იტვირთება

პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში მოსახლობასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მან სოფელში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: "მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ამ დასახლებაში ბევრი პრობლემაა. პრობლემაა წყალგაყვანილობა, როგორღაც წყალი გააკეთეს, მაგრამ მაინც არ მოდის".

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, სოფელ ალგეთს სასმელი წყლის მიწოდება ადგილობრივი ხელისუფლების შუამდგომლობის შედეგად აღუდგა. ამავე უწყების ინფორმაციით,

 სოფელ ალგეთში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ჩატარდა და 35 ათასი ლარი დაჯდა. შედეგად, სასმელი წყალი სოფელ ალგეთის 500 ოჯახს მიეწოდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ფაქტ-მეტრმა ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობიდან გამოითხოვა.

მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, სოფელ ალგეთის სასმელი წყლით უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი ტრანსფერი ("სოფლის დახმარების პროგრამის" ფარგლებში) 33 950 ლარს შეადგენდა. გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხა 33 299 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს "დავითმა" ჩაატარა.

ჩვენ სოფელ ალგეთის წყლის პრობლემას ადგილზე გავეცანით და სოფლის მოსახლეობას გავესაუბრეთ. როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, წლებია, მათ სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ. წყლის დაბალი წნევის გამო ნახევარი სოფელი უწყლოდაა დარჩენილი, ნახევარს კი თითო სათლის ასავსებად ერთი დღე სჭირდება (იხ. ვიდეო). ფაქტ-მეტრმა ალგეთის წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით კომენტარი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ თოფჩიშვილსაც სთხოვა. მისი განმარტებით,

სოფელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასმელი წყლის შიდა მილები გაიყვანა, თუმცა სოფლის წყლით მომარაგება კერძო კომპანია შპს "რუსთავის წყალის" პრეროგატივაა. ამ კომპანიას ეკუთვნის ძირითადი მილიც, რომლის რეაბილიატაცია არ ჩატარებულა. გამგებელის თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ კომპანიასთან მოლაპარაკებები გამართა და დაპირება მიიღო, რომ ალგეთის მოსახელობა სასმელ წყალს გაზრდილი წნევით მიიღებდა. გამგებლის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამჟამად სოფელ ალგეთს სასმელი წყალი მაღალი წნევით მიეწოდება.

ჩვენ ასევე  შპს "რუსთავის წყალს" დავუკავშირდით. კომპანიის პიარ-მენეჯერის, ლია ანთაურის ინფორმაციით, ალგეთის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა ზამთარში არ აქვს.

 ზაფხულში კი, რადგან ადგილობრივები სასმელ წყალს სარწყავადაც იყენებენ, წყლის წნევა აღარ არის საკმარისი და სოფლის მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლის გარეშე რჩება. ლია ანთაურმა ასევე აღნიშნა, რომ თუ კომპანია სასმელი წყლის წნევას გაზრდის, ცენტრალური მილი, რომელიც საკმაოდ ძველია და რომლის რეაბილიტაცია წლებია არ განხორციელებულა, შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდეს.

დასკვნა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა. წყლის სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში მხოლოდ სასმელი წყლის შიდა მილების გაყვანა მოხდა, ცენტრალური წყალგამტარი მილი, რომელიც კერძო კომპანიის საკუთრებაა, არ შეცვლილა. ალგეთის მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებას შპს "რუსთავის წყალი" ახორციელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობას წყალი მიეწოდება, თუმცა მას არამიზნობრივად (სარწყავად) მოიხმარენ, რაც წყლის წნევის დაწევას იწვევს.

ჩვენ სოფლის მოსახლეობას უშუალოდ გავესაუბრეთ, 15-მდე ოჯახში, ასევე სოფელ ალგეთის ცენტრში ვიმყოფებოდით. ადგილობრივთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ სასმელი წყალი მათ დაბალი წნევით ან საერთოდ არ მიეწოდებათ. სოფელ ალგეთში ჩვენ 5 საათის განმავლობაში ვიმყოფებოდით, ამ დროის მანძილზე ონკანებიდან სასმელი წყალი არ წამოსულა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2824 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი