"ვფიქრობ, რუსეთს ამ არჩევნებთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვს და მე ამ საფრთხეს ვხედავ... რა მნიშვნელობა აქვს, მართლა გინდა რუსეთთან, თუ არაფერს აკეთებ და თვალს ხუჭავ და ისე მოხვდები რუსეთის გავლენის ქვეშ?" – ამ განცხადებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი "ფაქტ-მეტრთან" საუბრისას აკეთებს, თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ მას მმართველი გუნდის პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ აქვს.
ამასთანავე, ის არც არჩევნების შემდეგ სამთავრობო კოალიციაში მონაწილეობას გამორიცხავს.
ხიდაშელთან საუბარი გასული კვირის ყველაზე აქტუალური თემით – ჯაშუშობის პრობლემით დავიწყეთ:
თინა ხიდაშელი: ვთქვი და კიდევ ვიტყვი – მე ვიცოდი ამ ფაქტის შესახებ და ზუსტად ამის გამო გავათავისუფლე ორმოცაძე (ტრისტან წითელაშვილი გასაიდუმლოებულ ბაზაზე თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა. – რედ.) სამსახურიდან. ჩემი კომპეტენცია აქ მთავრდებოდა, საქმე გენინსპექციას ჰქონდა მოკვლეული და პროკურატურა უნდა დაინტერესებულიყო.
– პროკურატურა აცხადებს, რომ თავის დროზე თავდაცვის სამინისტროს ამ საქმეზე არანაირი მასალა არ გადაუცია.
– არ ვიცი. ეს ფაქტი ჩემი მინისტრობის დროს არ მომხდარა, ამიტომ ამაზე ვერაფერს გეტყვით. მე ვთქვი, რომ ეს არის ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია, ეს საქმე პროკურატურაში არ მოხვედრილიყო.
– თქვენი ინფორმაციით, ეს მასალა მხოლოდ ამ ტერიტორიაზე შესვლას ეხება, თუ სხვა სახის ფაქტებიც იყო?
– თავდაცვის უწყების ყველა იმ ტიპის დაწესებულება, რაზეც ახლა საჯარო სივრცეშია საუბარი, არის საიდუმლო ობიექტი. ამიტომ ახლა იმაზე სპეკულაციები, რომ იმ საზღვარზე იყო და ამ ქუჩის გადაღმა არ ყოფილა, სასაცილოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ. მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის. ყველაფერი, რაც ამ ორი კაცისგან საჯარო სივრცეში მოისმინეთ, ყველა დასახელება თუ ობიექტის მინიშნება, არის საიდუმლო ობიექტი.
– საიდუმლო ობიექტებზე შესვლის გარდა, რაზეც ახლა მიდის საუბარი, თუ არის ამ საქმეში სხვა ისეთი ფაქტები, ჯაშუშობის ელემენტებს რომ შეიცავდეს?
– მე არავის ჯაშუშობაზე არაფერი მითქვამს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ჩემი საქმე. მე არ ვიცი, რაში იყენებდა წითელაშვილი ამ ინფორმაციას. შეიძლება, ადამიანებზე ჩემი პირადი აზრი მქონდეს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს და ამ ტიპის ბრალდებებს არ ვაყენებ.
– ამ ფაქტისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას როგორ აფასებთ?
– ოთხი წლის განმავლობაში დამისახელებთ ერთ ისეთ შემთხვევას, რაზეც პროკურატურის მხრიდან ადეკვატური განცხადება გაკეთდა? მე როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებ, არ მჭირდება განსაკუთრებულ ფილოსოფიურ წიაღსვლებში წასვლა.
კორცხელის ინციდენტს შეგახსენებთ, რა პასუხი გაეცა იმას, რაც მოხდა? – არაფერი. ერთადერთი უწყება, რომელმაც რაღაც რეაგირება მოახდინა, თავდაცვის სამინისტრო იყო. ჩვენ ის ადამიანი იმ დღესვე გავათავისუფლეთ შეიარაღებული ძალებიდან.
ამის მერე როგორ მოიქცევა პროკურატურა, დანიშნავენ თუ არა ამ ადამიანს შსს-ში, როგორც რამდენჯერმე გააკეთეს თავდაცვის სამინისტროდან გაშვებულ ადამიანებთან დაკავშირებით, არ ვიცი. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ასეთი ტიპის საქმეებს ფილოსოფიურ წიაღსვლებში წასვლა და განცხადებების კეთება კი არა, მოქმედება სჭირდება. ჩვენი ხელისუფლების პრობლემა სწორედ ის იყო, რომ ვერ აკეთებდა იმას, რაც მყისიერ გადაწყვეტასა და ქმედებას საჭიროებდა.
– რა იყო ამის მიზეზი და საერთოდაც, ამ პრობლემაზე შიგნით თუ იყო მსჯელობა?
– ამ კონკრეტულ საქმეზე არავისთან მქონია საუბარი. ეს ჩემი მინისტრობის დროს არ მომხდარა. ზოგადად, საიდუმლო ობიექტებზე მსჯელობა გვქონია, მაგრამ არა ამ კონკრეტული ინციდენტიდან გამომდინარე.
– თავდაცვის უწყებიდან განთავისუფლებული პირების შსს-ში დანიშვნა ახსენეთ და ასეთი შემთხვევა ბევრი იყო? ან რით ხსნიდნენ ამას?
– ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ეს ბოლო ფაქტია, რაზეც ვსაუბრობთ. რაც შეეხება რაოდენობას, ამის სტატისტიკა არ მიწარმოებია. ჩემთვის ყველაზე მძიმე ეს ბოლო შემთხვევა იყო, იმიტომ, რომ ეს ადამიანი იყო ყველა ნორმის, მოთხოვნის, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის დამრღვევი და ის დაინიშნა. მას თავისთან ოჯახის 4 წევრი ჰყავდა დასაქმებული, საოცარი ნეპოტისტური სქემებით მოქმედებდა და კიდევ ბევრი რაღაც იყო, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი.
ჩვენ ის სამსახურიდან გავათავისუფლეთ და ამის მერე შსს-ში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. ცხადია, მქონდა შს მინისტრთან საუბარი, ჩავაყენე საქმის კურსში, მაგრამ მაინც დანიშნეს, ამიტომ ეს უკვე მას უნდა ჰკითხოთ.
– წითელაშვილის საქმეში გარეული ორმოცაძე "დელტას" თანამშრომელია. შარშან თქვენ „დელტას“ ხელმძღვანელთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვით, ეს ამ ფაქტსაც ხომ არ უკავშირდებოდა?
– არა, ამ ამბავთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. იმას იმდენი პრობლემა ჰქონდა და იმდენ ამბავშია გარეული, რომ ეს აღარც სჭირდება. იქ, საერთოდ, საოცრებები ხდებოდა.
– და რა ხდებოდა?
– ახლა, როგორც იცით, დირექტორი განთავისუფლებულია. იქ ყველა პრობლემა, ექსკლუზიურად, მის მიერ იყო შექმნილი. ამიტომ ახლა აღარანაირი საფუძველი არ მაქვს, ამაზე ვისაუბრო, ის იქ აღარ არის და თუ იქ აღარ არის, პროცესები კანონიერად გაგრძელდება. ამიტომ ახლა რატომ უნდა ვისაუბრო ამაზე, თუ იქ პრობლემას აღარ ველოდები?
– თავდაცვაში დღეს რა პრობლემებია?
– თავდაცვაში ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ დაწინაურების ობიექტური სისტემა თითქმის არ არსებობდა და ამას ბევრი სხვა პრობლემა უკავშირდებოდა. შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ეს პრობლემა მოხსნილია. ეს კრიტერიუმები ყველა დეტალის დონეზე გვაქვს შემუშავებული და გაწერილი. ეს, ცხადია, გარკვეულ წინააღმდეგობებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა, ეფექტიანად მუშაობს და იმედი მაქვს, რომ დარჩება, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ სამხედროებს ერთნაირი შესაძლებლობების განცდა გაუჩნდეთ.
მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაზეც რეფორმის გატარება მოგვიხდა, იყო ე.წ. "ვარსკვლავიანი შტატების" გაუქმება. ეს შტატი მოგონილია მათთვის, ვისაც არც სამხედრო წოდება აქვს და არც სამოქალაქო.
