მარნეულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 14

ივნისს მარნეულს საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ესტუმრა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის „მენაშენეების პროექტის“ ფარგლებში შესყიდული მშენებარე ბინები მოინახულა. ინფორმაციის მიხედვით, დევნილებისთვის 50 ბინის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება. საცხოვრებელი ფართი სამინისტრომ შპს „ნოვასგან“ გამოისყიდა.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტით დაინტერესდა.

ჩვენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელს თამარ კაციტაძეს დავუკავშირდით. მან მარნეულში მცხოვრები დევნილებისთვის ბინების გადაცემის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდა. მოწოდებული მონაცემების თანახმად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის #638 დადგენილებით

დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, სამინისტრომ კონკურსში გამარჯვებულ შ.პ.ს. „ნოვასთან“  ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ობიექტის მშენებლობის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმა. ობიექტების საერთო ფართი  2 830.8 კვადრატული მეტრია და სულ 50  ბინას მოიცავს, სადაც 1 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ღირებულება შეადგენს 445 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, ანუ ჯამური ღირებულება 1მლნ 259 ათას 706 აშშ დოლარია. უძრავი ქონების ჩაბარების ვადა 2016 წლის 1 ოქტომბერია.

ჩვენ ადგილზე ვიმყოფებოდით და მშენებლობის პროცესს გავეცანით. დევნილებისათვის გადასაცემი ბინები ორ საცხოვრებელ სახლშია განთავსებული, სახლები ერთმანეთის გვერდით მდებარეობს. პირველ საცხოვრებელ ფართში 36 ბინაა, ჩასმულია კარ-ფანჯარა, შეღებილია ექსტერიერი, დაგებულია ბეტონის იატაკები და გაყვანილია ელექტროგაყვანილობა. მეორე საცხოვრებელ სახლში კი არც სამღებრო სამუშაოები და არც კარ-ფანჯრების ჩასმა ჯერ არ დაწყებულა, ელექტრო და წყალგაყვანილობის გაყვანა მიმდინარეობს. მეორე საცხოვრებელ სახლში 24 ბინა მოეწყობა (იხ. ფოტოები). მარნეულში მცხოვრებმა დევნილებმა ჯერ არ იციან, მიიღებენ თუ არა ბინებს მშენებარე სახლებში. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება მხოლოდ კრიტერიუმებით მინიჭებული ქულების საფუძველზე ხორციელდება. თითოეული დევნილის განაცხადს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია შეისწავლის. თავშესაფრის გარეშე დარჩენილი დევნილების განსახლების

პროცედურა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა გაწერილი.

უწყების ინფორმაციით, სამინისტრო დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროცედურების შესაბამისად, მსურველებს აპლიკაციებს (ანკეტებს) ავსებინებს. აპლიკაციების შევსების შემდეგ, მათ სპეციალური კომისია განიხილავს და დევნილებს შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით,  ქულები ენიჭებათ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახები, რომლებიც ამ ეტაპისთვის საცხოვრებლით არ არიან დაკმაყოფილებულნი, სააპლიკაციო ფორმებს სამინისტროს მიერ გამოცხადებული ჩასახლების ობიექტების მიხედვით შეავსებენ. მინიჭებული ქულების თაობაზე ინფორმაცია დევნილებს წერილობით ეცნობებათ.

ჩვენ მარნეულში მიმდინარე მშენებლობის პროცესს  თვალს მივადევნებთ და აღნიშნულ თემაზე ინფორმაციას 1 ოქტომბერს, მშენებლობის დასრულების შემდეგაც მოგაწვდით. ასევე, გადავამოწმებთ, საცხოვრებელ ფართს რამდენი დევნილი და რა კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებს.

დასკვნა

ფაქტ-მეტრმა დაადგინა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ობიექტზე, დევნილებისთვის გადასაცემი ბინების მშენებლობა მიმდინარეობს. გადასაცემი 50 ბინის ღირებულება 1 მილიონ 259 ათას 706  აშშ დოლარს შეადგენს, ობიექტების ჩაბარების ვადა კი 1 ოქტომბერია.

ამრიგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაცია არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5665 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია