საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, "2015 წლის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა მილიონ 800 ათასს გადააჭარბა, რამაც ბიძგი მისცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტერმინალის გაფართოების და მშენებლობის ფაზის განხორციელებას".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 2010 წლიდან დღემდე ყოველწლიურად იზრდება.
ცხრილი 1:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა რაოდენობა (2010-2016)
წლები | თბილისის საერთაშორისო აეროპორტი | პროცენტული ცვლილება |
2010 | 853 001 | - |
2011 | 1 076 289 | 26% |
2012 | 1 253 464 | 16% |
2013 | 1 482 237 | 18% |
2014 | 1 620 058 | 9% |
2015 | 1 887 838 | 17% |
2016 (ორი კვარტალი) | 923 458 | 20% |
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მგზავრთა რაოდენობა ყველაზე მეტად (26%-ით) 2011 წელს გაიზარდა. ასევე, მიმდინარე წლის ორი კვარტალი ზრდის მაღალი ტენდენციით ხასიათდება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთა რაოდენობა 20%-ით არის გაზრდილი.
ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, როგორია საერთაშორისო მოგზაურთა (უცხო ქვეყნის მოქალაქეები) ნაკადის წლიური სტატისტიკა.
ცხრილი 2:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საერთაშორისო მოგზაურებისა და გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა (2010-2016)
წელი | საერთაშორისო ვიზიტორები | გამყვანი ტურიზმი |
2010 | 44 697 | 406 504 |
2011 | 598 737 | 477 552 |
2012 | 751 464 | 502 000 |
2013 | 926 706 | 555 531 |
2014 | 993 271 | 626 787 |
2015 | 1 252 640 | 635 198 |
2016 (ორი კვარტალი) | 639 121 | 284 337 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საერთაშორისო მოგზაურთა ნაკადი და გამყვანის ტურიზმის (საქართველოს მოქალაქეების მოგზაურობის) მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. მგზავრთა ნაკადში დიდი წილი საერთაშორისო ვიზიტორებს უჭირავთ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის.
2015წლის 28 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ კომპანია "ტავ ჯორჯიასა" და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციას და ასევე მთლიანად აეროპორტის ინფრასტრუქტურულ განვითარებას ითვალისწინებდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, მგზავრთა გაზრდილი რაოდენობის გამო, კომპანია "ტავ ჯორჯიამ" ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყო.
დასკვნა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადის რაოდენობა 17%-ით გაიზარდა და 1 მილიონ 887 ათას 838 შეადგინა. მიმდინარე წლის ორი კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კიდევ უფრო მაღალი, 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის სიმართლე.