ივნისს ციხისძირში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი "კასტელო მარე" გაიხსნა. გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რევაზ ხარაზმა ღონისძიების მიმართ კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა და 25-ე არხის კორესპონდენტს განუცხადა: "მე ხელთ მაქვს წიგნი, რომელიც 2012 წელსაა გამოცემული და მასში ასახულია ის ინვესტიცია, რომლითაც ორი დღის წინ აღნიშნული სასტუმრო გაიხსნა. მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ პრემიერმა იცრუა, როცა განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი კარგი საინვესტიციო გარემოს დამსახურებაა, რაც ხდება ამ სასტუმროსთან დაკავშირებით".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
პრემიერ-მინისტრი "კასტელო მარეს" გახნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა. "ეს არის კომპლექსი, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა ამ ისედაც ლამაზ ლანდშაფტს, რომელშიც 25 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია დაიხარჯა. ეს კიდევ არ არის დასასრული. აქ არის მიმზიდველი გარემო, რომელიც შეიქმნა საქართველოში ბიზნესისთვის და ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ ამით" - განაცხადაგიორგი კვირიკაშვილმა.
ფაქტ-მეტრმა ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ყველა განცხადება გადაამოწმა, თუმცა გიორგი კვირიკაშვილს არსად აღუნიშნავს, რომ სასტუმროს მშენებლობა მოქმედი მთავრობის დამსახურებაა. მას არც ის უთქვამს, რომ მიმზიდველი საინვესტიციო გარემო ხელისუფლებაში სწორედ "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ შეიქმნა.
2010 წლის 23 სექტემბერს ავსტრიულ-ქართულმა კომპანია "ქარაფმა", რომელიც 2010 წელს შპს "პანსიონატ ცისარტყელას" გაყოფის საფუძველზე შეიქმნა, ციხისძირში ორი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დააანონსა,რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ "კასტელო მარე" იყო. წინასწარი გეგმით, 7 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა იყო გათვალისწინებული, რომელიც ექსპლუატაციაში 2012 წელს უნდა შესულიყო.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს Facebook-ის გვერდიდან ირკვევა, "კასტელო მარეს" მშენებლობა 2011 წელს დაიწყო, ხოლო ექსპლუატაციაში, 2012 წლის ნაცვლად, 2015 წლის დეკემბერში შევიდა.
ფაქტ-მეტრთან საუბრისას რევაზ ხარაზმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დროს "კასტელო მარე" პრაქტიკულად დასრულებული იყო და ექსპლუატაციაში შესვლა "გარკვეული მიზეზების გამო" დროში გაიწელა. თუმცა, ფაქტ-მეტრთან საუბრისას მას ეს მიზეზები არ დაუკონკრეტებია და დაპირებული დოკუმენტაციაც ჯერჯერობით არ მოუწოდებია.
როგორც ფაქტ-მეტრს კომპანიიდან აცნობეს, 2009-2010 წლებში, სამშენებლო ტერიტორიის გაერთიანების მიზნით, ინვესტორის ხარჯზე 200 მეტრიანი რკინიგზის გალერეის მშენებლობა მიმდინარეობდა. ამავე წლებში ინვესტორმა საკუთარი ხარჯით დაიწყო საკომუნიკაციო ნაგებობების, კერძოდ განათებით აღჭურვილი საავტომობილო გზის, წყლის ოთხი ჭაბურღილის, სამრეწველო ტიპის გამწმენდი ნაგებობის, გაზსადენის, ინტერნეტის კაბელის და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
ტერიტორიაზე საინჟინრო და საკომუნიკაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2011 წელს, შესაძლებელი გახდა კომპლექსის ფართომასშტაბიანი მშენებლობა. მისი ფართი დღეისთვის 25 ათას კვ.მ-ს შეადგენს. კომპლექსი იმ სახით, როგორიცა დღესაა, ექსპლუატაციაში 2015 წლის დეკემბერში შევიდა. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, მშენებლობის პროცესის გახანგრძლივება და ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის დაგვიანება იმ პრობლემებით აიხსნება, რომელთა მოგვარებაც კომპანიას მშენებლობის დაწყებამდე დასჭირდა.
დასკვნა "
კასტელო მარეს" მშენებლობას საფუძველი 2010 წელს ჩაეყარა. თუმცა, ის ექსპლუატაციაში მხოლოდ 2015 წლის ბოლოს შევიდა. შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სიმართლეს ამბობს იმის შესახებ, რომ პროექტს საფუძველი 2012 წლამდე ჩაეყარა. მაგრამ, რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის განცხადების შეფასებას, პრემიერს არ უთქვამს, რომ სასტუმროს მშენებლობა მოქმედი მთავრობის დამსახურებაა და რომ მიმზიდველი საინვესტიციო გარემო სწორედ ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ შეიქმნა.
ასევე აღსანიშნავია, რომ "კასტელო მარეს" მშენებლობასა და კეთილმოწყობაზე 2010 წელს დაანონსებულ 5 მილიონ აშშ დოლარზე გაცილებით მეტი, 25 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. ფაქტ-მეტრის დასკვნით, რევაზ ხარაზის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.