ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო მედიასთან შეხვედრისას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გახსნილ საწარმოებზე ისაუბრა და აღნიშნა: "მე ჩემს ერთ-ერთ გამოსვლაში ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, თუკი 60 რეგიონში ყველგან თითო საწარმო გაიხსნებოდა, მერე ეს 60 საწარმო ასად გადაიქცა და 100 საწარმოს კითხულობდნენ. დღეს აღარავინ კითხულობს. 700-ზე მეტი საწარმო გარემონტდა, ამოქმედდა და ახალი აიგო, მათ შორის, სტარტაპით 129 საწარმო აშენდა".

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გახსნილი საწარმოების შესახებ ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა (იხ. სტატია 1სტატია 2, სტატია 3). საქსტატის განმარტებით,

საწარმო არის ეკონომიკური ერთეული, რომელიც აწარმოებს საქონელს ან ეწევა მომსახურებას, ახორციელებს ერთ ან რამდენიმე საქმიანობის სახეს. საწარმო შეიძლება იყოს ინდივიდუალური (ფიზიკური) ან იურიდიული პირი. საწარმოები ზომების მიხედვით შემდეგნაირად იყოფიან: მსხვილი - სადაც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა აღემატება 100 კაცს ან საშუალო წლიური ბრუნვა 1.5 მლნ ლარზე მეტია. საშუალოა ისეთი საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა წლიური რაოდენობა 20-დან 100 კაცამდე მერყეობს, ხოლო წლიური ბრუნვის მოცულობა 0.5 მლნ-დან 1.5 მლნ-მდეა. მცირე საწარმოთა ჯგუფს მიეკუთვნება ორგანიზაცია, რომელშიც დასაქმებულთა წლიური საშუალო რაოდენობა არ აღემატება 20 დასაქმებულს, საშუალო წლიური ბრუნვა კი 0.5 მლნ ლარს.

ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე მსხვილი საწარმოების გახსნას გულისხმობდა. 2013 წლის 30 მაისს მან განაცხადა: "ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ მინიმუმ ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ 60 ქარხანა, რომელზეც წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდით, მათი წლის ბოლომდე შეძენა და ჩამოტანა შევძლოთ. შეიძლება დამონტაჟება ვერ მოვასწროთ, მაგრამ შეძენა და ჩამოტანა მოესწრება. თითოეულ რეგიონში ერთი ქარხანა მაინც უნდა იყოს. თბილისში რამდენი მოუწევს არ ვიცით".

ფაქტია, რომ ივანიშვილი ამ განცხადებაში მხოლოდ მცირე საწარმოს გახსნაზე არ საუბრობდა.

ივანიშვილი ასევე აცხადებდა: "ასეულობით და ათასობით საწარმო უნდა გაიხსნას და ეს იქნება რეალური და არა ისეთი, როგორც დღეს ხდება, ერთ-ორ საწარმოს გახსნიან და ორი წლის განმავლობაში ატრიალებენ. ყოველთვიურად ასობით საწარმო უნდა იხსნებოდეს".

ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნა და უკვე არსებული საწარმოების ტექნოლოგიური გადაიარაღება ორი პროექტის - "შეღავათიანი აგროკრედიტის" და "სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების" - ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნულ პროექტებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო კურირებს. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო კიდევ ერთ პროექტს - "აწარმოე საქართველოში" ახორციელებს, რომლის ერთი-ერთი კომპონენტი სოფლის მეურნეობის მიმართულების საწარმოების დაფინანსებასაც გულისხმობს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს 2016 წლის ანგარიშის მიხედვით,

აღნიშნული პროექტების ფარგლებში (2016 წლის აპრილის ჩათვლით) 148 ახალი საწარმო გაიხსნა (მათგან 120 "შეღავათიანი აგროკრედიტის" და 28 "გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების" ფარგლებში) და 700 საწარმო გადაიარაღდა.

გრაფიკი 1:

 ახალი საწარმოები დარგების მიხედვით

image001 წყარო: სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

ჩვენ სოფლის მეურნეობის პროექტების ფარგლებში გახსნილი რამდენიმე საწარმოს მფლობელს დავუკავშირდით.

ვასილ კალანდაძემ დაფინანსება "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტის ფარგლებში მიიღო (550 000 დოლარი) და მუხის კასრების საწარმო გახსნა. საწარმოში სხვადასხვა ზომის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მუხის კასრებს აწარმოებენ. კასრები ღვინის და სხვა სპირტიანი სასმელების შესანახად გამოიყენება. საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული. როგორც საწარმოს მფლობელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მათ ცოტა ხნის წინ წარმოება გააფართოვეს და ავეჯის ხაზის წარმოება დაიწყეს.

