ქედის დეპუტატმა იაშა შერვაშიძემ და მე, დავიწყეთ მუშაობა, რომ კანონპროექტი მიღებულიყო იმ სახით, რომლითაც მაღალმთიანი აჭარის ყველა სოფელი ისარგებლებდა შეღავათით. საბოლოოდ, მივაღწიეთ შეთანხმებას, მთავრობაც დაგვთანხმდა, რომ "მთის კანონი" მაღალმთიან აჭარაზე მთლიანად გავრცელდეს".
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, მართლაც ვრცელდება თუ არა აღნიშნული კანონი მთლიანად აჭარის მაღალმთიან რეგიონებზე.
საქართველოს კანონი "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საკანონმდებლო მაცნეში 2015 წლის 16 ივლისს გამოქვეყნდა.კანონის მიზანია მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის სტიმულირებისთვის შეღავათების განსაზღვრა, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებთა კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას, სოციალური და ეკნომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფენ. კერძოდ, მაღალმთიან რეგიონებში ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან, მეწარმე პირი თავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადებისგან. ასევე, ოჯახში პირველი და მეორე ბავშვისთვის ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად გათვალისწინებულია შემწეობა არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის ორი წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარის ოდენობით. აგრეთვე, კანონი ითვალისწინებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისა და მრავალსექტორიანი საჯარო სკოლებისთვის, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისთვის ვაუჩერის გაზრდილი რაოდენობით გაცემასაც. განსაზღვრულია ყოველთვიური დანამატი პენსიაზეც, არანაკლებ 20% და სოციალური პაკეტის 20% (ამოქმედდება მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან). კანონი აწესებს ზამთარში გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის ღონისძიებებსაც (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან). საჯარო სკოლებსა და პროფსასწავლებლებში გაიზრდება შრომის ანაზღაურება არანაკლებ 35%-ით (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან), ექიმები მიიღებენ დანამატს - სახელმწიფო პენსიის ორმაგ ოდენობას; ექთნები - სახელმწიფო პენსიის ოდენობას (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან).
დღეისთვის უკვე ამოქმედებული შეღავათები ამ ეტაპზე აჭარის სამ მუნიციპალიტეტზე - ხულოზე, შუახევსა და ქედაზე ვრცელდება, რომელთა შემთხვევაში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი საკამათო არ გამხდარა. თუმცა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე მაჭახლის ხეობის 9 სოფელი (ზედა ჩხუტუნეთი, ქვედა ჩხუტუნეთი, ზედა ქოქოლეთი, ჩიქუნეთი, ცხემლარა, სკურდიდი, აჭარისაღმართი, ქედქედი, სინდიეთი) ამ სტატუსის გარეშე დარჩა. იმის მიუხედავად, რომ მკვლევარებისა და ადგილობრივი ხელისუფლების აზრით ისინი ისტორიულ-გეოგრაფიული, დემოგრაფიული და სასაოფლო-სამეურნეო თავისებურებებით მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მისანიჭებლად ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. ამ სოფლებისთვის სტატუსის მინიჭებაზე უარყოფით პასუხს ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონისთანახმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1 500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შესაძლოა ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს.
2016 წლის 24 ივნისს მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, გუბერნატორები და პარლამენტარები არიან, მთის დასახლების სტატუსი საქართველოს მასშტაბით კიდევ 900 სოფელს მიანიჭა. მათ შორის მაჭახლის ხეობის სოფლები ვერც ამჯერად მოხვდნენ. ამის გამო ადგილობრივებმა აჭარის ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულეს. მკვლევარი როინ მალაყმაძე კომისიის სხდომის საოქმო ჩანაწერებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განხილვაში არ მონაწილეობდა და წარმომადგენლობამაც ვერ იმუშავა. ის, რომ საკითხი მოუმზადებელი იყო აჭარის მთავრობის იმდროინდელმა თავმჯდომარემაც აღიარა: "არ იყო მომზადებული ჩვენ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და საკითხი გადატანილი იქნა მომდევნო სხდომაზე" [იგულისხმება მთის განვითარების ეროვნული კომისიის სხდომა] - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ. მთის განვითარების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა კი განაცხადა,რომ წარმოდგენილი იყო მხოლოდ მეცნიერთა ჯგუფის შუამდგომლობა, რასაც ოფიციალური უწყებების დადასტურება არ ახლდა.
როგორც ფაქტ-მეტრმა გაარკვია, ამჟამად კანონით მოთხოვნილი კრიტერიუმების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, რომელმაც სამთავრობო კომისიას წერილი გაუგზავნა. წერილშინათქვამია, რომ გარდა მთის დასახლებისთვის დამახასიათებელი თავისებურებებისა, ხეობა სხვა მხრივაც "იმსახურებს" მაღალმთიანი დასახლების სტატუსს. "აღნიშნული სოფლები მდებარეობს საზღვრისპირა ზოლში, რაც, კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს უშლის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მოსახლეობაზე საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესს. ეს პრობლემა გამოწვეულია იმ გარემოების გამო, რომ მოქმედი კანონმდებლობით საზღვრისპირა 500 მეტრიან ზოლში იკრძალება მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში გაცემა, რაც იწვევს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს და მიგრაციას" - აღნიშნულია წერილში.
დასკვნა
ე.წ. "მთის კანონით" (რომელიც ამჟამად აჭარის მაღალმთიანეთის სამ მუნიციპალიტეტზე ვრცელდება) ამ ეტაპზე მნიშვნელოვან სოციალურ შეღავათებს ვერ იღებს მაღალმთიანეთის მცხოვრებთა ნაწილი - მაჭახლის ხეობის მოსახლეობა. იმის დასაბუთება, რომ აღნიშნულ დასახლებებს იგივე ისტორიულ-გეოგრაფიული თავისებურებები ახასიათებთ და მსგავსი დემოგრაფიული, სასოფლო-სამეურნეო და მიგრაციული პრობლემები აქვთ, მთის განვითარების ეროვნულ საბჭოში მომუშავე აჭარის წარმომადგენლობამ, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრებმა - ანზორ ბოლქვაძემ და იაშა შერვაშიძემ ჯერჯერობით ვერ შეძლეს. ხეობის მცხოვრებლებმა 24 ივნისს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ ძირითად ნუსხაში დამატებულ 900 სოფელში მაჭახლის ხეობის სოფლები ვერც ამჯერად აღმოაჩინეს. მთის განვითარების ეროვნული საბჭო აჭარის მთავრობისგან ოფიციალურ დოკუმენტაციას ელოდება. შეძლებს თუ არა ხეობის მცხოვრებთა ინტერესების დაცვას ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობა, კომისიის მომდევნო სხდომაზე გაირკვევა, რომელიც ივლისის ბოლომდე უნდა გაიმართოს. ფაქტ-მეტრი სხდომის გადაწყვეტილებას თვალს მიადევნებს და აღნიშნულ თემას კვლავ დაუბრუნდება.
ამ ეტაპზე კი ვასკვნით, რომ ანზორ ბოლქვაძის განცხადება იმის შესახებ, რომ მთის კანონი მაღალმთიან აჭარაზე მთლიანად გავრცელდება, არის მეტწილად მცდარი.