ფინანასთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, "ფინანსთა სამინისტროში, მინისტრისა და მისი მოადგილეების ხელფასები 40 პროცენტით შემცირდა".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფრომაციით, 2011 წლიდან 2016 წლის ექვსი თვის ჩათვლით მინისტრის მიერ აღებული შრომის ანაზღაურება თითქმის ყოველ წელს იცვლებოდა. აღნიშნულ სამინისტროში მინისტრზე ყველაზე დიდი ოდენობის შრომის ანაზღაურება 2012 წელს გაიცა და 125 641 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე აღნიშნული მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდება.
ცხრილი 1:ფინანსთა მინისტრზე და მის მოადგილეებზე გაცემული შრომის ანაზღაურება, 2011-2016 წლები
2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 (6თვე) | |
მინისტრი | 106 198 | 125 641 | 90 165 | 75 000 | 56 250 | 30 000 |
ხელფასი | 42 318 | 42 634 | 42 480 | 42 480 | 31 860 | 16 992 |
პრემია | 23 010 | 42 780 | 4 335 | 0 | 0 | |
დანამატი | 40 870 | 40 227 | 43 350 | 32 520 | 24 390 | 13 008 |
მინისტრის მოადგილე | 716 882 | 478 515 | 314 646 | 406 737 | 236 602 | 202 320 |
ხელფასი | 252 895 | 154 915 | 106 256 | 140 587 | 86 842 | 79 440 |
პრემია | 284 720 | 235 120 | 29 670 | 39 430 | 4 800 | 0 |
დანამატი | 179 267 | 88 480 | 178 720 | 226 720 | 144 960 | 122 880 |
სულ | 823 080 | 604 156 | 404 811 | 481 737 | 292 852 | 232 320 |
რაც შეეხება მინისტრის მოადგილებზე გაცემულ შრომის ანაზღაურებას, ამ მხრივ 2012-2013 წლები კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, 2014 წელს კი ის კვლავ გაიზარდა. მინისტრისგან განსხვავებით, მინისტრის მოადგილები პრემიის მუხლით გაცემულ შრომის ანაზღაურებას 2015 წლის ჩათვლით იღებდნენ.
საერთო ჯამში ფინანსთა სამინისტროში მინისტრზე და მინისტრის მოადგილეებზე გაცემული შრომის ანაზღაურება 2011 წლიდან 2013 წლის ჩათვლით მცირდებოდა. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 19%-ით გაიზარდა და 481 737 ლარი შეადგინა. 2015 წელს კი, კვლავ 39%-ით შემცირდა. შემცირების ტენდენცია შეინიშნება მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებითაც, რის მიხედვითაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მინისტრისა და მისი მოადგილეების შრომის ანაზღაურება 27%-ით შემცირდა. თუ 2015 წლის მაჩვენებელს 2012 წლისას შევადარებთ, ვნახავთ, რომ მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების შრომის ანაზღაურება 51%-ით (311 მლნ ლარით) შემცირდა.
დასკვნაფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლიდან დღემდე, ფინანსთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების შრომის ანაზღაურება თითქმის ყოველწლიურად იცვლებოდა, თუმცა, კლების ტენდენცია აშკარაა. 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 39%-ით, ხოლო 2012 წელთან შედარებით 51%-ით შემცირდა. ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება. იანვარ-ივნისის ჩათვლით, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების შრომის ანაზღაურება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით შემცირდა.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება არის სიმართლე.