რადიო "მარნეულის"ეთერში, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა სასმელ წყალთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას განაცხადა, რომ მარნეულის მოსახლეობა მაღალი ხარისხის სასმელ წყალს მოიხმარს და ამას ლაბორატორიული შედეგებიც ცხადყოფს. "მე შემიძლია დავარწმუნო მოსახლეობა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალი არის სრულიად ვარგისიანი" - განაცხადა თოფჩიშვილმა.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფრომაციით, მარნეულს სასმელი წყლით სამი საწარმო ამარაგებს: შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია", შპს "მარნეულის სოფლის წყალი" და შპს "რუსთავის წყალი". აქედან, მხოლოდ ერთი შპს - "მარნეულის სოფლის წყალი" იმყოფება მარნეულის ადილობრივი თვითმმართველობის სუბსიდირებაზე. შპს "გაერთიანებული წყლმომარაგების კომპანიის" 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, ხოლო შპს "რუსთავის წყალი" კერძო კომპანიაა, რომელიც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან" და "მცხეთის წყალთან" ერთ საინვესტიციო ჯგუფში შედის.

"მარნეულის სოფლის წყალი" წყლით მუნიციპალიტეტის 23 სოფელს, "რუსთავის წყალი" 18 სოფელს, ხოლო "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქალაქ მარნეულსა და სამ სოფელს ამარაგებს. ჩვენ სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით თითოეული კომპანიის წარმომადგენლობას დავუკავშირდით. "მარნეულის სოფლის წყლის" დირექტორმა ბადრი ქველაძემ 2016 წლის 29 ივნისის ლაბორატორიული შედეგები გვაჩვენა და აღნიშნა, რომ ამ შედეგების მიხედვით მათი მომხმარებლები, "სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის" შესაბამისად, სასმელ წყალს მაღალი ხარისხით იღებენ. დანარჩენი ორი კომპანიისგანაც იგივე პასუხი მივიღეთ. იმის გათვალისწინებით, რომ მარნეულის მოსახლეობა დიდი ხანია შეშფოთებას გამოთქვამს სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით, სხვადასხვა სააგენტოები კი მარნეულის სოფლებში სასმელი წყლის დაბინძურებაზე ინფორმაციას ავრცელებენ, გადავწყვიტეთ ეს საკითხი თავად გამოგვეკვლია და სასმელი წყლის ანალიზი ლაბორატორიისთვის დაგვეკვეთა. 2016 წლის 4 ივლისს ჩვენ "მომხმარებელი.GE"-ს დავუკავშირდით და ლაბორატორიის შერჩევაში და ანალიზში დახმარება ვთხოვეთ. ლოკაციად მარნეულის მუნიციპლიტეტის სოფელი თაზაქენდი შეირჩა. "მომხმარებელი.GE"-მ სასმელი წლის ანალიზი ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტის ლაბორატორიას დაუკვეთა. სასმელი წყლის ნიმუში 2016 წლის 5 ივლისს, სოფელ თაზაქენდში, საღავათ მეხტიევის ეზოდან ავიღეთ.სოფელში სასმელი წყალი წინა დღით იყო მოსული და როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ ის სუფთა ჭურჭელში შეინახეს, რადგან ზუსტად არ იცოდნენ, რამდენი დღე იქნებოდნენ ონკანის წყლის გარეშე. ანალიზისთვის წყალი სწორედ ამ ჭურჭლიდან, ასევე სამზარეულოს მაგიდაზე დასალევად გამზადებული ბოთლიდან ავიღეთ (იხ. ფოტომასალა). ლაბორატორიიდან მიღებული სასმელი წყლის ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ანალიზის (იხ. ბმული 1,ბმული 2)

პასუხების თანახმად, წყალში მიკრობული დაბინძურება ფიქსირდება. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მომატებული მინერალიზაციისა და სიხისტის გამო, სასმელ-სამეურნეო მიზნებით ამ წყლის მოხმარებამ შესაძლებელია შექმნას გარკვეული პრობლემები. კერძოდ, ის კარდიოვასკულარული და თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების განვითარების რისკს ქმნის. ასევე, ამ წყლის გამო, საპონი ცუდად ქაფდება დაბანისა და გარეცხვის დროს. კვლევის საბოლოო დასკვნაში კი ვკითხულობთ, რომ სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები არ შეესაბამება "სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტს" და მისი სასმელ-სამეურნეო მიზნით გამოყენება დასაშვებია მხოლოდ დეზინფექციის შემდეგ.

დასკვნა

მარნეულის მუნიციპალიტეტს სასმელი წყლით სამი ძირითადი კომპანია ამარაგებს. სოფელი თაზაქენდი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შპს "რუსთავის წყალის" მომსახურების ზონაში შედის. როგორც ამ კომპანიაში აცხადებენ, მარნეულის სოფლებს სასმელ წყალს დახურული მილებით აწვდიან, მათი ლაბორატორიული შემოწმების შედეგები საუკეთესოა და წყლის დაქლორვა პერმანენტულად მიმდინარეობს. ასევე, მათ წყალს არ გააჩნია სუნი და არც მღვრიე არ არის.

თუმცა, ფაქტ-მეტრის მიერ ("მომხმარებელი.GE"-სა და შესაბამისი ლაბორატორიის დახმარებით) ჩატარებულმა ლაბორატორიული კვლევის შედეგებმა სხვა სურათი გვიჩვენა. კერძოდ, სოფელ თაზაქენდში (ერთი ოჯახის მაგალითზე) შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სასმელი წყალი დაბინძურებულია და მისი მოხმარება სარისკოა. გარდა ამისა, ჩვენ სოფლის მოსახლეობასაც ვესაუბრეთ. ადგილობრივთა ნაწილი ამბობს, რომ ონკანებში მოსულ წყალს არ მოიხმარენ და სასმელ წყალს ყიდულობენ.

ამრიგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ თოფჩიშვილის განცხადება არის მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია