ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში ჯანდაცვის სამინისტროს წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა, რომ დაუნის სინდრომისა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის ყოფილი ხელისუფლების პირობებში გარკვეული სერვისები შეიქმნა. ეს სერვისები საჭიროებდა განვითარებასა და დახვეწას, თუმცა, "სამწუხაროდ, ბოლო სამნახევარი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა".
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტის გადამოწმებას შეეცადა.
განვითარების შეფერხების რისკის, ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტო "ბავშვთა ადრეული განვითარების" ქვეპროგრამას ახორციელებს.ქვეპროგრამა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას, ბავშვთა სოციალურ, შემეცნებით, თვითმოვლისა და კომუნიკაციური უნარების განვითარებას ითვალისწინებს. აღნიშნული სერვისი, ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სპეციალისტის თვეში არანაკლებ 8 მომსახურებას მოიცავს.
ქვეპროგრმის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება გონებრივი შეფერხების (დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა, აუტიზმი და სხვა) მქონე 0-7 წლამდე ასაკის, თვეში 520 ბავშვი. მათგან, 335 ბავშვს (მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა) მომსახურება თბილისში მიეწოდება. ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციარები ვაუჩერული სისტემით ფინანსდებიან. ვაუჩერის ერთი თვის ტალონი ანაზღაურდება მაქსიმუმ 144 ლარის ოდენობით. ვაუჩერის ტალონის ზედიზედ 2 თვის მანძილზე გამოუყენებლობა ვაუჩერის გაუქმებას იწვევს.
ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის შესახებ ჩვენ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსს, მაია ბუჩუკურს ვესაუბრეთ. მისი თქმით, ქვეპროგრამა 2007 წელს განათლების სამინისტრომ დაიწყო. 2009 წელს კი ის ჯანდაცვის სამინისტროში გადავიდა. პროგრამა თავიდანვე 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს ემსახურებოდა. პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩართული ბავშვების რაოდენობა 26-ს შეადგენდა და თითოეული ბენეფიციარის დაფინანასება დაახლოებით 110 ლარის ფარგლებში იყო. 2011 წლიდან კი ვაუჩერული დაფინანსების სისტემა ამოქმედდა. პირველ ეტაპზე ირიცხებოდა თითქმის ყველა ის ბავშვი, რომელიც პროგრამაში ჩართვის სურვილს გამოთქვამდა. ინფორმაციული უზრუნველყოფის გაძლიერებასთან ერთად კი, პროგრამის ბენეფიციარების რაოდენობაც გაიზარდა და პროგრამის განხორციელებაში რეგიონებიც ჩაერთნენ. გამოჩნდნენ ახალი სერვის-პროვაიდერები. პირველად პროგრამას ქუთაისი დაემატა, შემდეგ ბათუმი, თელავი და ა.შ. შესაბამისად, გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობაც და თითოეულ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხის მოცულობაც. თუმცა, ვიზიტების რაოდენობა (თვეში 8 ვიზიტი) უცვლელი დარჩა.
მაია ბუჩუკურის განმარტებით, მიმდინარე წელს ქვეპროგრამაში ცვლილებები შევიდა. ცვლილება ვიზიტების რაოდენობას და დაფინანსების პრინციპს შეეხო. კერძოდ, თუკი ერთ ბავშვს მხოლოდ 4 ვიზიტი ესაჭიროება, ან ჩაიტარა მხოლოდ 4 და დანარჩენი ვერ მოასწრო, თანხის გაყინვის ან/და გაუქმების თავიდან აცილების მიზნით, დარჩენილი ვიზიტების რაოდენობა სხვა ბავშვებზე ნაწილდება. ასევე, ვაუჩერის 2 თვის განმავლობაში გამოუყენებლობის შემთხვევაში, მისი ახალი ბენეფიციარით ჩანაცვლება ხდება.
მიმდინარე წელს ქვეპროგრამაში კიდევ ერთი კომპონენტი ამოქმედდა - შეიცვალა პროგრამაში ჩარიცხვის პრინციპები. კერძოდ, 3 წლამდე ბავშვს ეძლევა უპირატესობა. აქამდე პრიორიტეტი პროგრამით უკვე მოსარგებლე ბავშვი იყო. შემდეგ, წამყვანი იყო ქულა და განცხადების შემოტანის თარიღი. "3 წლამდე ბავშვების პრიორიტეტად განსაზღვრამ საშუალება მოგვცა, უფრო მეტად ადრეულ ასაკის ბავშვები შემოგვეყვანა პროგრამაში, როდესაც ეფექტი გაცილებით დიდია" - აღნიშნა მაია ბუჩუკურმა. მის თქმით, 3 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს თვეში 8 ვიზიტი სრულად უფინანსდება. რაც შეეხება 3 წლის ზემოთ ბავშვებს, მიმართვის პირველ წელს 8 ვიზიტი სრულად ანაზღაურდება. მეორე წელს კი, თუ ბავშვის განვითარების შეფერხება კვლავ 2-3 სფეროზე მეტში აქვს (სულ 6 სფეროა), 8 ვიზიტი კვლავ სრულად ფინანსდება. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი თვეში 8 ვიზიტს არ საჭიროებს. ასეთ შემთხვევაში, სასურველია, რომ ნელ-ნელა მისი ამ პროგრამიდან ჩამოცილება და სხვა პროგრამებში გადანაწილება მოხდეს, რადგან მოცემული მომენტისთვის ბავშვების ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველთა და მომლოდინეთა რიგებში 458 ბავშვია.
აღნიშნული ქვეპროგრამის შესახებ უფრო მკაფიო სურათის მისაღებად ჩვენ ქვეპროგრამის 2011-2016 წლის ბიუჯეტი შევისწავლეთ.
ცხრილი 1:
ადრეული განვითარების პროგრამის მონაცემები (2011-2016 წლები)
წელი | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 |
ბიუჯეტი | - | 96 150 | 232 500 | 472 000 | 754 000 | 900 000 |
ბენეფიციართა რაოდენობა | - | 59 | 134 | 273 | 436 | 520 |
ვაუჩერის ლიმიტი | 135 | 135 | 144 | 144 | 144 | 144 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2012 წელთან შედარებით, ქვეპროგრამისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი 803 850 ლარით არის გაზრდილი. მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობაც. რაც შეეხება ყოველთვიური ვაუჩერის მაქსიმალურ ლიმიტს, მხოლოდ 9 ლარიანი ზრდა ფიქსირდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამას 2015 წლიდან თბილისის მერიაც ახორციელებს (აღნიშნულზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა, იხ. სტატია). 2015წელს ქვეპროგრამისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 61 ათასი ლარი გამოიყო. 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი აღნიშნული ქვეპროგრამისთვის 1.3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამასთან, 2012 წლიდან ინკლუზიური განათლება ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო გახდა. ეტაპობრივად მიმდინარეობს სკოლების შესაბამისი სტანდარტების მიხედვით ადაპტირებაც. ასევე, 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა შშმ პირების უფლებების თაობაზე კონვენციის რატიფიცირებაც მოახდინა.
დასკვნა
ბავშვების ადრეული განვითარების ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. გაიზარდა ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობაც. თუმცა, 2012 წელთან შედარებით ყოველთვიური ვაუჩერის ლიმიტი მხოლოდ 9 ლარით გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბენეფიციარებისთვის შეთავაზებული სერვისი მნიშვნელოვნად ვერ შეიცვლებოდა. მიუხედავად ამისა, ქვეპროგრამის ბიუჯეტისა და ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობის ზრდა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გარკვეულ წინგადადგმულ ნაბიჯებზე მიუთითებს. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლიდან თბილისის მერიამ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური ქვეპროგრამა აამოქმედა. 2015 წელს ქვეპროგრამით უკვე 335 ბავშვმა ისარგებლა.
ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ თინა ბოკუჩავას განცხადება არის მეტწილად მცდარი.