ორგანიზაციამ ყურადღება ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე გაამახვილა და საკითხის შესწავლის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა.
ამომრჩეველთა მოსყიდვის შესაძლო ნიშნებზე ყურადღება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც" გაამახვილა. "ვფიქრობთ, ამგვარი ინფორმაციის მიწოდება გავლენას ახდენს ამომრჩევლის ნებაზე და მას უყალიბებს მცდარ მოლოდინებს წინასაარჩევნოდ, რაც ხელს უშლის წინასაარჩევნო პროცესის თანაბარ და კონკურენტიან გარემოში წარმართვას" - ნათქვამია "საიას" მიერ სახელმწიფო აუდიტისთვის და საოლქო კომისიისთვის მიწერილ წერილში. არასამთავრობო ორგანიზაციათა მოსაზრებებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") პეტრე ზამბახიძემ უპასუხა. "დაპირება, რომელიც განხორციელდება წინასაარჩევნო პერიოდში, არ ითვლება კანონის დარღვევად, თუ გათვლილია სამომავლო ურთიერთობებზე, სამომავლო განაწილებაზე, სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაზე, ან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე" - განაცხადაზამბახიძემ.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხის შესწავლას შეეცადა.
ამომრჩეველთა მოსყიდვას სამი დამოუკიდებელი საკანონმდებლო აქტი არეგულირებს. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის (252-ე მუხლის პირველი პუნქტი) თანახმად, პარტიას კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქის ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, მატერიალური ან არამატერიალურ ფასეულობათა ან მომსახურების მიწოდებით ან დაპირებით დაინტერესება ეკრძალება. თუმცა, ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს გამონაკლისს, კერძოდ, "დაპირებასთან დაკავშირებული აკრძალვა არ შეეხება პოლიტიკურ და საარჩევნო დაპირებებს, რომლებიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას". ამავე კანონის 342-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღნიშნული ქმედება, თუ ქონების ღირებულება 100 ლარს არ აღემატება, გამოიწვევს ფულად ჯარიმას. ხოლო, თუ ქონების ღირებულება 100 ლარს აღემატება, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.
საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი ზემოაღნიშნულ ქმედებას უშუალოდ საარჩევნო კამპანიის პერიოდში კრძალავს. კერძოდ, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა) აკრძალულია. ასეთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, რეგისტრაცია უუქმდება. აქვე აღსანიშნავია, რომ განსხვავებით წინა ორი კანონისგან, საარჩევნო კოდექსი დაპირებასთან დაკავშირებული აკრძალვიდან გამონაკლის შემთხვევას (თუ დაპირება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას უკავშირდება) არ იცნობს.
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის შესახებ ეჭვებს ის აჩენს, რომ პროექტის განსახორციელებლად რესურსების წყარო მითითებული არ არის. "ხელშეკრულებაში ასახული ინფორმაცია არის წინასაარჩევნო აგიტაციის მატარებელი, რადგან მასში საუბარია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და მის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე ამომრჩევლისთვის, მაგრამ ხელშეკრულებაში არსად გვხვდება მინიშნება იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებებით გეგმავს პოლიტიკური პარტია საჯაროდ გაცხადებული დაპირების განხორციელებას და წარმოადგენს თუ არა ის საბიუჯეტო სახსრების სამომავლო გადანაწილებას. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალა შეიძლება შეფასდეს როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა" - ნათქვამია "საიას" წერილში. "ნაციონალური მოძრაობის" წინასწარი გათვლებით, პროგრამის განხორციელება 4 წლის განმავლობაში 120 მლნ ლარი დაჯდება. პროგრამით განსაზღვრულია 40 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რაც ჯამში 28 ათას ბინას გულისხმობს. პროექტი 4 წელზეა გათვლილი. როგორც ენმ-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული, პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, აღნიშნული პროექტის დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტის სწორად გადანაწილებითა და პროექტში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართვით გეგმავს.როგორც ფაქტ-მეტრთან საუბრისას "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა განაცხადა, უშუალოდ ხელშეკრულებების დადების დროს, პარტიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ პროექტის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდებოდა. რაც შეეხება ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს, მათში პროექტის საბიუჯეტო სახსრებით განხორციელების შესახებ მითითებული არ არის.
ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ბენეფიციარებს მეჯინისწყლის კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენენ. კერძოდ, ხელშეკრულებაში მითითებულია იმ მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდები, რომელ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებთანაც იდება ხელშეკრულება. საჯარო რეესტრის თანახმად, მოცემული მიწის ნაკვეთები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (ს/კ 05.35.28.223; 05.35.28.227; 05.35.28.151) და სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" (ს/კ 05.35.26.244) საკუთრებას წარმოადგენს. ხოლო, ფიზიკური პირის საკუთრებაში მხოლოდ ერთადერთი მიწის ნაკვეთია (ს/კ 05.32.09.524). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეთათვის ხელშეკრულებების გაფორმებისას პარტიას წინასწარ არ ჰქონდა შედგენილი იმ პირთა სია, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ, აღნიშნული ინფორმაცია ფაქტ-მეტრს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პეტრე ზამბახიძემ დაუდასტურა. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების დროს, ხელმომწერი პირების იდენტიფიცირება არ მომხდარა. თუმცა, ამ მხრივ შეცდომის შესაძლებლობას ზამბახიძე ფაქტობრივად გამორიცხავს. მისი განცხადებით, სრულყოფილი აღწერა არჩევნებიდან პირველ ორ თვეში ჩატარდება და ის ადამიანები, რომლებმაც ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, სინამდვილეში კი დასახლებაში არ ცხოვრობენ, საბოლოო სიებში გათვალისწინებულნი არ იქნებიან.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების თანახმად, პარტია პროექტის განხორციელებას "გამარჯვებისთანავე", 2016 წლის 9 ოქტომბრიდან შეუდგება. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რატომ არის ხელშეკრულებაში 9 ოქტომბერი მითითებული. მართალია, არჩევნები 8 ოქტომბერსაა დანიშნული, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მეორე ტურის დანიშვნა გამორიცხული არ არის, ამასთან მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურას გარკვეული დრო სჭირდება, პროექტის 9 ოქტომბრიდან დაწყება პრაქტიკულად შეუძლებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით პეტრე ზამბახიძემ ჩვენთან საუბარისას განმარტა, რომ პროექტის პირველი ორი თვის განმავლობაში (9 ოქტომბრიდან 9 დეკემბრამდე) დასახლებაში მცხოვრებთათვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის გრაფიკის შედგენისათვის და სხვა ტექნიკური დეტალების მოსაგვარებლად არის გათვალისწინებული, რაც ხელშეკრულებაშიც მითითებულია. "ნაციონალური მოძრაობის" გათვლით, 2 თვე საკმარისია იმ შემთხვევაშიც, თუ არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
ფაქტ-მეტრთან საუბრისას "საერთაშორისო გამჭვირვალობისა" და "საიას" წარმომადგენლებმა 9 ოქტომბერს პროექტის დაწყების დაპირება პოპულისტურ განცხადებად შეაფასეს, რაც შესაძლოა ამომრჩევლისთვის დამაბნეველი აღმოჩნდეს და არასწორი მოლოდინები შეუქმნას, რადგან 9 ოქტომბრიდან პროექტისთვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა და განკარგვა ფაქტობრივად შეუძლებელია.
რაც შეეხება მოქალაქეებთან ხელშეკრულების გაფორმებას, პეტრე ზამბახიძის განცხადებით, ეს მოქალაქეებთან ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც არაფრით განსხვავდება ზეპირი დაპირებისგან, რომელსაც წინასაარჩევნოდ ყველა პარტია აჟღერებს. მაგალითად, პენსიის გაზრდის დაპირება, რომელიც სამომავლო მატერიალური სარგებლის მიღებას გულისხმობს.
"სამართლიანი არჩევნების" მიერ 26 ივლისს გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში უარყოფითად არის შეფასებული თავად ინდივიდუალური ხელშეკრულების დადების ფაქტი. "ამომრჩეველმა შესაძლოა აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არა ნების დაფიქსირებად, არამედ მომავალში უფლების წარმოშობის სავალდებულო წინაპირობად აღიქვას, რამაც შეიძლება ამომრჩეველში გააჩინოს კონკრეტული პარტიის ან კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მიცემის ვალდებულების განცდა" - ნათქვამია შუალედურ ანგარიშში.აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 25 ივლისს, აუდიტის სამსახურმა ლევან ვარშალომიძე დაკითხა. უწყებაში მოკვლევა გრძელდება და ოფიციალურ შეფასებას მხოლოდ შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ გააკეთებენ. აუდიტის სამსახურიდან გამოსულმა ვარშალომიძემ კი განაცხადა: "მე ვპირდები აჭარის მოსახლეობას, რა შედეგიც არ უნდა დადგეს, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ სოციალურ სახლებს".
დასკვნა
პარტიის წინასაარჩევნო დაპირება კანონის დარღვევად მართლაც არ ითვლება, თუ ის ბიუჯეტის სამომავლო განაწილებას ეხება. ის, რომ საარჩევნო კოდექსი აღნიშნულ გამონაკლის შემთხვევას არ ითვალისწინებს, შესაძლოა საკანონმდებლო ხარვეზი იყოს. თუმცა, ამაზე მსჯელობა სასამართლოს პრეროგატივაა.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ჯდებოდა ლევან ვარშალომიძის ქმედება კანონით დადგენილი (საგამონაკლისო) წესის ფარგლებში, შესაბამის დასკვნას აუდიტის სამსახური დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოაქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ყურადღება შერჩევითობაზე გაამახვილეს და შესაბამის ორგანოებს პრემიერ კვირიკაშვილის მიერ დევნილებისთვის სახლების გადაცემის დაპირების ფაქტის შესწავლისკენ მოუწოდეს. ფაქტ-მეტრი აღნიშნულ საკითხს კიდევ დაუბრუნდება, ამ ეტაპზე კი განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.