რომ 2015-2016 წლებში სასამართლოებში უფრო მეტი საქმე მოიგო, ვიდრე წააგო. "პროცენტულად, უფრო მეტი მოგებული საქმეა, ვიდრე წაგებული. მერიას წაგებული საქმეებით ზარალი არ მიდგომია" - განაცხადა გიორგაძემ.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მერიის მიერ სასამართლოებში წაგებული საქმეები ბიუჯეტს ზარალს აყენებს. განსაკუთრებით, სასამართლოებში განხილული ყოფილი თანამშრომლების საქმეები, რომლებმაც მერიას მოუგეს, სამსახურშიც დაბრუნდნენ და განაცდურიც აუნაზღაურდათ.
"რამდენმა ადამიანმა უნდა მოუგოს სასამართლო მერიას და მერე ჩვენ რამდენს უნდა გადავუხადოთ ჩვენი ჯიბიდან განაცდური ხელფასი?" - განაცხადა ამ საკითხზე საუბრისას საკრებულოს ყოფილმა წევრმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელმა გია გოქაძემ. იგი მიიჩნევს, რომ ასეთი დამოკიდებულება მერიის თავგასულობის შედეგია, რომელსაც გადასახადების გადამხდელების ჯიბეებიდან ამოღებული ფული არაფრად მიაჩნია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი ასევე მიიჩნევს, რომ მერიის მიერ წაგებული დავები, გარკვეულწილად, ბიუჯეტს ზიანს აყენებს.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციისთანახმად, 2015-2016 წლებში ქუთაისის მერიის მონაწილეობით საქართველოს სასამართლოებში სულ 97 საქმე იქნა განხილული. აქედან, მერიის წინააღმდეგ სარჩელი 65-მა სუბიექტმა შეიტანა, რომელთა შორის 46 ფიზიკური პირია. თავად ქუთაისის მერიამ სასამართლო დავა 20 კერძო პირისა და 12 იურიდიული პირის წინააღმდეგ წამოიწყო.
ცხრილი 1:
სასამართლო პროცესები ქუთაისის მერიის მონაწილეობით (2015 წელი - 2016 წლის იანვარ-ივნისი)
მერიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები | მერიის მიერ შეტანილი სარჩელები | ||
ფიზიკური პირების მიერ | იურიდიული სუბიექტების მიერ | ფიზიკური პირების მიმართ | იურიდიული სუბიექტების მიმართ |
45 | 20 | 20 | 12 |
სულ: 65 | სულ: 32 | ||
ჯამი: 97 |
მერიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების უმეტესობა მერის და მერიის მიერ მიღებული ბრძანებების ბათილად ცნობას ეხებოდა (56 სარჩელი). დანარჩენ შემთხვევებში მოსარჩელეები მიწის ნასყიდობისა და სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირებას, საკუთრების უფლების აღდგენას, ასევე სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვდნენ. ერთ შემთხვევაში მოსარჩელეები ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის გადახდილი ბეს (8 317 ლარის) უკან დაბრუნებას, მეორე შემთხვევაში კი აუქციონის შედეგების გაუქმებას და გადახდილი 120 ათასი ლარის უკან დაბრუნებას ითხოვდნენ (არცერთი სარჩელი არ დაკმაყოფილდა).
რაც შეეხება ქუთაისის მერიის მიერ მოქალაქეებისა და იურიდიული პირების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს, ისინი, ძირითადად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებსეხებოდა. მერია მოპასუხეებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებას, მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობას, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებურად შეზღუდვას, გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევას და შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე რეკლამის განთავსებას ედავებოდა.
სასამართლოებში ქუთაისის მერიის მონაწილეობით საქმეების განხილვის შედეგები ქვემოთ მოყვანილ ცხრილშია მოცემული.
ცხრილი 2:
ქუთაისის მერიის მიერ მოგებული და წაგებული დავების რაოდენობა (2015 წელი - 2016 წლის იანვარ-ივნისი)
განხილვის შედეგი | საქმეების რაოდენობა |
მერიის მიერ წაგებული საქმეები | 13 |
მერიის მიერ მოგებული საქმეები | 46 |
მორიგებით დასრულებული საქმეები | 3 |
შეწყვეტილი საქმეები | 5 |
იხილება | 22 |
განიხილება | 5 |
დანიშნულია ექსპერტიზა | 3 |
სულ | 97 |
2015-2016
წლებში ქუთაისის მერიამ 13 სასამართლო დავა წააგო, რომელთაგან 3 გაასაჩივრა: ერთ საქმეში მერიის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ერთი საქმე უზენაეს, ერთი კი სააპელაციო სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს.
დასრულებული საქმეებიდან სასამართლომ მერიას ფულადი სანქცია ორ შემთხვევაში დააკისრა:
- ქუთაისის მერიასა და შპს "აიას" შორის მიწის ნასყიდობისა და სამართლებრივი ურთიერთობების აღდგენის შესახებ დავა მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულდა და მერიას "აიასთვის" 50 ლარის გადახდა დაეკისრა.
- გასულ წელს სასამართლოს იოსებ გაბრიჭიძემ მიმართა, რომელიც ა(ა)იპ "ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს. მოსარჩელე იოსებ გაბრიჭიძესა და მოპასუხე მერიას შორის დავის საგანს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და გაბრიჭიძის სამუშაოზე აღდგენა წარმოადგენდა. საქმე მორიგებით დასრულდა. მერიას გაბრიჭიძის სამსახურში აღდგენა და განაცდურის - 3 660 ლარის გადახდა დაევალა.
საერთო ჯამში, ქუთაისის მერიამ 2015-2016 წლებში სასამართლო პროცესებიდან 3 710 ლარის ზარალი მიიღო.
რაც შეეხება მოგებულ საქმეებს - ქუთაისის მერიამ მოცემულ პერიოდში სასამართლოში 46 საქმე მოიგო. მერიის სასარგებლოდ 7 ფიზიკურ პირს 10 ათასი ლარის, ხოლო 7 იურიდიულ პირს 14 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ (ჯამში 24 ათასი ლარი). გარდა ამისა, სამი მოსარჩელე მათთვის დაკისრებული ჯარიმის (თითოს 3 ათასი ლარი) გაუქმებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ქუთაისის მერიის მონაწილეობით, სასამართლოებში (დღევანდელი მონაცემებით) კიდევ 30-მდე საქმე (იხ. ცხრილი 2) მიმდინარეობს და ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგით დასრულდება ისინი.
დასკვნა 2015წლის განმავლობაში და 2016 წლის 1 ივლისის ჩათვლით, ქუთაისის მერიას მოსარჩელეებისათვის ჯამში 3 710 ლარის გაღება მოუწია, რაც ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალად შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა, მერიის სასარგებლოდ გადაწყვეტილი დავებიდან შემოსულმა თანხამ ბევრად მეტი - 24 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში მერიამ სასამართლოში 46 საქმე მოიგო, 13 კი წააგო.
შესაბამისად, ქუთაისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, ირაკლი გიორგაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.