საუკუნეებია, რაც რუსეთს (იქნებოდა ეს მეფის, ბოლშევიკების, ე.წ. დემოკრატების თუ დღეს პუტინისა და ძალოვნების რუსეთი) აგრესიაზე დამყარებული სახელმწიფო პოლიტიკა არ შეუცვლია – ეს პოლიტიკა საკუთარი გეოპოლიტიკური სივრცის დასავლეთის (ევროპა, ევროკავშირი, აშშ, ნატო) მიერ „მიტაცებისგან“ „დაცვაში“ მდგომარეობს (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადება მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე). ამ სივრცის „დაცვას“ რუსეთი სამხედრო ძალის გამოყენებით ახდენს, რაც რუსეთის აგრესიულ ომებსა და სხვადასხვა ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში გამოიხატება.
2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, კერძოდ, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მორიგი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა. დღეს ეს რეგიონები ოკუპირებულია და მოსკოვი მათ შეერთებას, ანუ ანექსიასაც გეგმავს.
2009 წელს ე.წ. ტალიავინის კომისიამ თავის ანგარიშში (საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის ანგარიში), სადაც ნათლადაა აღწერილი რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია, ეთნიკური წმენდა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ყურადღება შემდეგ მნიშვნელოვან საკითხზეც გაამახვილა: „კონფლიქტი საქართველოში არის საფრთხე მშვიდობისთვის არა მარტო კავკასიისთვის, არამედ დესტაბილიზაციის გამომწვევია რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. მას არა მხოლოდ ლოკალური ან თუნდაც რეგიონული რელევანტურობა აქვს, არამედ პირდაპირ კავშირშია ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურასთან“ (ტალიავინის ანგარიში).
ეს სწორი ანალიზი იყო და ერთგვარი პროგნოზიც აღმოჩნდა. ანგარიშმა საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. თავის დროზე დასავლეთის მხრიდან არასაკმარისი რეაქციის გამო, რუსეთმა საკმარისი ფასი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის არ გადაიხადა. 2014 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო და ყირიმის ანექსია განახორციელა. სამხედრო აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავაც გრძელდება.
უკანასკნელ წლებში საბჭოთა კავშირის დაშლითა და ე.წ. ცივი ომის დამთავრებით გამოწვეული რუსეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივის ილუზიები თითქმის გაიფანტა. არავინ კამათობს, რომ დღეს მსოფლიო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ყველაზე დიდ საფრთხეს, საერთაშორისო ტერორიზმთან ერთად, რუსეთი წარმოადგენს. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ, რუსეთი არა მარტო არღვევს წესებსა და დადგენილ ნორმებს სხვადასხვა სფეროში, არამედ ის მთლიანად ცდილობს, მოარღვიოს საერთაშორისო წესრიგი, დაამსხვრიოს ის მექანიზმები, რამაც სახელმწიფოების ანგარიშვალდებულება უნდა უზრუნველყოს“ (ჟურნალი „ეკონომისტი“, 30 ივნისი, სტატია: „რუსეთის ბინძური ხრიკები“). ამასთანავე, რუსეთში მოქმედი ავტოკრატიული რეჟიმი ახერხებს, ჩაახშოს, მათ შორის ფიზიკურადაც, თავისუფალი აზრი და პოლიტიკური ოპოზიცია.
ასეთ გამოწვევას, ბუნებრივია, დემოკრატიული სამყაროს ადეკვატური რეაგირება სჭირდება. მეტ-ნაკლებად რელევანტური ნაბიჯები უკვე იდგმება – რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს ევროკავშირის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები. ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი და მისი ინდივიდუალური წევრები ბოლო წლებია, სულ უფრო და უფრო სწორ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს იღებენ, რათა რუსეთის ექსპანსიონიზმი შეაჩერონ და აიძულონ, რომ საერთაშორისო სამართლისა და უსაფრთხოების სისტემას დაუბრუნდეს.
საქართველომაც შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა სწორედ იმ რეგიონის ნაწილია, რომელსაც რუსეთი თავის გეოპოლიტიკურ სივრცედ აღიქვამს და მის „დაცვას“ სხვადასხვა საშუალებებითა თუ ყალბი ნარატივებით ახდენს. თავის დროზე ეს ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეალების დაცვა და გავრცელება იყო, დღეს ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოების არდაშვებაა, ხვალ კი ეს შეიძლება გახდეს ერთიანი მართლმადიდებლური ფასეულობის დაცვა ან სხვა მსგავსი რამ.
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციით, პროვოკაციებითა და დაშინებით ვერ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული იდენტობის ოკუპირება და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ჩაშლა. უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის აგრესიის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი „მის გეოპოლიტიკურ სივრცეში“ დამოუკიდებელი სუბიექტების სუვერენიტეტის მაქსიმალური შეზღუდვაა და არა, მაგალითად, საკუთრივ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება. ნატო საერთოდაც რომ არ არსებობდეს, დღეს რუსეთი მაინც ოკუპანტი იქნებოდა. შესაბამისად, ასეთი რუსეთი ვერასოდეს მისცემს საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებს, ასეთ გარანტიებს საქართველო მხოლოდ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებით მიიღებს.
საქართველომ არ უნდა შეაჩეროს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება – სასამართლოსა და მართლმსაჯულების, მედიის დამოუკიდებლობა უნდა გაიზარდოს და არა პირიქით. საქართველოს ეკონომიკა უნდა გაიზარდოს სწრაფად და მან სამუშაო ადგილები სტაბილურად უნდა შექმნას. ხალხმა ეკონომიკური წინსვლის შედეგები რეალურად უნდა იგრძნოს, მათ შორის ეთნიკურმა უმცირესობებმა, რომელთა ინტეგრაცია ერთიან სივრცეში დინამიკურად უნდა ვითარდებოდეს. საქართველომ დრო აღარ უნდა დაკარგოს და სწორი ნაბიჯები გადადგას თანამედროვე შეიარაღების მქონე ეფექტური შეიარაღებული ძალების შესაქმნელად. საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიულად და მშვიდობიანად ცვლა, მათ შორის შესაძლოა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც, გამოწვევა კი არა, ცხოვრების წესი უნდა გახდეს.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების შეცვლა და საქართველოს დეოკუპაცია შესაძლებელი და რეალისტური მიზანია. დღეს 2016 წლის 8 აგვისტოა. 21-ე საუკუნე ძალიან დინამიკური საუკუნეა, მისგან გამომდინარე შესაძლებლობებითა თუ სხვადასხვა განვითარებებით. 21-ე საუკუნე, უფრო ადრე, ვიდრე გვიან, საქართველოს თავის შესაძლებლობებს მისცემს და მან ისინი ხელიდან არ უნდა გაუშვას.
ეს ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა დაღუპული გმირების, ჯარისკაცების, ოფიცრებისა თუ იძულებით გადაადგილებული ადამიანების წინაშე. სხვა ალტერნატივა საქართველოს მომავლისთვის არ არსებობს.