ფაქტ-მეტრი ამ განცხადების გადამოწმებას შეეცადა.
ხილის მოსავლის რეალიზაციაში დახმარებას კახეთისა და სხვა რეგიონების მოსახლეობას "ქართული ოცნების" ლიდერები და ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთხელ დაპირებიან. 2012 წლის 15 ივლისს, გორში სიტყვით გამოსვლისას, "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მეხილეობის აღორძინება გასაღების ბაზრების მოძიებით გახდება შესაძლებელი. "ჩვენი ხელისუფლების უგუნურობამ გლეხი ტრადიციული ბაზრების გარეშე დატოვა და სამწუხაროდ, ვერც ახალი ბაზრების გამონახვა მოხერხდა. ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ და გამოვნახავთ ბაზარს, გლეხს გაუსაღებელი მოსავალი აღარ დარჩება. საქართველოში წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა ხილი და ბოსტნეული დიდ შემოსავალს მოუტანს გლეხს, ფერმერს და მთელს ქვეყანას. ჩვენ ამას გპირდებით" - განაცხადაივანიშვილმა.
2014 წლის ივნისში თელავის გამგებლობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", ალექსანდრე შათირიშვილმა, განაცხადა, რომ ხელისუფლების ძალისხმევით რუსეთის ბაზარზე ხილის რეალიზაცია შესაძლებელი გახდა. "იცით, რომ შარშან ფერმერებმა ატამი არ დაკრიფეს, რადგან დაკრეფვა გაცილებით ძვირი ჯდებოდა, ვიდრე გაყიდვა. ერთი კილოგრამი ატამი ხუთი და ათი თეთრი ღირდა. ეს ასე აღარ იქნება. გვსურს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს აშენებით დავაინტერსოთ უცხოელი ინვესტორები. ატმისგან, რომელიც 20, 30 ან 50 თეთრი ეღირება, შეიძლება გააკეთონ ისეთი პროდუქტი, რომელსაც როგორც საქართველოს ისე უცხოურ ბაზარზე მაღალი ფასი ექნება და რეალიზაციაც ადვილი იქნება" - განაცხადაშათირიშვილმა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში ატმის ბაღები 5 500 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გაშენებული. 2014 წელს ატმის მოსავალმა 33 517 ტონა შეადგინა, 2015 წელს კი - 23 237 ტონა (სტიქიის გამო მოსავალი შემცირდა).
ცხრილი 1:ატმის ბაღების ფართობი და მოსავალი 2014-2015 წლებში
წელი | 2014 | 2015 |
ფართობი (ჰა) | 5 516 ჰა | 5 517 ჰა |
მოსავალი (ტ.) | 33 517 ტ. | 23 237 ტ. |
ატმის ექსპორტი ძირითადად რუსეთში, სომხეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ბელორუსსა და აზერბაიჯანში ხორციელდება. 2013 წელს ექსპორტზე 1 079 ტონა ატამი გავიდა, მათ შორის ყველაზე მეტი რაოდენობა ყაზახეთში (743 ტ). 2014 წელს ექსპორტირებული ატმის რაოდენობამ 1 685 ტონა შეადგინა. ამ წელს ატამი საექსპორტოდ რუსეთის ბაზარზეც გავიდა. რუსეთში ექსპორტირებული ატმის ოდენობა 1 035 ტონა იყო. 2015 წელს ატმის ექსპორტმა 2 114 ტონა შეადგინა.
ცხრილი 2:ატმის ექსპორტი 2013-2015 წლებში
ქვეყანა | 2013 წელი | 2014 წელი | 2015 წელი |
რუსეთი | 0 ტ. | 1 035 ტ. | 1 596 ტ. |
სომხეთი | 0 ტ. | 0 ტ. | 69 ტ. |
ყაზახეთი | 743 ტ. | 609 ტ. | 397 ტ. |
უკრაინა | 176 ტ. | 32 ტ. | 52 ტ. |
ბელორუსი | 152 ტ. | 9 ტ. | 0 ტ. |
აზერბაიჯანი | 8 ტ. | 0 ტ. | 0 ტ. |
სულ | 1 079 ტ. | 1 685 ტ. | 2 114 ტ. |
აღსანიშნავია, რომ ატმის ექსპორტის მზარდი ტენდენციის მიუხედავად, ექსპორტირებული ატამი მოყვანილი მოსავლის საშუალოდ 5-9%-ს შეადგენს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2016წლის 4 ივლისისთვის ექსპორტირებული ატმის მოცულობა 2 193 ტონას შეადგენდა, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 255 ტონა იყო. 2016 წელს ატმის ექსპორტი ძირითადად რუსეთის ფედერაციაში (68%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (19%), ყაზახეთის რესპუბლიკაში (11%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება. დაახლოებით 10 ათას ტონამდე ატამი ადგილობრივ ბაზარზეა რეალიზებული.
