7 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა:

 "მსოფლიო ბანკის ბოლო კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა. ვფიქრობთ, რომ ამ კლასიფიკაციაში წინსვლა საქართველოს ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ჰქონია".

ფაქტ-მეტრმა პრემიერის ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

პირველ ივლისს მსოფლიო ბანკმა შემოსავლების მიხედვით დაჯგუფებული ქვეყნების ახალი კლასიფიკაცია გამოაქვეყნა. აღნიშნულ კლასიფიკაციაში შემოსავლების დადგენის მთავარი კრიტერიუმი ერთ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული პროდუქტია (მეპ), რომელიც ე.წ. ატლასის მეთოდით ითვლება. მეპ-ის დათვლის დროს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს აკლდება ის შემოსავალი, რაც უცხოელებმა საქართველოში მიიღეს და ემატება ის შემოსავალი, რაც ქართველებმა საზღვარგარეთ მიიღეს. ატლასის მეთოდი კი კომპლექსური ინდიკატორია, რომელსაც მსოფლიო ბანკი იყენებს. ეს ინდიკატორი გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნების ერთმანეთთან შედარებისთვის. ატლასის მეთოდით დათვლისას, მეპ-ის ცვლილებასთან ერთად, სავალუტო კურსის ცვლილებები, ასევე ქვეყნებს შორის ინფლაციის დონეებს შორის სხვაობაა გათვალისწინებული.

მსოფლიო ბანკი ქვეყნებს ოთხ ჯგუფში ანაწილებს: დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს მთლიანი ეროვნული პროდუქტი ერთ მოსახლეზე 1 025 დოლარზე ნაკლები აქვთ, საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მეპ-ი ერთ მოსახლეზე 1 026-დან 4 035 დოლარამდე მერყეობს, საშუალოზე მაღალშემოსავლიანების - 4 036-დან 12 475-მდე, ხოლო მაღალშემოსავლიანების - 12 476 და ზევით.

წლევანდელ ანგარიშში ჯგუფი ათმა ქვეყანამ შეიცვალა, მათ შორისაა საქართველო, რომელიც წინა ანგარიშში საშუალოზე დაბალშემოსავლიან ქვეყნად ითვლებოდა, ახლა კი საშუალოზე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მეპ ერთ მოსახლეზე 2014 წლის მაჩვენებელზე უფრო ნაკლებია.

გრაფიკი 1:

 მთლიანი ეროვნული პროდუქტი საქართველოს ერთ მოსახლეზე

image001

საქართველოს მეპ ერთ მოსახლეზე 2003 წლიდან ყოველწლიურად იზრდება, გარდა 2015 წლისა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ერთ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული პროდუქტის რაოდენობა დამოკიდებულია როგორც ქვეყნის ეკონომიკის სიდიდეზე, ისე მოსახლეობის რაოდენობაზე. 2014 წლის საყოველთაო აღწერამ აჩვენა, რომ 2002 წლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა დაახლოებით 700 ათასით შემცირდა. მოსახლეობის შემცირებამ ერთ მოსახლეზე მეპ-ის ზრდა დააჩქარა. ჩვენ დავიანგარიშეთ, თუ რამდენი იქნებოდა მეპ ერთ მოსახლეზე, საქართველოში მოსახლეობის რიცხვი რომ არ მცირდებოდეს. გრაფიკიდან ჩანს, რომ მოსახლეობის შემცირებამ სერიოზული გავლენა იქონია მსოფლიო ბანკის აღნიშნულ ინდიკატორზე. მოსახლეობა ყოველწლიურად რომ არ შემცირებულიყო, მეპ-ი ერთ მოსახლეზე გაცილებით დაბალი იქნებოდა და საქართველო ისევ საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნების რიგებში დარჩებოდა.

პრემიერ-მინისტრმა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ ბოლო 15 წელია საქართველოს ამ კლასიფიკაციაში წინსვლა არ ჰქონია. მსოფლიო ბანკმა საქართველოს მონაცემების აღწერა 1991 წლიდან დაიწყო. 1991 წელს საქართველო საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყანა იყო, თუმცა 1993 წელს დაბალშემოსავლიანი ქვეყანა გახდა. 2003 წლიდან კი საქართველო ისევ საშუალოზე დაბალშემოსავლიანთა კატეგორიაში დაბრუნდა. თორმეტი წლის განმავლობაში საქართველოს კლასიფიკაციაში ადგილი არ შეუცვლია, 2015 წელს კი საშუალოზე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში გადავედით. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2013 წელს საქართველო უკვე საშუალოზე მაღალშემოსავლიანთა ჯგუფში უნდა გადასულიყო, რადგან მეპ ერთ მოსახლეზე 4 240 დოლარს შეადგენდა. თუმცა, 2013 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 4.4 მილიონი იყო, მსოფლიო ბანკმა კი 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები 2016 წლის ანგარიშში გაითვალისწინა და მოსახლეობის კლების ტრენდის გათვალისწინებით 2003-2014 წლების მონაცემებიც დააკორექტირა.

დასკვნა

მსოფლიო ბანკის მონაცმებით, საქართველო საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნებიდან მართლაც საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფში გადავიდა. საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანათა ჯგუფში პირველად შევიდა, ხოლო წინსვლა ბოლოს თორმეტი წლის წინ ჰქონდა, როდესაც დაბალშემოსავლიანი ჯგუფიდან საშუალოზე დაბალშემოსავლიან ჯგუფში გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ მთლიანი ეროვნული პროდუქტის ერთ მოსახლეზე ზრდას მოსახლეობის შემცირებამაც შეუწყო ხელი. ხოლო, 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, საქართველოში ერთ მოსახლეზე მეპ შემცირდა. შესაბამისად, ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია