ძველი პროექტები [კასპის მუნიციპალიტეტში], რომლებიც შესრულებული უნდა იყოს, არ არის დამთავრებული. სპორტკომპლექსი, რომელიც დიდი ხანია შენდება, გაჩერებულია და მუშებს 2-3 თვეა ხელფასიც კი არ აქვთ".
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ჩვენთან საუბარში ბექაურმა განმარტა, რომ "პროექტი თავიდანვე შეცდომით იყო შედგენილი. აღმოჩნდა, რომ გათვალისწინებული არ ჰქონდათ საკანალიზაციო სისტემა. სამუშაოები კი, 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო".
სპორტკომპლექსის სარეაბილიტაციო პროექტი კასპის გამგეობამ შეიმუშავა და 2014 წელს,
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსების გამოყოფის შემდეგ, ტენდერზე გასატანად მუნიციპალური განვითარების ფონდს გადასცა. ამ უკანასკნელმა 2014 წლის 5 ნოემბერს ტენდერი გამოაცხადა, რომლის კონტრაქტორიც შპს "ბლოკ-ჯორჯია" გახდა (კონკურსში სხვა პრეტენდენტი არ ყოფილა). მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით, პროექტის საკონტრაქტო ღირებულება 1.6 მლნ ლარით განისაზღვრა (შემდგომში ეს თანხა რამდენიმეჯერ გაიზარდა).
პროექტი სამუშაოების დაწყებიდან 12 თვის ვადაში, 2016 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო.
ამ საკითხზე ფაქტ-მეტრი კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდა. გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, დალი კორკომაშვილის განმარტებით, გამგეობა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი არ არის. მისი თქმით, "ვინაიდან პროექტი კასპის მუნიციპალიტეტში ხორციელდება, ჩვენ მხოლოდ ფინანსური თანამონაწილეობა გვიწევს. პირველ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 326 ათასი ლარი გამოიყო, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი, 167 800 ლარი, სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე გადაირიცხება".
სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ ხელშეკრულებაში რამდენიმე ცვლილება შევიდა. 2016 წლის 29 იანვარს, მაშინ, როცა ობიექტი დასრულებული უნდა ყოფილიყო, დამატებითი ხარჯების გამოყოფისა და სამუშაოების დასრულების ვადის გაზრდის მოთხოვნით, დოკუმენტში საპროექტო გადაწყვეტილებები დაკორექტირდა. აღნიშნული, შესაბამისმა ზედამხედველობის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია და სამუშაოების ვადა 2016 წლის 1 ივლისამდე გააგრძელა. კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება 711 670 ლარით გაიზარდა და 2 469 049 ლარი შეადგინა. ეს ცვლილება ბოლო არ ყოფილა. მიმდინარე წლის 5 ივლისს ხელშეკრულება კიდევ ერთხელ დაკორექტირდა. კერძოდ, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა კვლავ გამოვლინდა, რისთვისაც კონტრაქტორმა ავანსი - 167 788 ლარი მოითხოვა.შპს "ბლოკ-ჯორჯიას" დირექტორმა ვახტანგ ჯანაშვილმა ფაქტ-მეტრთან საუბრისას განაცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოების ის ნაწილი, რომელიც პროექტის თავდაპირველ ვერსიაში იყო მითითებული, დათქმულ ვადაში შესრულდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შენობისთვის მნიშვნელოვანი დეტალები [გათბობა, ვენტილაცია და საკანალიზაციო სისტემა] პროექტში გათვალისწინებული არ იყო, რის გამოც ხელახალი გეგმის შემუშავება და დამატებითი თანხების გამოყოფა გახდა საჭირო. ამავდროულად, ორგანიზაციის მიერ საბანკო გარანტიის წარუდგენლობის გამო ვერ ხერხდებოდა ტენდერით გათვალიწინებული დამატებითი სახსრების მიღება (ორგანიზაციის ქონებას დღემდე ყადაღა ადევს, რაც საბანკო გარანტიის გაუცემლობის მიზეზი გახდა). კონტრაქტორი ორგანიზაციის მენეჯმენტის განცხადებით, არსებული წინააღმდეგობა სახელმწიფო ორგანოების ჩარევით აღმოიფხვრა, კერძოდ მგფ-მა "ბლოკ-ჯორჯიას" რამდენიმე კომერციულ ბანკთან უშუამდგომლა. საბოლოოდ, ორგანიზაციამ საბანკო გარანტია "ქართუ ბანკისგან" მიიღო.
დაფინანსების მიღების მიუხედავად, პროექტში გაწერილი სამუშაოების ნაწილი ამ დრომდე არ დაწყებულა. ჯანაშვილის განმარტებით, "ის დანადგარები, რომლებიც გათბობის, ვენტილაციისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობას სჭირდება, საქართველოში არ მზადდება. უკვე შეკვეთილია და როგორც კი ჩამოვა, დავამონტაჟებთ და სპორტკომპლექსიც საბოლოო სახეს მიიღებს".
რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, სადაც ბექაური მუშებისთვის ხელფასის დაგვიანებაზე საუბრობდა, ფაქტ-მეტრმა სპორტკომპლექსში მიმდინარე სამუშაოებიდაათვალიერა და ანაზღაურებასთან დაკავშირებით ადგილზე მყოფ მუშებსაც გაესაუბრა. მათ განაცხადეს, რომ ხელფასის მხოლოდ ნაწილი აქვთ აღებული. დასაქმებულთა ნაწილის თქმით, ისინი ხელფასს ნაწილ-ნაწილ და დაგვიანებით იღებენ. მუშების თქმით, თუ ისინი სრულ ანაზღაურებას ვერ მიიღებენ, მშენებლობა შესაძლოა შეფერხდეს.
ხელფასების გაცემასთან დაკავშირებული ხარვეზები ვახტანგ ჯანაშვილმაც დაადასტურა, რაც მან მშენებლობის პროცესის შეფერხებითა და შესრულებული სამუშაოების აღრიცხვის თავისებურებებით ახსნა.
დასკვნა
ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ სპორტკომპლექსის რეაბილიტაციის დაწყების შემდეგ სამუშაო პროცესი რამდენჯერმე შეჩერდა. ეს, პროექტში არსებული ხარვეზებით იყო გამოწვეული. სამუშაოები შეაფერხა იმანაც, რომ კონტრაქტორმა დამატებითი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო სახსრების მისაღებად, საბანკო გარანტია ვერ წარადგინა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით გახდა შესაძლებელი. მართალია, ამჟამად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ობიექტზე დასაქმებულთათვის ხელფასების გაცემა გვიანდება, რასაც თავად ობიექტზე დასაქმებულები და "ბლოკ-ჯორჯიას" დირექტორიც ადასტურებენ.
შესაბამისად, მიხეილ ბექაურის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.