წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შემოსავლების გეგმა განსაზღვრული იყო 4.636 მლრდ ლარის ოდენობით, ფაქტობრივად ბიუჯეტში შემოვიდა 4.428 მლრდ ლარი. დანაკლისმა 208 მლნ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის 6 თვის შემოსავლების მოცულობა 366 მილიონი ლარით ნაკლებია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც მაშინ 4.794 მლრდ ლარს შეადგენდა".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
თეორიულად, ბიუჯეტის შესრულება გულისხმობს მისი ყოველი ცალკე აღებული მუხლის დაგეგმილი მოცულობით შესრულებას. თუმცა, განსაკუთრებული ყურადღების ობიექტს წარმოადგენს ბიუჯეტის შესრულება ისეთი გამსხვილებული მუხლების ნაწილში, როგორიცაა შემოსულობები და გადასახდელები, შემოსავლები და ხარჯები, ასევე ვალდებულებები და საგადასახადო შემოსავლები.
ბიუჯეტის შემოსულობები ბიუჯეტის შემოსავლებისგან იმით განსხვავდება, რომ შემოსავლები თავად არის შემოსულობების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, სესხით (ვალის აღებით) მოზიდულ თანხებსა და პრივატიზაციიდან მიღებულ შემოსავალთან ერთად. ამავდროულად, მსხვილი მუხლის ნაწილში ბიუჯეტის შესრულება არ ნიშნავს, რომ ამ მუხლის შემადგენელი ყველა ქვემუხლი შესრულდა და პირიქით. მაგალითად, შესაძლებელია ბიუჯეტი შესრულდეს შემოსავლების ნაწილში თუმცა, უფრო მსხვილი - შემოსულობების ნაწილი არ შესრულდეს მისი სხვა მდგენელების გეგმისგან ჩამორჩენის გამო. მოცემულ შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროსა და რომან გოცირიძეს შორის პოზიციების განსხვავებულობას სწორედ აღნიშნული საკითხი განაპირობებს.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფაქტობრივ უზუსტობებს არ შეიცავს და სიმართლეს შეესაბამება. რომან გოცირიძეც, თავის მხრივ, სწორად აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის კონკრეტული მუხლები არ შესრულდა, თუმცა მონაცემთა ანალიზის ნაწილში გარკვეული ფაქტობრივი უზუსტობები იკვეთება. ცხრილი 1 ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შემოსულობებისა და შემოსავლების შესრულების მონაცემებს 2015-2016 წლებისათვის.
ცხრილი 1:
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და შემოსავლები (6 თვე)
2015 | 2016 | სხვაობა | ||
შემოსულობები | გეგმა | 4,535.09 | 4,635.62 | 100.53 |
ფაქტი | 4,794.08 | 4,434.19 | -359.89 | |
შესრულება | 106% | 96% | ||
შემოსავლები | გეგმა | 3,691.18 | 3,935.17 | 243.99 |
ფაქტი | 3,827.37 | 3,956.21 | 128.84 | |
შესრულება | 104% | 101% |
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2016 წლის 6 თვის მონაცემების შესაბამისად, შემოსავლების ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა და ფაქტობრივმა შესრულებამ 3.96 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 128.8 მლნ ლარით აღემატება. ბიუჯეტი არ შესრულდა შემოსულობების ნაწილში და ფაქტობრივმა შესრულებამ 4.34 მლრდ ლარი შეადგინა, რაც გეგმიურ მაჩვენებელს 201.4-ით, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი თითქმის 360 მლნ ლარით ჩამოუვარდება. აქვე აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორის, საგადასახადო შემოსავლების ნაწილში და 3.74 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 163.5 ლარით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს.
შემოსულობების ნაწილში ბიუჯეტის შეუსრულებლობა ვალდებულებების ზრდის ფაქტობრივი მაჩვენებლის გეგმიურისაგან 230 მლნ ლარიანმა ჩამორჩენამ განაპირობა. აქვე აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების შემთხვევაში გეგმისგან ჩამორჩენა მხოლოდ 8.9 მლნ ლარს შეადგენს, ფაქტობრივად აღებული საშინაო ვალდებულებები კი გეგმიურს 54 მლნ ლარით აღემატება. შესაბამისად, შემოსულობების ნაწილში ბიუჯეტის შეუსრულებლობის მიზეზი უცხოური წყაროებიდან მისაღები, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების აუთვისებლობა გახდა.
აღნიშნულ საკითხზე ფინანსთა სამინისტრომ განცხადებაგაავრცელა და განმარტა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტმა ვალდებულებები იმ მოცულობით აიღო, რაც საჭირო იყო ბიუჯეტის მიზნებისათვის, რითაც ვალდებულებების ნაწილში ჩამორჩენა ასიგნებების ათვისების მხრივ არსებულ ხარვეზებს დაუკავშირა. თუმცა, საგარეო ვალდებულებების მიღებაზე უარის თქმის პარალელურად, ფაქტიურად აღებული საშინაო ვალდებულებები გეგმიური მაჩვენებლის 811%-ს შეადგენს, რაც გარკვეულ კითხვებს აჩენს.
2015წლის 6 თვეში გადასახდელების ნაწილში გეგმისგან ჩამორჩენა 238 მლნ ლარს შეადგენს. ჩამორჩენა ძირითადად განაპირობა გეგმით გათვალისწინებული თანხების აუთვისებლობამ შემდეგი მიმართულებებით: საერთო დანიშნულების მომსახურება (58.6 მლნ ლარი), განათლება (69.3 მლნ ლარი), ეკონომიკური საქმიანობა (54.2 მლნ ლარი) და საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (33.5 მლნ ლარი).
დასკვნა 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში 100.5%-ით შესრულდა. რომან გოცირიძის მიერ დასახელებული მაჩვენებლები არა შემოსავლების, არამედ შემოსულობების მაჩვენებლებს შეესაბამება, სადაც გეგმისგან ჩამორჩენა 201 მლნ ლარს შეადგენს. 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, შემოსულობებისფაქტიური მაჩვენებლის ჩამორჩენა კი 360 მლნ ლარია. თუმცა, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსულობების შეუსრულებლობის განმაპირობებელი ფაქტორი ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების აღებაზე უარის თქმა გახდა, რაც ხარჯვით ნაწილში არსებული ჩამორჩენის გათვალისწინებით სწორი გადაწყვეტილებაა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.