ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
როგორც ნოზაძემ ფაქტ-მეტრთან საუბარში აღნიშნა, მისი ინფორმაციით, იოსებ მაკრახიძეს პროკურატურა სხვადასხვა საქმეზე თანხების მითვისებას ედავებოდა. მაკრახიძის დანაშაულებრივი ქმედებები დადასტურებულია სასამართლოს მიერ და ის ამნისტიითაა გათავისუფლებული.
იოსებ მაკრახიძე გორის მაჟორიტარობის კანდიდატად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმდინარე წლის 31 ივლისს წარადგინადა აღნიშნა, რომ გორელები მას კარგად იცნობენ.
ფაქტ-მეტრმა "ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარობის კანდიდატის ბიოგრაფიის დეტალების შესწავლისას, მისი სასამართლო დავების დამადასტურებელი ექსკლუზიური დოკუმენტებიმოიპოვა.
71 წლის იოსებ მაკრახიძე ამჟამად სამი სამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორია (შპს "იბოლია", შპს "მათა" და შპს "იმედი"). გარდა ამისა, ის რეგისტრირებულია ინდმეწარმედ და რამდენიმე კომპანიაში სხვადასხვა ოდენობის წილებსაც ფლობს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მაკრახიძის ერთ-ერთი შპს-ის მიერ ("იბოლია")სახელმწიფო შესყიდვებზე გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ თითქმის 90 მილიონი ლარი შეადგინა.
2011 წელს შპს "იბოლიამ" "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 50 ათასი ლარის ოდენობით შემოწირულობა გადაურიცხა. 2012 წლის 7 ივნისს კომპანიამ იმავე დანიშნულებით 25 ათასი ლარი გადარიცხა.მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შპს "იბოლიას" ხელმძღვანელს იოსებ მაკრახიძეს სხვადასხვა დროს გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების შედეგად, გორის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ხელშეკრულებები ჰქონდა გაფორმებული, რომელთა პირობები რამდენჯერმე დაარღვია. შპს "იბოლიას" საქმიანობის სფეროს ასფალტის წარმოება, გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სამშენებლო მასალებით ვაჭრობა წარმოადგენს. ხელშეკრულებების საფუძველზე მას გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სწორედ საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება ევალებოდა.
2016წლის 22 აპრილის სასამართლო განჩინებაში წერია, რომ შპს "იბოლიას" დირექტორმა მიღება-ჩაბარების აქტებში არასწორი მონაცემები შეიტანა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, სახელმწიფო თანხების მითვისება განიზრახა.
თარიღი | ეპიზოდები | შპს "იბოლიას" მიერ არასწორად შეფასებული სამუშაოებისღირებულება | შესრულებული სამუშაოების რეალური ღირებულება | შპს "იბოლიას" მიერ მოტყუებით დაუფლებული თანხა |
2012 წლის სექტემბერი | რუსთაველის, ლერმონტოვის, ქუთაისის ქუჩების გზების რეაბილიტაცია (3 მონაკვეთი) | 196 484, 99 ლარი | 193 875, 5 ლარი | 2 609, 49 ლარი |
2013 წლის ოქტომბერი ნოემბერი | კარალეთი-ქვეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია | 1 742 174, 98 ლარი | 1 669 208, 81 ლარი | 72 966, 17 ლარი |
2014 წლის მარტი | ცხინვალის გზატკეცილი ყაზბეგის, ჭანტურიას, სტურუა რუსთაველის ცაბაძის აღმაშენებლის ქუჩების სოფ. ინისხიდის რეაბილიტაცია (8 მონაკვეთი) | 179 069, 75 ლარი | 175 195, 25 ლარი | 3 874, 5 ლარი |
ჯამი: 79 450,16 ლარი |
იმავე დოკუმენტის მიხედვით, იოსებ მაკრახიძემ 2012 წლის სექტემბერში, 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერსა და 2014 წლის მარტში უკანონოდ მიითვისა 79 450 ლარი, რის გამოც სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის, მესამე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების მიხედვით ბრალი წარედგინა, რაც თაღლითობას, ანუ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას და მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევას გულისხმობს. სასამართლომ მაკრახიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.
2016წლის 22 ივლისს, საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე, მაკრახიძის უფლებების დამცველმა 2012 წლის 28 დეკემბერს და 2016 წლის 24 ივნისს გამოცემული ამნისტიის შესახებ კანონების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სამივე ეპიზოდში სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვა.
აღნიშნული კანონები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ ყველა დაზარალებული მხარე მათ გამოყენებას თანხმობით დაადასტურებს. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონი 180-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ დანაშაულზე ვრცელდება, რომელიც 2012 წლის 2 ოქტომბრამდეა ჩადენილი. 2016 წლის 24 ივნისის ამნისტიის შესახებ კანონი კი, ხანდაზმულ ბრალდებულებს შეეხოთ, რომლებიც 180-ე, 182-ე მუხლებით გასამართლდნენ, დანაშაული 2015 წლის 31 დეკემბრამდე ჩაიდინეს და იმ მომენტისთვის 70 წლის ან 70 წელს გადაცილებულები იყვნენ. 71 წლის იოსებ მაკრახიძის საქმეები აღნიშნულ კრიტერიუმებში ჯდებოდა და შესაბამისად, ბრალდებულ იოსებ მაკრახიძის, ასევე გორის მერის და გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანხმობის საფუძველზე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ეს თანხმობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელმოწერებით დაადასტურეს.
22ივლისს სასამართლომ დადგენილება მიიღო, რაც აღნიშნული ამნისტიის შესახებ კანონების გამოყენებით, იოსებ მაკრახიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას და გირაოს სახით გადახდილი 10 ათასი ლარის უკან დაბრუნებას გულისხმობს.
დასკვნაფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული მასალებიდნ ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს, იოსებ მაკრახიძეს პროკურატურამ 2012-2014 წლებში ჩადენილი დანაშაულისთვის თაღლითობის ბრალდება მართლაც წარუდგინა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. თუმცა, ამნისტიის შესახებ კანონების გამოყენებით მის მიმართ 2016 წლის ივლისში სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. ერთ კვირაში ის უკვე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მმართველი გუნდის სახელით გორში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მამუკა ნოზაძის განცხადება არის სიმართლე.