ეს ქართული ფენომენი არ არის და ბევრგან გამოიყენება, მაგრამ სხვაგან ძირითადად განსაკუთრებული სპეციალობების ხალხისთვის გამოიყენება და, როგორც წესი, ძალიან მცირე კატეგორიას ეხება.
როდესაც სამხედრო ზღვრულ ასაკს აღწევს, ის შეიარაღებული ძალებიდან უნდა დაითხოვო, მაგრამ არის იშვიათი პროფესიის წარმომადგენელი და შეიარაღებულ ძალებს სჭირდება, ცივილიზებულმა სამყარომ სწორედ მათთვის მოიგონა ე.წ. "ვარსკვლავიანი შტატი". ვარსკვლავიანი იმიტომ, რომ მისი სამხედრო წოდების შესაბამისი ხელფასი შეუნარჩუნდეს.
მისი არსიდან გამომდინარე, ასეთი ათასობით ვერ იქნება. ჩვენ კი, როდესაც მე მინისტრად დავინიშნე, 4 ათასზე მეტი "ვარსკვლავიანი შტატი" გვქონდა. მეტიც, ამ შტატებში ისეთი კატეგორიის ხალხი შედიოდა, რომლის პროფესია არანაირად არ არის განსაკუთრებული. მაგალითად, კანცელარიის თანამშრომელი როგორ შეიძლება, "ვარსკვლავიანი შტატი" იყოს?
ახლა ეს კატეგორია 1000-მდეა შემცირებული და გეგმა ისეა გაწერილი, რომ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან თავდაცვის სამინისტროში არც ერთი "ვარსკვლავიანი შტატი" აღარ იარსებებს. ის ადამიანები კი, ვისაც მართლა აქვს თავდაცვისთვის საჭირო განსაკუთრებული პროფესია, პროფესიულ რეზერვში ჩაირიცხებიან და საჭიროების შემთხვევაში დაინიშნებიან.
კიდევ ძალიან ბევრი სისტემური პრობლემაა, რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ერთი იმის თქმა კი შეიძლება, რომ დღეს ჩვენ ჯარში უფრო ცოტა ლეიტენანტი გვყავს, ვიდრე პოლკოვნიკი და ეს კატასტროფაა. ეს სწორედ იმის ბრალია, რომ ჯარიდან არავინ მიდის, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი, და ახალგაზრდებს არანაირი პერსპექტივა არ რჩებათ.
ერთ მარტივ მაგალითს გეტყვით – დღეს არც უშიშროების საბჭოში და არც უსაფრთხოების საბჭოში არც ერთი სამხედრო არ მუშაობს. ეს წარმოუდგენელი რაღაცაა და არსად არ ხდება.
– რატომ ხდება ასე – ხელისუფლებას სამხედროების ეშინია თუ მათ საჭიროებას ვერ ხედავს?
– სამოქალაქო სექტორი ვერ ხედავს სამხედროებს და ამის თქმა სრული პასუხისმგებლობით შემიძლია. იცით, ჩემთვის ყველაზე მძიმე დღე როდის იყო? 26 მაისის მიღებაზე სამხედრო პირები დაპატიჟებულები იყვნენ და წამოსვლას თითქმის არავინ აპირებდა. საბოლოოდ კი წამოვიდნენ, მაგრამ მთელი საღამოს განმავლობაში დავინახე რეალური პრობლემა – ყველა იქ მყოფი ერთმანეთთან კონტაქტობდა და ჩვეულებრივი სოციალური ცხოვრება ჩქეფდა, სამხედროები კი ცალკე იყვნენ და მხოლოდ ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ.
საჯარო ღონისძიებებისთვის ამ თვალით არასოდეს შემიხედავს. ეს ერთი კვირაა, მიღებებზე მომიწია ყოფნა და თვალში მომხვდა, რომ ამ მიღებაზე სამხედრო პირები არ იყვნენ. ეს ლაპარაკი იმას მოჰყვა, რომ უშიშროებისა და კრიზისების მართვის საბჭოში სამხედროები არ არიან და ამაზე პასუხი ის არის, რომ ასეთია ჩვენი სოციალური გარემო – ისინი არავის გაახსენდა და ამას შეცვლა სჭირდება.
– სამხედრო არა, მაგრამ უშიშროების კადრი დაინიშნა თავდაცვაში მინისტრად, რაც თქვენც გააკრიტიკეთ. ეს განპირობებული იყო მხოლოდ ნატო-ს სტანდარტების დარღვევით, თუ იმასაც ფიქრობთ, რომ სამინისტროში პოლიტიკა შეიცვლება?
– სულ იმას ვამბობდი, რომ, დაწყებული პროექტების გაგრძელების თვალსაზრისით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნებამდე ვინ იქნება მინისტრი. მთავარი იყო, რომ სწორი სისტემური გადაწყვეტილება მიღებულიყო, რათა რაიმე ეჭვები არ გაჩენილიყო.
ჩემი რეაქცია სწორედ ამან გამოიწვია. მე იზორიასთან პიროვნულად არანაირი პრობლემა არ მაქვს. ეს იყო სისტემური პრობლემა, რადგან სამინისტრო სამოქალაქო-პოლიტიკური დაწესებულებაა. ეს არის თავდაცვის, მშვიდობის სამინისტრო და არა ომის სამინისტრო.
– არჩევნებამდე დანიშვნა ახსენეთ და როგორ ფიქრობთ, ასეთი გადაწყვეტილება, რომ ჯარი სუს-ისთვის ჩაებარებინათ, იმიტომ ხომ არ მიიღეს, რომ არჩევნებზე ჯარი მმართველი გუნდის სასარგებლოდ გამოიყენონ?
– ვის რა უნდა, არ ვიცი და გამოჩნდება. შემიძლია, გითხრათ, რომ ეს არ გამოუვათ, რადგან, ჯერ ერთი, სწორედ ჩემი მინისტრობის დროს შევცვალეთ კანონი – ჯარში დახურული უბნები გავაუქმეთ და კოლექტიური ხმის მიცემა აღარ იქნება. რაც მთავარია, ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გარდატეხა რაც მოხდა, იყო ის, რომ ხალხმა გაიგო თავისუფლების ფასი და იმედი მაქვს, რომ ამ უფლებას აღარ დათმობს.
– დღეს კოალიციაში აღარ ხართ. რა იყო მმართველ გუნდში თქვენთვის ყველაზე მიუღებელი?
– ახლა ვერ ვხედავ ვერც ერთ ისეთ პრობლემას, რომლის გამოც არჩევნების შემდეგ დღევანდელ მმართველ გუნდთან კოალიციის შექმნა შეუძლებელი იქნება, თუკი, ცხადია, ამის საჭიროება დადგება. რატომ გახდა შეუძლებელი, ჩემი აზრით, გასული გაზაფხული ყველა ამ კითხვაზე პასუხს იძლევა.
"ქართულ ოცნებაში" პრივილეგია მოიპოვა სწორედ იმ ხალხმა, რომელიც იმ ყველაფრის წინააღმდეგი აღმოჩნდა, რისთვისაც "ქართული ოცნება" შეიქმნა, რისთვისაც ეს ოთხი წელი ერთად ვიყავით და რისთვისაც ერთად ჩავებით ბრძოლაში 2012 წელს. ეს ხალხი ახლა გვერდზეა გაწეული, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ეს დრამა ვითარდებოდა, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა მათგან განთავისუფლება.
– დღეს როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა სწორია? აგვისტოს ომის მორიგ წლისთავზე რუსეთთან პოლიტიკა შედეგიანია?
– ვფიქრობ, სწორი პოლიტიკა იყო და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ მაქვს. არა მგონია, რომ ამ 4 წლის განმავლობაში რამე ფუნდამენტურად შეგვეშალა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, ქვეყანაში ომი არ დაგვეშვა და ჩვენ ეს შევძელით.
ამ 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ვიდექით ახლოს სერიოზულ კონფრონტაციასთან და ვინმესთვის ნერვებს რომ ემტყუნა, ეს რუსეთის მიერ სერიოზულად იქნებოდა გამოყენებული. ამიტომ ვფიქრობ, ეს 4-წლიანი პოლიტიკა, ერთი მხრივ, სამშვიდობო პოლიტიკა და მეორე მხრივ, ნდობის აღდგენის პოლიტიკა აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში, შევასრულეთ.
ცხადია, გაცილებით თამამი ნაბიჯების გადადგმაც შეგვეძლო და ჩვენი ხელისულება მაინც აღმოჩნდა იმ რაღაც კლიშეების ქვეშ, რომელიც ქვეყანაშია დამკვიდრებული, მაგრამ მთავარი ის არის, რომ დიდი შეცდომა არ დაგვიშვია. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ რუსული პროპაგანდა ასე ძლიერია – მათ დაინახეს, რომ ჩვენი პროვოკაციაზე წამოგება ადვილი არ არის.
– არჩევნებისთვის რუსული საფრთხე როგორია?
– ვფიქრობ, რუსეთს ამ არჩევნებთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვს და მე ამ საფრთხეს ვხედავ. ამ საფრთხეს ძალიან სერიოზულად ვუყურებ და ჩემი აზრით, საარჩევნო კამპანია ამ მთავარი საკითხის გვერდის ავლით მიმდინარეობს.
დღეს საარჩევნო კამპანია ორად ორ საკითხზე უნდა მიმდინარეობდეს – რუსეთის აგრესია და აქედან მომდინარე საფრთხე, ანუ რა პასუხები აქვთ პოლიტიკურ ძალებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით და მეორე, რა პასუხი აქვთ პოლიტიკურ ძალებს სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით. დღეს ჩვენ სხვა დიდი პრობლემა, რომელიც ამ ქვეყანას დაამარცხებს, არ გვაქვს.
რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეებს, მე მაქვს რწმენა, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში რუსეთი დიდ ფულს ხარჯავს. ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ასეთი ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროსთვის უკვე ხელმიუწვდომელია, მაგრამ მაქვს რწმენა, რომ ეს ასეა და როდესაც ვამბობ, რომ საფრთხის ადეკვატურ განცდას ვერ ვხედავ, ერთ-ერთს ამასაც ვგულისხმობ, რომ ეს ის სფეროა, სადაც უსაფრთხოების სამსახურები უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართული და მობილიზებული.
სრულიად წარმოუდგენელი რამ ხდება რუსეთის „ნდომასთან“ მიმართებაში. საბჭოთა სიმბოლიკა მარტო ნამგალი და ურო ხომ არ არის? ყოველდღიურად სრულიად წარმოუდგენელი პროპაგანდა მიმდინარეობს და არ შეიძლება რეაგირება არ ხდებოდეს იმათი მხრიდან, ვისაც ამაზე პასუხისმგებლობა აკისრია.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით ერთი წამით არ მეპარება ეჭვი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მართლა გინდა რუსეთთან, თუ არაფერს აკეთებ და თვალს ხუჭავ და ისე მოხვდები რუსეთის გავლენის ქვეშ?
– მთავრობის შიგნით თუ იყო ხოლმე ამ პრობლემაზე მსჯელობა?
– კი, იყო. ჩვენ ძალიან ბევრს ვმსჯელობდით ამაზე. ცოტა ხნის წინ პრემიერმა, ძალიან გაბრაზებულმა, ძალიან ადეკვატურად, სრული კატეგორიულობით მოითხოვა, – ხვალიდან ქვეყანაში სტალინის არც ერთი ძეგლი არ იყოს, თორემ მერე სხვა ტიპის მოქმედებები იქნებაო.
– მერე, რატომ არ შესრულდა?
– დანარჩენი უკვე თქვენ განსაჯეთ. ეს იმის მაგალითად მოვყევი, რომ საუბრები იყო და ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლების პოლიტიკურ ორიენტაციაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ რამდენად ადეკვატურად და ეფექტიანად ხდება მოქმედებები, ეს არის მთავარი საკითხი.
– მედიის, სასამართლოს, პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკოსების წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლას არ მიიჩნევთ საფრთხედ და ამაზე მოქმედი ხელისუფლება არ არის პასუხისმგებელი?
– 43 წელია, ამაზე ჩემი აზრი მაქვს. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ არ შეიძლება, სახელმწიფო იქცეს სიბინძურის მანქანად. საქართველოში წლების განმავლობაში სახელმწიფოს ერთი ნაწილი იყო სიბინძურის მანქანა და სადაც ვერ იღებდნენ თუ იწერდნენ, ქმნიდნენ და დგამდნენ და ეს მეც გამოვცადე ჩემს თავზე. მაგრამ საქმე ისაა, რა გააკეთა ამ ხელისუფლებამ ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ და პასუხი არის ის, რომ ვერც ვერაფერი.
– ვერც ვერაფერი, თუ არც არაფერი?
– ამას ახლა ჩემთვის არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეს ქსელი ისევ არსებობს და ადამიანებს მანიაკალურ შანტაჟს უწყობენ. მით უმეტეს, რომ წინა ხელისუფლების დროს არანაირი გასაჯაროება არ მომხდარა. ამ ხელისუფლების დროს კი ამ მორალურმა ტერორმა ცინიზმის აპოგეას მიაღწია.
პრემიერისთვის პირადად მაქვს ნათქვამი, რომ მის პრემიერობას გაჰყვება ეს ამბავი, როგორც ყველაზე უფრო მძიმე ლაქა, როდესაც დასცინეს ქართულ სახელმწიფოს, დასცინეს ქვეყნის უსაფრთხოებას და დასცინეს პირადად მას, როგორც ამ ქვეყნის ლიდერს.
– სასამართლოსა და მედიის, კონკრეტულად "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ვის ინტერესს ხედავთ?
– "რუსთავი 2"-ის საქმესთან ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ მერე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით რაც ხდებოდა, დედა ნათესავი არ არისო, უკვე კულმინაცია იყო. დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლისთვის არავის დაურეკავს, მაგრამ, როგორც წლების განმავლობაში მიჩვეული იყო პრესს, გადაწყვიტა, ისე გაეგრძელებინა და "პატრონისთვის" ესიამოვნებინა.
ამიტომ აქ არ არის ასე მარტივად საქმე, რომ ივანიშვილმა მოინდომა, მერე მოსამართლეს დაურეკა და რაღაც გააკეთებინა. მანტია რომ გაცვია, ვინ როგორ უნდა შეგაშინოს?
იგივეს ვიტყვი პაპუაშვილზეც. მე მას კარგად ვიცნობ, მაგრამ მისი თავმჯდომარეობის დროს ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო გაქრა. მე მას ბოლომდე დავიცავ, მაგრამ უნდა დავრწმუნდე, რომ მართალს ამბობს და მის განცხადებებს ხუთჯერ გადავამოწმებ. თქვენ რომ თქვათ, ვინმე ზეწოლას ახორციელებს ჩემზეო, ეგრევე კედები და ჯინსის შარვალი უნდა ჩავიცვა და ქუჩაში გამოვიდე თქვენს დასაცავად. მაგრამ პაპუაშვილი რომ იტყვის, ეს განცდა არ მიჩნდება და მისი ნათქვამი ძალიან ბევრჯერ უნდა გადავამოწმო.
– თუკი არჩევნებამდე "რუსთავი 2"-ის საქმე საბოლოოდ გადაწყდება ხალვაშის სასარგებლოდ, თქვენ რა პოზიცია გექნებათ – "რუსთავი 2"-ის დასაცავადაც ჩაიცვამთ კედებსა და ჯინსებს?
– კრიტიკულ შემთხვევებში ყოველთვის შინაგანი რწმენით ვმოქმედებ, ამიტომ ვნახოთ. განსხვავებით ბევრი ადამიანისგან, ჩემი პოზიცია არასოდეს დამიმალავას, მიუხედავად იმისა, რა თანამდებობაზე ვიყავი. ჩემთვის ყველაზე ღირებული ის არის, რომ, თუკი ვინმე ჩემგან სიმართლეს ელოდება, ეს სიმართლე გაიგოს.
რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ამის საფრთხე, თუკი არჩევნებამდე გადაწყდა, ცხადია, ეს საარჩევნო პროცესისთვის ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება, განსაკუთრებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ არჩევნების შეფასების თვალსაზრისით.
–––––––––––––––