მოსახლეობამ რომ უნდა მიიღოს კომპენსაცია, ეს აზრი უცვლელია მთავრობისთვის. პრობლემას ქმნის ის, რომ აღნიშნული მიწები 2012 წლამდე პერიოდში ხელისუფლებამ სიმბოლურ ფასად მიჰყიდა კომპანიას".
ფაქტ-მეტრი ილია ელოშვილის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
აქციები სოფელ კირნათში ერთი თვის წინ დაიწყო. მოსახლეობა სოფელში "აჭარ ენერჯი 2007-ის" მიერ ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და იმ ნაკვეთების სანაცვლოდ, რომელზეც მშენებლობა მიმდინარეობს, კომპენსაციას ითხოვს.
თურქული კომპანია "აჭარ ენერჯი" საქართველოში 2007 წელს დარეგისტრირდა. იმავე წელს საქართველოსა და "აჭარ ენერჯი 2007"-ს შორის მემორანდუმიგაფორმდა, რომლის მიხედვითაც კომპანიას შვიდი ჰესი უნდა აეშენებინა და 168 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. 2011 წლის 1 ივლისს ძველი მემორანდუმი ახლით შეიცვალა, რომელიც სამი ჰესის მშენებლობას და ექსპლუატაციას ითვალისწინებდა: კირნათი ჰესი (34.6 მგვტ), ხელვაჩაური ჰესი 1 (36.4 მგვტ) და ხელვაჩაური ჰესი 2 (36.4 მგვტ).
ჰესების მშენებლობამ მოსახლეობის პროტესტი თავიდანვე გამოიწვია, რადგან მშენებლობა იმ ნაკვეთებს საჭიროებდა, რომლებსაც მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყენებდა. თუმცა, ამ ნაკვეთების დიდი ნაწილი ადგილობრივ მოსახლეობას რეგისტრირებული არ ჰქონდა. კონტრაქტორმა კომპანიამ კომპენსაცია მხოლოდ იმ მიწის სანაცვლოდ გასცა, რომელიც მოსახლეობის კერძო საკუთრება იყო. კომპანიამ ასევე პირობა დადო, რომ კომპენსაციას ნაკვეთების ფაქტობრივ მოსარგებლეებსაც გადაუხდიდა. ამისთვის მოსახლეობას მათ სარგებლობაში არსებული მიწების საკადასტრო ნახაზების მომზადება შესთავაზა. მოსახლეობის თხოვნით, კომისია შეიქმნა, მათივე ხარჯით ჩატარდა აზომვითი სამუშაოები და საკადასტრო ნახაზები მომზადდა. როდესაც ადგილობრივებმა ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია მოიპოვეს, კომპანიამ კომპენსაციის გადახდაზე უარი განაცხადა, რადგან ამ დროისთვის აღნიშნული მიწები, რომელიც სახელმწიფოს საკუთრება იყო, კომპანიას უკვე შესყიდული ჰქონდა. მას შემდეგ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობამ არაერთი აქცია გამართა.
ჩვენ საქართველოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან შესაბამისი ინფორმაცია გამოვითხოვეთ (იხ. ბმული 1; ბმული 2).აღმოჩნდა, რომ სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა" და შპს "აჭარ ენერჯი 2007"-ს შორის ნასყიდობის პირველი ხელშეკრულება 2012 წლის 16 მარტს გაფორმდა. ამ ხელშეკრულებით, კომპანიამ 291 019 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 853 057 ლარად შეისყიდა. მიწის ნორმატიულმა ფასმა (1 კვ.მ) დაახლოებით 2.93 ლარი შეადგინა. მეორე ნასყიდობის ხელშეკრულება 2012 წლის 8 ნოემბერს გაფორმდა. 16 316 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის სანაცვლოდ კომპანიამ 48 948 ლარი გადაიხადა. მიწის ნორმატიული ფასი (1 კვ.მ) ზუსტად 3 ლარია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტის მენეჯერმა, გია გვილავამ "აჭარა P.S."-თან ინტერვიუში კანონმდებლობის ხარვეზზე ისაუბრა.მისი აზრით, "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ქონების ჩამორთმევის შესახებ" კანონი მესაკუთრეზე ორიენტირებული არ არის. აღნიშნული კანონის უმთავრესი ხარვეზი ისაა, რომ კომპენსაციის გამოთვლის პროცედურა არ არის დაკონკრეტებული. გარდა ამისა, მისი აზრით, კომპენსაცია არა მხოლოდ მესაკუთრეზე, არამედ მოსარგებლეზეც უნდა გაიცეს.
სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტორი (მოსარგებლის უფლება) გახდა კირნათელების პროტესტის მიზეზი. მათ დაკარგეს ნაკვეთები, რომლებიც მათთვის შემოსავლის წყარო იყო და რომლითაც ისინი წლების განმავლობაში სარგებლობდნენ.
ასევე ცნობილია, რომ ჰესების მშენებლობისას სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საძოვრების ნაწილი დაიტბორება.ამ ეტაპზე დავის საგანს 210 ნაკვეთი, სულ 42 ჰა ფართობი წარმოადგენს.
ფაქტ-მეტრმა კომენტარი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს, ზვიად ხალვაშს სთხოვა. მისი თქმით, გაურკვევლობა იმან გამოიწვია, რომ სადავო ნაკვეთების 70% კომპანიამ იყიდა. მან სახელმწიფოს უკვე გადაუხადა თანხა იმ ნაკვეთებისთვის, რომლებისთვისაც კირნათელები კომპენსაციას ითხოვენ. ამიტომაც, სახელმწიფოსა და "აჭარ ენერჯი 2007"-ს შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. მან ასევე განმარტა, რომ ხელისუფლება ვერ აიძულებს კომპანიას, კომპენსაცია გადაიხადოს, მოსახლეობა კი მშენებლობის გაგრძელებას ხელს უშლის. "ამით პრობლემა ექმნება კომპანიასაც, რადგან მას ხელშეკრულებით სამშენებლო ვადები განსაზღვრული აქვს. გლეხების მოთხოვნების დაკმაყოფილება მთლიანად თურქული მხარის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული" - დასძინა მან.
ჩვენ კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ისინი კომენტარს არ აკეთებენ. კირნათელები კი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი აცხადებენ, რომ კომპესაციის მიღებამდე არ დაიშლებიან და თუ კომპანია კომპესაციას არ გადაიხდის, მაშინ მოსახლეობის სხვა მოთხოვნები უნდა შეასრულოს, როგორიცაა სამუშაოს წარმოების პროცესში დაზიანებული საავტომობილო გზის მონაკვეთის შეკეთება და კირნათი-მარადიდის თემში მცხოვრები ყველა ოჯახსთვის ყოველთვიურად 300 კილოვატ-საათი ენერგიის მუდმივად მიწოდება.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე "აჭარ ენერჯი 2007"-თან მოლაპარაკება მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.
დასკვნა "
აჭარ ენერჯი 2007"-სა და მოსახლეობას შორის კონფლიქტი კომპანიის მიერ ჰესების მშენებლობის დაწყებასთან ერთად გაჩნდა და დღემდე გრძელდება. სადავო მიწების ოფიციალური მფლობელი კომპანიაა, რომელმაც 2012 წელს აღნიშნული მიწები სახელმწიფოსგან შეისყიდა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ამ მიწებით წლების განმავლობაში მოსახლეობა სარგებლობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიწების სანაცვლოდ კომპენსაციის მიღება სოფლის მაცხოვრებლების ერთადერთი მოთხოვნა არ არის. ისინი მიკროკლიმატის გაუარესებასაც უჩივიან და კომპანიისგან მშენებლობის პროცესში შექმნილი დისკომფორტის აღმოფხვრას მოითხოვენ.
დავა კომპანიასა და მოსახლოებას შორის წლების განმავლობაში გრძელდება. ამ ეტაპზე გაურკვეველია, შეძლებს თუ არა სახელმწიფო უცხოელ ინვესტორთან შეთანხმების მიღწევას და კომპენსაციის გაცემაზე მის დათანხმებას. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თქმით, პრობლემა იმან გამოიწვია, რომ სადავო მიწები ოფიციალურად კომპანიის საკუთრებაა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ნასყიდობის პირველი ხელშეკრულება კომპანიას და "ქონების მართვის სააგენტოს" შორის 2012 წლის მარტში (წინა ხელისუფლების დროს), მეორე კი იმავე წლის 8 ნოემბერს, უკვე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაფორმდა.
ჩვენ საკითხის კვლევას გავაგრძელებთ და პროცესების მსვლელობას თვალს მივადევნებთ. ამ ეტაპზე კი, იმის გათვალისწინებთ, რომ კომპანიის მიერ მიწების შესყიდვის პროცესი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და ახალი მთავრობის დროს გაგრძელდა, ილია ელოშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.