4ივლისის მონაცემებით, პირველი და მეორე ხარისხის (საექსპორტო/სარეალიზაციო) ვაშლატამას ფასი 50-დან 60 თეთრამდე, ხოლო ატმის - 60-დან 90 თეთრამდე მერყეობდა, ხოლო მესამე ხარისხის, გადასამუშავებელი ატმის/ვაშლატამას ფასი 25-35 თეთრი იყო.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კახეთის რეგიონში რამდენიმე თანამედროვე სასაწყობო-სამაცივრე მეურნეობაა, სადაც ხილის ჩაბარება-შენახვაა შესაძლებელი - ლაგოდეხში, ახალშენში და ჩუმლაყში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჩუმლაყში მდებარე შპს "ქართული ხილის კომპანიამ" ატმის მიღება 15 ივნისს დაიწყო და პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. კომპანია სამაცივრე მეურნეობასაც ფლობს, სადაც 400 ათას ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის დასაწყობებაა შესაძლებელი.ფაქტ-მეტრი შპს "ქართული ხილის კომპანიის" მენეჯერს, სოსო მანჯავიძეს დაუკავშირდა და საწარმოში ატმის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა. "ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარტო უმაღლესი ხარისხის ატამს ვიღებთ, სიმართლეს არ შეესაბამება. დღევანდელი მონაცემებით, ვაშლატამა 60 თეთრს, ატამზე კი 70 თეთრს ვიხდით (ნორმალური და უმაღლესი ხარისხის პროდუქციაზე). წელს მიღებული 300 ტონა ატმიდან 200 ტონა ექსპორტზე უკვე გადატვირთულია. საწარმო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და სეზონზე 3 ათასი ტონა ატმის მიღებას ვგეგმავთ" - განაცხადა მანჯავიძემ. მენეჯერმა ჩვენთან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ ატმის ჩაბარების გარდა, კომპანია მოსახლეობას მომსახურებასაც უწევს და ატამს სარეალიზაციოდ (დამუშავება, დაფასოება, ყუთებში ჩაწყობა) უმზადებს.
ატმის ფასთან და მოსავლის რეალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ ადგილობრივ ფერმერებს გავესაუბრეთ. მათი თქმით, ატმის ფასი გასული წელს დაეცა და წელსაც იგივე დონეზე რჩება - ერთი კილოგრამი ვაშლატამას საბითუმო ფასი 10-20 თეთრამდე, ატმის ფასი კი 50 თეთრამდეა. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, ატმის გაიაფება ჭარბ მოსავალთან ერთად მეზობელ ქვეყნებში მისი ექსპორტის შემცირებამაც გამოიწვია.
ფაქტ-მეტრი ამ თემასთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტსაც დაუკავშირდა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უფროსს, გიორგი ჩეკურიშვილს კომენტარი სთხოვა. "წელს ატმის უხვი მოსავალი მოვიდა და მოსავლის სიჭარბემ ფასების დაკლება გამოიწვია. როგორც მოგეხსენებათ, ფასებს ბაზარი არეგულირებს და ხელისუფლება ამაში ვერ ჩაერევა. ჩვენი ინფორმაციით, სამინისტრო პარალელურად მუშაობს ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაზე" - აღნიშნა ჩეკურიშვილმა ჩვენთან საუბარში.
ატმის რეალიზაციის პრობლემის არსებობას არც სოფლის მეურნეობის სამინისტრო უარყოფს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გოჩა ცოფურაშვილის განცხადებით,პრობლემა გასულ წელთან შედარებით ატმის თითქმის გაორმაგებულმა მოსავალმა და დარიალის ხეობაში ღვარცოფის შედეგად რუსეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის დროებითმა ჩაკეტვამ გამოიწვია.
დასკვნა
ატმის უხვმა მოსავალმა და ყველაზე მსხვილ ექსპორტიორთან (რუსეთთან) დამაკავშირებელი გზის დროებითმა ჩაკეტვამ ატმის ფასი დაბლა დასწია. თუმცა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით წელს თითქმის 10-ჯერ მეტი პროდუქციაა რეალიზებული. ამავე უწყების ცნობით, ექსპორტის ზრდის ტენდენციაც შეინიშნება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ივლისის თვის მონაცემით, ექსპორტზე 1 938 ტონით მეტია გატანილი. ასევე, ფაქტია, რომ ატმის ჭარბი წარმოების პრობლემა არსებობს და მოსავლის ნაწილი გაუსაღებელი რჩება. შესაბამისად, მოლოდინი, რომელიც მოსახლეობას ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპირებებიდან გამომდინარე ჰქონდა, არ გამართლდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი მეგრელიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.