მოახლოებული არჩევნების ფონზე ეს საკითხი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან საერთაშორისო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ადგილობრივი, პირდაპირ მიუთითებენ პლურალური მედიაგარემოსა და დემოკრატიის ხარისხის მიმართულებით წარმოქმნილ საფრთხეებზე.

ეს ყველაფერი კი 1 წლის წინათ დაიწყო, როდესაც ტელეკომპანიის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის საკუთარი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მართალია, დავაში ჩართული მხარეები და ნეიტრალური დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ბრძოლა ტელეკომპანიაზე კონტროლისთვის მეტ-ნაკლები ინტენსივობით მანამდეც მიმდინარეობდა, მაგრამ ათვლის წერტილად შეგვიძლია, ხალვაშის მიერ სარჩელის შეტანის თარიღი მივიჩნიოთ – 2015 წლის 4 აგვისტო.

„ფაქტ-მეტრი“ ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს. ამჯერად კი განვითარებული მოვლენების შეჯამებას გთავაზობთ.

მოვლენების ქრონოლოგია

2015 წლის 4 აგვისტოს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა. ხალვაშის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ 2006 წლის დეკემბერში ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2“-ის წილი „ხელისუფლების მაღალი ეშელონის წარმომადგენლების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ზეწოლით დაათმობინეს“.

5 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელთან დაკავშირებით განჩინება გამოიტანა, რომლითაც „რუსთავი 2“-ის მფლობელთა წილებსა და ტელეკომპანიის კუთვნილ ქონებას ყადაღა სრულად დაედო.

პირველმა ინსტანციამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

საქმე სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა. სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

„რუსთავი 2“-მა საკასაციო სარჩელით უზენაეს სასამართლოს მიმართა, თუმცა დღემდე უცნობია, ცნობს თუ არა სასამართლო ამ საქმეს დასაშვებად. ეს შესაძლოა, ამ დღეებში გაირკვეს.

პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს მსჯელობა იმ ერთადერთი მუხლის კონსტიტუციურობაზე, რომელსაც საკუთარ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა. მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლეებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ ეს შესაძლო ზეწოლა სწორედ ამ სარჩელს უკავშირდება.

დარღვევები სასამართლოზე

„რუსთავი 2“-ის პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს ქმედებებში რამდენიმე ისეთი ფაქტი და დეტალი გამოიკვეთა, რომელიც სასამართლოს ტენდენციურობაზე მიუთითებს:

  • პირველ ინსტანციაში „რუსთავი 2“-ის საქმე განიხილა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ, რომელიც საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, „დ“ კატეგორიის დავებს იხილავს. კერძოდ, მას ეწერება უდავო წარმოების საქმეები, გამარტივებული წარმოების საქმეები, შრომითი სამართლებრივი, მუშაკის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებასთან, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული და ინტელექტუალური სამართლებრივი დავები.
  • საქმისადმი დიდი საჯარო ინტერესისა და მისი სირთულის მიუხედავად, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა საქმის სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის მიერ განხილვის შესახებ. მან, მიუხედავად განსახილველი დავის კატეგორიისა, დიდი დაძაბულობის ფონზე, შემჭიდროებულ ვადებში, მარტომ განიხილა დავა და პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო. ამასთანავე, განსაკუთრებით აღსანიშნავია მოსამართლე ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება, საიდანაც ირკვევა, რომ მან უმოკლეს ვადაში შეისწავლა ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს სამართლებრივი სივრცისთვის უპრეცედენტო, დროებითი მმართველის ინსტიტუტი შემოიღო.
  • 5 აგვისტოს საქალაქო სასამართლოს მიერ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელთან დაკავშირებით გამოტანილი განჩინებით სრულად დაყადაღდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელთა წილები და „რუსთავი 2“-ის ქონება. ტელეკომპანიის ფუნქციონირებას საფრთხე დაემუქრა და საჭირო გახდა დამატებითი თანხების მოზიდვა. „რუსთავი 2“-ის 51%-იანი წილის მფლობელმა „ტელეკომპანია საქართველომ“ თავისი წილის გასხვისება გადაწყვიტა. 29 სექტემბერს „ტელეკომპანია საქართველოს“ პარტნიორებსა და ბიზნესმენ დიმიტრი ჩიქოვანს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, დიმიტრი ჩიქოვანს „ტელეკომპანია საქართველოში“ 100%-იანი წილი უნდა შეეძინა, სანაცვლოდ კი, „რუსთავი 2“-ში რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. 30 სექტემბერს ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ, სასამართლოს „ტელეკომპანია საქართველოს“ წილების დაყადაღების მოთხოვნით მიმართა იმ მოტივით, რომ ადგილი ჰქონდა ფიქციურ გარიგებას, რომლის მიზანიც კომპანია „რუსთავი 2“-ის გაკოტრება და ფინანსური ვალდებულებებით ხელოვნურად დატვირთვა იყო. ინვესტიცია, რომელიც, ბიზნესმენ დიმიტრი ჩიქოვანსა და „ტელეკომპანია საქართველოს“ გარიგების თანახმად, უნდა განხორციელებულიყო, მხოლოდ ერთი მხარის – შემძენის ვალდებულებას ითვალისწინებდა და მომავალში დიმიტრი ჩიქოვანის მიერ ქიბარ ხალვაშისთვის რაიმე სახის მოთხოვნას ვერ წარმოშობდა. ამის მიუხედავად, ხალვაშის ადვოკატის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. „ტელეკომპანია საქართველოს“ პარტნიორების წილებზე ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის დაწყება, სასამართლოს განჩინებით, უკვე სასამართლოში მიმართვიდან დაახლოებით სამ საათში (17:39 სთ-ზე), უმოკლეს დროში გახდა შესაძლებელი.
  • მას შემდეგ, რაც საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა, ცნობილი გახდა, რომ საქმის განმხილველი კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლე სისხლის სამართლის პალატას წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლოს ამ დრომდე არ განუმარტავს, რატომ აღმოჩნდა განსაკუთრებული სირთულის კატეგორიის საქმის განმხილველ კოლეგიაში სისხლის სპეციალიზაციის მქონე მოსამართლე.
  • სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მხარეებს ფოსტით გაუგზავნა, მაშინ, როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე პრიმა მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა სასამართლოში გამოცხადდეს და გადაწყვეტილების ასლი ჩაიბაროს. სააპელაციო სასამართლოს მოცემული ქმედება აჩენს ეჭვს, რომ მხარეებისთვის გადაწყვეტილების ფოსტით გაგზავნა გასაჩივრების ვადების შემცირებას ემსახურებოდა.

ლოგიკური ეჭვები და შეფასებები

ამ ფაქტებზე დაყრდნობით იურისტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეში მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში იკვეთება არაერთი დარღვევა, დაუსაბუთებელი ქმედებები, სამთავრობო უწყებებისა და სასამართლოს კოორდინებული ქმედება, რომელიც ხელს უშლის ტელეკომპანიის საქმიანობას და პირდაპირ ეხება ტელეკომპანიის სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

„რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესს ხელისუფლების მიერ მასმედიაზე ზეწოლად და ოპოზიციური ტელეარხის მისაკუთრების მცდელობად მიიჩნევს.

საქართველოს პრეზიდენტი „რუსთავი 2“-ის საქმის გარშემო კითხვების არსებობას ადასტურებს. პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ამასთან დაკავშირებით 19 ივლისს საგანგებო განცხადება გააკეთა: „პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომ მოხსნის ყველა კითხვის ნიშანს, რომელიც არსებობს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით“.

13 ივლისს კი, ექვსმა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, საქართველოს ატლანტიკური საბჭო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) ტელეკომპანიის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს ტელეკომპანიის საკასაციო სარჩელის წარმოებაში მიღებისკენ მოუწოდა.

„სამოქალაქო სექტორი ვაკვირდებით მიმდინარე სასამართლო პროცესებს. ამ პერიოდის განმავლობაში გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრების ვადის შემცირებისა და პირველი ინსტანციის მხრიდან მიღებული დაუსაბუთებელი განჩინებების შესახებ.

ამ და განსაკუთრებით პირველ ინსტანციაში, საქმის განხილვისას დაფიქსირებული სხვა გარემოებების ფონზე, განმტკიცდა ეჭვი სასამართლოს საქმიანობაზე შესაძლო პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის გარშემო მოვლენათა ისეთი განვითარება, რომელმაც შესაძლოა, შედეგად მოიტანოს მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, დააზიანებს ქვეყანაში პლურალისტულ მედიაგარემოსა და დემოკრატიის ხარისხს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„რუსთავი 2“-ის თემა საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც მოხვდა. უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ 2015 წლის 5 აგვისტოს ტელეკომპანიის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით სასამართლომ შეზღუდა საკუთრების უფლება და „რუსთავი 2“-ის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაარღვია.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე საუბრობენ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებიც. საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები პოლიტიკურ კონტექსტზე მიუთითებენ. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად „ფრიდომ ჰაუზი“, ხელისუფლებას კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდებენ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ „რუსთავი 2“-ის სასამართლო დავის პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლოში იმ ერთადერთი მუხლის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც საკუთარ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა კი, რამდენიმე დღის წინ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობას აქვს ადგილი.

„ფაქტ-მეტრი“ ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს აგრძელებს.

თეგები: