ტელეკომპანია "აჭარის" ეთერში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლადო მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ 2012 წელთან შედარებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 57%-ით გაიზარდა.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
2012 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსულობებმა 145 მლნ ლარი შეადგინა, მათ შორის 124.8 მლნ ლარი საგადასახადო შემოსავლების სახით ჩაირიცხა. ბიუჯეტის გადასახდელები კი 146 მლნ ლარი იყო. 2016 წლის გეგმით,აჭარის ბიუჯეტის შემოსულობები 165.7 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 231.9 მლნ ლარით არის განსაზღვრული. შესაბამისად, აჭარის ბიუჯეტის გადასახდელები (ბიუჯეტის ხარჯებს დამატებული ვალის მომსახურება) 2012 წელთან შედარებით 59%-ით არის გაზრდილი, თუმცა შემოსულობების ზრდა მხოლოდ 14%-ს შეადგენს. გადასახდელებსა და შემოსულობებს შორის სხვაობის დაფარვა ბიუჯეტის ნაშთიდან მოხდება, საიდანაც 66 მლნ ლარი იქნება გამოყენებული.
ეკონომიკური აქტივობის შესაფასებლად, საინტერესო პარამეტრს საგადასახადო შემოსავლების დინამიკა წარმოადგენს. 2012 წელს საშემოსავლო გადასახადის სახით აჭარის ბიუჯეტში 124.8 მლნ ლარი ჩაირიცხა, ხოლო 2016 წლის ბიუჯეტის გეგმით 140 მლნ ლარის საგადასახადო შემოსავლების მიღებაა მოსალოდნელი. შესაბამისად, 2012 წელთან მიმართებაში საგადასახადო შემოსავლების ზრდა 12.2%-ს (15.2 მლნ ლარს) შეადგენს.
გრაფიკი 1:
საგადასახადო შემოსავლების დინამიკა 2012-2016 წლებში
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
საინტერესოა ასევე ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების სტრუქტურაც. აჭარის ბიუჯეტის გადასახდელები 2012 წელთან შედარებით 86 მლნ ლარით არის გაზრდილი. საიდანაც, მიმდინარე ხარჯები 2012 წელთან შედარებით 44 მილიონი ლარით (მთლიანი გადასახდელების 51%) იზრდება. აღნიშნული 44 მილიონიდან 32.7 მილიონი ბიუროკრატიული ხარჯების (საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, შრომის ანაზღაურება) ზრდაზე მოდის.
გრაფიკი 2:
აჭარის ბიუჯეტის გადასახდელები 2012 და 2016 წლებში
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ განცხადებაში ლადო მგალობლიშვილი ბიუჯეტის საპროგნოზო მონაცემებზე საუბრობს და არა ფაქტობრივ რიცხვებზე. მართალია, აჭარის ბიუჯეტის გეგმით გადასახდელების მოცულობა 231 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა ეს მხოლოდ დაგეგმილი რიცხვია, რაც შეეხება ფაქტობრივ შესრულებას, აღნიშნული მონაცემები 2016 წლის ბოლოს იქნება ცნობილი.
დასკვნა 2012წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსულობებმა 145 მლნ ლარი შეადგინა, მათ შორის 124.8 მლნ ლარი საგადასახადო შემოსავლების სახით იქნა ჩარიცხული. 2016 წლის გეგმით აჭარის ბიუჯეტის შემოსულობები 165.7 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 231.9 მლნ ლარით არის დაგეგმილი. შემოსულობებსა და გადასახდელებს შორის არსებული სხვაობა ნაშთის გამოყენებით დაიფარება. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეკონომიკური აქტივობის შესაფასებლად მნიშვნელოვანია საგადასახადო შემოსავლების დინამიკის შესწავლა. აჭარის საგადასახადო შემოსავლები 2016 წელს 140 მლნ ლარითაა განსაზღვრული, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 15.4 მლნ ლარით (12.2%-ით) აღემატება, რაც 4 წლიანი პერიოდისთვის მნიშვნელოვან ზრდას არ წარმოადგენს. ბიუჯეტის ხარჯების მნიშვნელოვანწილად ნაშთის გამოყენებით ზრდა არ ნიშნავს, რომ ეკონომიკური განვითარებიდან გამომდინარე აჭარის ბიუჯეტი გაიზარდა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლადო მგალობლიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.