს.

ამიტომაც გასაგებია, რომ ბურჯანაძე ნეიტრალიტეტს ვერ მოითხოვდა. სამაგიეროდ, ე.წ. უბლოკო სტატუსის კონსტიტუციაში ჩაწერას არ სჭირდება საერთაშორისო აღიარება და ამიტომაც უფრო საშიშია, რადგან ამ ჩანაწერით საქართველოს აღარ ექნება იმის საშუალება, რომ ნატოს ან ევროკავშირის წევრი გახდეს, რაც ქვეყნის განვითარებისთვის ერთადერთი პერსპექტივაა, ცივილიზებული მსოფლიოს მოთხოვნების გათვალისწინებით.

სამაგიეროდ, ამ შემთხვევაში შესრულდება კრემლის მიზანი, რომ საქართველო დარჩეს მისი გავლენის ქვეშ და არ ჰქონდეს სხვა რაიმე პერსპექტივა. ამაზე განცხადებები ღიად თავად რუსეთის ლიდერების მხრიდან არაერთხელ გაკეთებულა და კეთდება.

ერთი გაკვეთილი ისტორიიდან

1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მე-3 პუნქტში არსებობს ჩანაწერი, რომ „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის აქტი კონსტიტუცია არ არის, საკონსტიტუციო სამართლის სისტემით, ქვეყნის სადამფუძნებლო ნებისმიერი სახის დოკუმენტს კონსტიტუციის ძალა აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნეიტრალიტეტის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციური ძალის იყო.

მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს ჩანაწერი რუსეთის მოთხოვნით გაკეთდა და სანაცვლოდ რუსეთი საქართველოს აღიარებდა. მაგრამ ფაქტია, რომ ამ დეკლარაციის მიღებიდან 3 წელში, რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა.

რუსეთი კი საქართველოსგან დღესაც იმავეს ითხოვს - არ გახდეს რომელიმე ბლოკის წევრი და გამორიცხული არაა, რომ ბურჯანაძის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, 1921 წლის მოვლენები განმეორდეს.

ვინ დაასწრებს, ანუ პარლამენტის თავმჯდომარის შეშფოთების მიზეზები

ბურჯანაძეს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისთვის პროცედურა უკვე დაწყებული აქვს და, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, დღეიდან პარლამენტის ბიურო ამ საკითხზე მუშაობას დაიწყებს.

მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივის უფლება აქვს პარლამენტართა ნახევარზე მეტს, ანუ 76 დეპუტატს და მოქალაქეთა მინიმუმ, 200000 კაციან ჯგუფს. თუმცა, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, პროცედურა უფრო გართულებულია. ინიციატორმა უნდა მიმართოს პარლამენტს, რათა ხელმოწერების შეგროვების უფლება მისცეს და დაამტკიცოს საჭირო ბლანკი და განსაზღვროს ხელმოწერის შეგროვებისთვის საჭირო ვადა.

ამ ვადის გასვლის შემდეგ ხელმოწერები გადაეცემა პარლამენტს და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და აკეთებს დასკვნას, არის თუ არა ეს ჯგუფი უფლებამოსილი, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით მიმართოს პარლამენტს. დადებითი დასკვნის შემთხვევაში იწყება უკვე საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის პროცედურა, რაც ასევე რთული და გარკვეულწილად დროში გაწელილი პროცესია.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის თანხმობაა საჭირო და ამასთან, ცვლილება ორ სესიაზე უნდა დამტკიცდეს (პარლამენტი წელიწადში ორ სესიას მართავს). უკვე არსებული რეალობით კი, არჩევნებამდე ამის ვერცერთი მოსმენით დამტკიცება ვერ მოხერხდება, იმის გამო, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე საკმარისი დრო არ არის დარჩენილი და მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ჰყავს.

დიდი ალბათობით, ამ საკითხის განხილვა უკვე ახალ პარლამენტს მოუწევს. შესაბამისად, ყველაფერი არჩევნების შედეგებზე და იმაზე იქნება დამოკიდებული, საკონსტიტუციო უმარვლესობის მოგროვებას ვინ შეძლებს. ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგების მიუხედავადაც კი ძნელია იმის თქმა, არჩვენები რა შედეგებით დასრულდება. თუმცა, იმის ალბათობა, რომ რომელიმე პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს, ძალიან მცირეა.

ამიტომაც არ არის გამორიცხული, ეს თემა წინასწარი გარიგების, თუ ფარული შეთანხმების საგანიც კი იყოს, მითუმეტეს უსუფაშვილის ძალიან მწავავე განცხადებას თუ გავითვალისწინებთ.

იმის გამო, რომ ის ბოლო პერიოდამდე მმართველი გუნდის ლიდერშიფს წარმოადგენდა, არ არის გამორიცხული უფრო მეტ და კონკრეტულ ინფორმაციას ფლობდეს სწორედ ასეთი შეთანხმებებისა თუ გარიგებების შესახებ. ფაქტია, რომ უსუფაშვილის ბოლო განცხადება საკმაოდ მწვავე და რადიკალურია.

„მინდა, განვაცხადო, რომ ასეთი თემებით ასე სპეკულირება, მათ შორის საქართველოს ფუნდმენტური სახელმწიფოებრივი ინტერესების თემებით, არის დაუშვებელი და მიუღებელი. მე, როგორც პარლამენტის წევრი და თავმჯდომარე, ვერ ვიქნები პასიური მაყურებლის როლში. ამიტომ გადავწყვიტე, მივმართო ჩემს კოლეგებს და პარლამენტში შევიტანოთ ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების ჩაწერის შესახებ - იმ ცვლილების, რომელიც სჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას, მომავალს და მის კეთილდღეობას.

„კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში, იქ, სადაც საუბარია, რა სურს ქართველს ხალხს, დაემატოს ფრაზა - დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში.ეს იქნება ადეკვატური პასუხი ყველა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, ვინც ამ საკითხს უყურებს ისე, როგორც ამ საინიციატივო ჯგუფის წევრები,“ - განაცხადა უსუფაშვილმა კვირის ბოლოს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

ის ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ერთი თვის წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერა, მოუწოდებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, მის ინიციატივასაც მხარი დაუჭირონ.

უსუფაშვილმა მის წარმოდგენილ წინადადებას ხელი ბრიფინგის დროს მოაწერა და განაცხადა, რომ ამ წინადადების ინიციატივად ქცევას კიდევ 75 ხმა სჭირდება.

დეკლარაცია, რომელიც უსუფაშვილმა ახსენა, პარლამენტმა ვარშავის ნატოს სამიტის წინ მიიღო, იმის დემონსტრირებისთვის, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ქვეყნისთვის ფუნდამენტურ საკითხებზე თანხმდება. დოკუმენტში საუბარია ქართველი ხალხის არჩევანზე, გახდეს ნატოს წევრი. ასევე ხაზგასმულია რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაცია და არსებულ ვითარებაში, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის აუცილებლობა.

ამ დეკლარაციას ხელი „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „თავისუფალმა დემოკრატებმა“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“, „ეროვნულმა ფორუმმა“, და „კონსერვატორებმა“ მოაწერეს. დოკუმენტზე საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერებიცაა.

ჩამოთვლილი პარტიებიდან, როგორც ჩანს, უსუფაშვილის ინიციატივას მხარს მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „კონსერვატორები“ არ დაუჭერენ. მნიშვნელოვანი კი ის არის, ეს პარტიები ბურჯანაძის ინიცაიტივის მხარდამჭერები იქნებიან თუ არა, რაზეც მათი მხრიდან კონკრეტული პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ეს განცხადება უსუფაშვილს საარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება.

ფაქტები

2008 წელს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარდა პლებისციტი და კითხვაზე "უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო)?" ამომრჩეველთა 77%-მა დადებითი პასუხი გასცა (პლებისციტში 1 355 328-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა).

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში პრორუსული პროპაგანდა გაძლიერდა და ხელისუფლება ამის საწინააღმდეგოდ არაფერს აკეთებს, საზოგადოების განწყობა დიდად არ შეცვლილა. NDI-ის საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, გამოკითხულთა 72%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. 64% კი, მხარს ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს. პრორუსულ კურსს ღიად მხარს გამოკითხულთა 6% უჭერს.