რუსთავის სამივე ცენტრალურ გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხდება როგორც გზების, მის გარშემო ინფრასტრუქტურის, ასევე, კოსტავას გამზირის შემთხვევაში, შენობების ფასადების მოწესრიგებაც. ქალაქის ისტორიაში პირველად, ერთი გამზირის ნაწილის (კოსტავას გამზირი – 19 შენობა) რეაბილიტაციისთვის 4 მილიონ 449 998 ლარი იხარჯება. მიმდინარეობს შენობების ფასადების სრული აღდგენა-რეაბილიტაცია. ასევე, მათ წინ არსებული გზის შუა გამყოფი ზოლების, გზაჯვარედინების, ფეხით მოსიარულეთა ბილიკებისა და პარკირების ადგილის ქვაფენილით მოპირკეთება. იგეგმება გაზონების მოწყობა და 100-მდე დეკორატიული ხის დარგვა.

პროექტი, აგრეთვე, ითვალისწინებს მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად განახლებასა და ახალი გარე განათების სისტემის მოწყობას.

აღნიშნული პროექტის გარდა, წელს ქალაქში 50-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა: მესხიშვილის ქუჩის ასფალტ/ბეტონის საფარის რეაბილიტაცია – 677 777 ლარის ღირებულებით; კოსტავას გამზირის მიმდებარე ხიდის რეაბილიტაცია – 276 288 ლარი; დიდების მოედნიდან ხიდამდე ტროტუარებისა და დეკორატიული ღობის მოწყობის სამუშაოები – 208 623 ლარი; მეგობრობის გამზირზე გაზონებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები – 240 951 ლარი; მეგობრობის გამზ. #15-19-23 კორპუსების ფასადების შეღებვის სამუშაოები – 548 771 ლარი; 100 ეზოს რეაბილიტაცია/კეთილმოწყობა – 1 მილიონ 500 000 ლარი; შარტავას გამზირის ქალაქის შემოსასვლელიდან სასტუმრომდე შუაგამყოფი ზოლის რეაბილიტაცია – 234 120 ლარი; გაგარინის ქუჩის ნაწილობრივი ასფალტ/ბეტონის საფარის რეაბილიტაცია – 1 მილიონ 591 786 ლარი.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია რუსთავში მიმდინარე პროექტებისა. სამუშაოების გამო ჩაკეტილია კოსტავას გამზირის ნაწილი. მიმდინარეობს შიდა ეზოების კეთილმოწყობა და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია.

რუსთავში სახელისუფლებო პარტიის კონკურენტები ვეღარ საუბრობენ ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობაზე, თუმცა აქცენტს სხვა საკითხზე აკეთებენ.

„ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი თეიმურაზ მენაფირე აცხადებს, რომ პროექტები წელს ამგვარად ამომრჩევლის გულის მოსაგებად დაიგეგმა.

„მიუხედავად ამისა, შემიძლია, ვთქვა, რომ მათ საწინააღმდეგო შედეგი მიიღეს. მე ვცხოვრობ კოსტავას გამზირზე და შემიძლია, გითხრათ, ახლა, დღის პირველ ნახევარში რომ გახვიდეთ, იქ არავინ მუშაობს. საქმე ისაა, რომ კომპანია არაკეთილსინდისიერი გადამხდელი აღმოჩნდა და შესაბამისად, მუშებიც თითქმის აღარ მუშაობენ. ეს დროში გაწელილი სამუშაოები კი, ცხადია, ხმების მიღებაში ვერ დაეხმარებათ“, – ამბობს თეიმურაზ მენაფირე.

ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მსგავს კონტექსტში განიხილავს „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანიც.

„ეს არის საბიუჯეტო თანხების ამომრჩევლებზე გათვლილი განკარგვა. ადგილობრივი ხელისუფლება ამ შემთხვევაში დავალების შემსრულებელია. აქვე გეტყვით, რომ ბიუჯეტის დაგეგმვისას ეს მომენტი თავიდანვე იყო გათვალისწინებული. მაგალითად, ავიღოთ კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია. 2011 წელს უკვე გვქონდა აღნიშნული რეაბილიტაციის პროექტი და მათ შეეძლოთ, გაცილებით ადრე დაეწყოთ ეს საქმე. ახლა, ცხადია, ამ პროექტმა ამათ ხელში განიცადა სახეცვლილება.

მიუხედავად ასეთი არათანაბარი საარჩევნო კამპანიისა, ვიტყვი, რომ ხვალ რუსთავში ეიფელის კოშკიც რომ ჩადგან, ამით არჩევნებს მაინც ვერ მოიგებენ“, – აცხადებს მამუკა ჩიქოვანი.

თემაზე კომენტარს რუსთავის მერი, დავით ჯიქია აკეთებს. ამბობს, რომ წელს რუსთავში ნამდვილად „ბევრი“ ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, თუმცა საქმე გვაქვს არა „ხმების მოპოვებასთან“, არამედ მარტივ მათემატიკასთან.

„2015 წელს რუსთავში დაახლოებით 10-11 მილიონის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, წელს ნამდვილად მეტი – 18 მილიონის ღირებულების პროექტებია დაწყებული. აღნიშნული განაპირობა იმან, რომ ჩვენი ბიუჯეტი გაიზარდა. გასულ წელს 43-44 მილიონი იყო, წელს კი 52 მილიონი გახდა. შესაბამისად, შევძელით, მეტი თანხა მიგვემართა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. ასე რომ, არჩევნები აქ არაფერ შუაშია“, – ამბობს რუსთავის მერი.

ქალაქში, რამდენიმე ადგილას ერთდროულად მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები რუსთაველებს აოცებთ. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივ ფორუმებზეც წერენ. მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას მუშაობას უწონებს, ნაწილს კი მის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება და წერს: „ნეტა, არჩევნები ყოველ წელს იყოს...“