შპს "იმპერიალი 2000" "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტის ფარგლებში დაფინანსდა და პროდუქციის შესანახი მაცივრები შეიძინა. საწარმოს დირექტორმა ზვიად მალაყმაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ პროექტის ფარგლებში 600 000 დოლარის დაფინანსება მიიღო და 11 პროდუქციის შესანახი მაცივარი შეიძინა. საწარმოში სხვადასხვა პროდუქციის შენახვა და დასაწყობება ხდება და მუდმივად 40 ადამიანია დასაქმებული.

თხილის გადამამუშავებელმა საწარმო "ნათ ინვესტმა" "სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების" პროექტის ფარგლებში 387 000 დოლარის თანადაფინანსება მიიღო (172 000 დოლარი - გრანტი, 215 000 დოლარი - კრედიტი). საწარმოში თხილის გადამუშავება და დაფასოება ხორციელდება (თხილის გულის, თხილის ფქვილის მომზადება-შეფუთვა). პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე, გერმანიაში, იტალიაში და ესპანეთში გადის. საწარმოში მუდმივად 50 ადამიანია დასაქმებული. სეზონზე (აგვისტო-სექტემბერი), დასაქმებულთა რაოდენობა 80-მდე იზრდება.

ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ ზეთისხილის ნერგები საქართველოში 6 წლის წინ, თურქეთიდან შემოიტანა და სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში დარგო. მის მიერ დაარსებულმა შპს-მა - "ქართული ზეთისხილი", "სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების" პროექტის ფარგლებში 350 000 დოლარის დაფინანსება მიიღო. გიორგი სვანიძემ საკუთარი ინვესტიციაც დაამატა და ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა, სადაც ზეთისხილის ზეთის გამოხდა და ზეთისხილის საკვებად დამუშავება ხდება. უშუალოდ საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული, ზეთისხილის ბაღებში კი დასაქმებულთა რაოდენობა 100-150 ადამიანს შორის მერყეობს (სეზონის მიხედვით).

შპს "ქართული სოკო" "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტის ფარგლებში 500 000 დოლარით დაფინანსდა და სოკოს ბრიკეტების წარმოება დაიწყო. ეს არის მზა მასალა სოკოს წარმოებით დაინტერესებული პირებისთვის. საწარმო მიმდინარე წლის მაისში ამოქმედდა და მასში 35 ადამიანია დასაქმებული.

ხილის გადამამუშავებელი საწარმო - "აგრო-ჩოხატაური" შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაიხსნა (კრედიტის მოცულობა 500 000 დოლარი). საწარმოში სხვადასხვა ხილის კომპოტები და ჯემები მზადდება. პროდუქცია ექსპორტზე ძირითადად რუსეთში, ბელორუსში, პოლონეთსა და ჩეხეთში გადის. საწარმოში 70 ადამიანია დასაქმებული.

ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე საწარმოების გახსნაში მსხვილი საწარმოების გახსნას გულისხმობდა. ბოლო განცხადებაშიც, ივანიშვილი ყველა რეგიონში თითო საწარმოს გახსნაზე საუბრობს (თუმცა, ქარხანას აღარ ახსენებს). ბუნებრივია, ერთ რეგიონში ერთი მცირე ან საშუალო საწარმოს გახსნა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ვერანაირ მიღწევად ვერ ჩაეთვლება და ვერც ეკონომიკის განვითარებაზე მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას. საქართველოს მოსახლეობას ყოფილი კოალიციის ლიდერის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების საფუძველზე მოლოდინი შეექმნა, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში 60 მსხვილი საწარმო (ე.წ. ქარხანა) გაიხსნებოდა. ამიტომ არის საწარმოების საკითხი მუდმივი ოპონირების თემა.

ივანიშვილი, ასევე, ყოველთვიურად ასეულობით საწარმოს გახსნის შესახებაც საუბრობდა. მცირე და საშუალო საწარმოები სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ხელშეწყობით ნამდვილად გაიხსნა, თუმცა, არა იმ მასშტაბებით, რასაც დაპირება წარმოადგენდა.

დასკვნა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 2016

წლის აპრილის ჩათვლით, სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში 148 ახალი საწარმო გაიხსნა (120 "შეღავათიანი აგროკრედიტის" და 28 "გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების" ფარგლებში) და 700 საწარმო გადაიარაღდა. შესაბამისად, მცირე და საშუალო საწარმოები სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ხელშეწყობით ნამდვილად გაიხსნა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა წინასაარჩევნოდ მოსახლეობაში გადაჭარბებული მოლოდინი გააჩინა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 60 ახალი ქარხანა (დიდი საწარმო) გაიხსნებოდა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა.

ამდენად, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი