ტელეკომპანია "თრიალეთის" ეთერში (1:10:00 - 1:12:00

წთ) გორის საკრებულოს წევრმა პარტია "თავისუფალი დემოკრატებიდან", დავით წეწვაძემ, გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი სპორტის დაფინანსების სფეროში შერჩევითი მიდგომის გამო გააკრიტიკა. "არასრულ ორ კვირაში შეკრებაზე წასული საფეხბურთო გუნდი 200 ათას ლარზე მეტს ხარჯავს, ცალკე 2 მლნ ლარს მერია აძლევს და ისევ დაფინანსების გაზრდაზე აქვთ პრეტენზია, მაშინ, როცა მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონებს, მოჭიდავეებს - ლადო ხინჩეგაშვილს, გენო პეტრიაშვილს და დავით ტლაშაძეს ადგილობრივი ხელისუფლებისგან არანაირი დაფინანსება არ მიუღიათ. ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის დარბაზს კი, რომელიც გორში წელიწადნახევრის წინ გაიხსნა, დღემდე დირექტორი არ ჰყავს" - განაცხადა დეპუტატმა.

ფაქტ-მეტრი დავით წეწვაძის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ქალაქ გორში საფეხბურთო კლუბი 1949 წელს დაარსდა. 2014-15 წლების სეზონში "დილა" საქართველოს ჩემპიონი გახდა. ამ პერიოდიდან დღემდე საფეხბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილია.

მთავარი მწვრთნელის დანიშვნას ადგილობრივი ბიუჯეტიდან გორის "დილას" დაფინანსების ზრდა მოჰყვა, რამაც როგორც გორის საკრებულოს ზოგიერთ წევრს, ისე სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს კითხვები გაუჩინა.

ადგილობრივი ოპოზიცია უჩა სოსიაშვილის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ნათესაურ კავშირზე საუბრობდა და მიიჩნევდა, რომ გორის მერი საფეხბურთო კლუბ "დილას" მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს სწორედ ამის გამო იჩენდა.

ქალაქ გორის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი თავდაპირველად 15 მილიონ 382 ათასი ლარით განისაზღვრა, ცენტრალური ხელისუფლების ტრანსფერების ჩათვლით კი ის 19 მილიონ 880 ათას 100 ლარს შეადგენს.

აქედან, "დილას" დასაფინანსებლად 450 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც გორის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 2.2%-ია.

2015 წელს საფეხბურთო კლუბ "დილასთვის" 2 მლნ ლარი მართლაც იყო გამოყოფილი, მაგრამ ამ თანხაში გორის ბავშვთა საფეხბურთო სკოლის და ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდის დაფინანსებაც შედიოდა, ასევე თანხა, რომელიც "დილას" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებლად და უშუალოდ ტურნირზე საასპარეზოდ იყო განსაზღვრული. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებული თანხის გარდა "დილას" დამატებითი შემოსავლებიც აქვს.

გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა გორის "დილას" დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ მზადაა ამ თემაზე მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ გუნდის ფინანსური მდგომარეობის შემოწმების დასრულების შემდეგ ისაუბროს. როგორც ფაქტ-მეტრს მერიის პრესსამსახურში აცნობეს, აუდიტის დასკვნა უკვე არსებობს და მას ამჟამად ქალაქის მერი ეცნობა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, იჩენს თუ არა რაიმე სახის ყურადღებას მერია გორელი ოლიმპიური ჩემპიონების მიმართაც. "ფინანსური დახმარება ამ სპორტსმენებს მერიისგან არ მიუღიათ, თუმცა ჩვენი მონაწილეობა მათ წარმატებებში იმით გამოიხატება, რომ ეს ბიჭები ჩვენს სპორტულ დარბაზში გაიზარდნენ და ჭიდაობა ჩვენთან ისწავლეს" - განუცხადეს ფაქტ-მეტრს მერიის პრესსამსახურში.

ფაქტ-მეტრის მიერ აღნიშნული თემით დაინტერესებას გორის მერიის მიერ სოციალურ ქსელში ოლიმპიური ჩემპიონების ბანერის

გავრცელება მოჰყვა, სახელწოდებით "გორი სპორტული წარმატებების ქალაქია".

რაც შეეხება მოჭიდავეებისთვის გორში შექმნილ პირობებს, ბოლო ოცი წლის განმავლობაში გორელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ვარჯიში არადამაკმაყოფილებელ პირობებში უწევდათ. 2012 წელს მაშინდელმა საკრებულომ ახალი საჭიდაო დარბაზის მშენებლობისთვის ნახევარ მილიონ ლარამდე თანხა გამოყო. შენობა 2014 წელს აშენდა და გორელ მოჭიდავეებს მწვრთნელებთან ერთად უკეთეს გარემოში ვარჯიშის საშუალება მიეცათ. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2014 წელს გორი თვითმმართველი ქალაქი გახდა, გორის ახალშექმნილმა მერიამ ამ დრომდე ვერ მიიღო გადაწყვეტილება დარბაზისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი ხანგრძლივ განხილვას საჭიროებს და პროცესი ამ მიზეზით ჭიანურდება. იმის გამო, რომ საჭიდაო დარბაზი ა(ა)იპ-ად არ დარეგისტრირებულა, არ ჰყავს ხელმძღვანელი და მისთვის არც საბიუჯეტო დაფინანსება გამოყოფილა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დარბაზს იურიდიული პირის სტატუსი არ აქვს და ის ამჟამად მერიის ა(ა)იპ-ის - გორის ცენტრალური სასპორტო სკოლის საწვრთნელ ბაზას წარმოადგენს. ქალაქის მერია მხოლოდ დარბაზის კომუნალურ გადასახადებს აფინანსებს - წელს ამისთვის 30 ათასი ლარია გათვალისწინებული.

დარბაზში ხუთი მწვრთნელი მუშაობს, რომლებსაც ხელფასს ცენტრალური სასპორტო სკოლა უხდის. მოჭიდავე ოლიმპიური ჩემპიონებისთვის კი მერიას რაიმე სახის დაფინანსება გათვალისწინებული არ აქვს.

დასკვნა 2016

წელს გორის ადგილობრივი ბიუჯეტიდან "დილას" დასაფინანსებლად 450 ათასი ლარია გამოყოფილი, 2015 წელს კი ეს თანხა 2 მლნ ლარს შეადგენდა. 2014 წელს გორში საჭიდაო დარბაზი გაიხსნა, რომელიც ოფიციალურად ა(ა)იპ გორის ცენტრალური სასპორტო სკოლის დაქვემდებარებაშია, არ აქვს დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსი და, შესაბამისად, პირდაპირ დაფინანსებას ვერ იღებს (კომუნალური გადასახადების ხარჯების გარდა). გორელი მოჭიდავე ოლიმპიური ჩემპიონებისთვის კი ადგილობრივ თვითმმართველობას რაიმე სახის დაფინანსება გათვალისწინებული არ აქვს. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სპორტის ამ ორი სახეობისადმი ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება განსხვავებულია.

შესაბამისად, გორის საკრებულოს წევრის, დავით წეწვაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი