იტვირთება

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას ყველა საერთაშორისო შეფასება და რეიტინგი განხილული აქვს და ყველგან არის "უაღრესად" დიდი წინსვლა, ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის, მედიის თავისუფლების და მთავრობის ეფექტიანობის კუთხით. აღნიშნულის საილუსტრაციოდ ივანიშვილმა საკუთარ წერილზე

მიუთითა და ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო შეფასებები და რეიტინგები სწორედ ამას ამტკიცებენ.

ფაქტ-მეტრმა მედიის თავისუფლების და მთავრობის ეფექტიანობის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები უკვე გადაამოწმა (იხ. ბმული).

ამჯერად, ჩვენ მხოლოდ ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშები განვიხილეთ, რომლებსაც ამ სფეროში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები - Human Right Watch და Amnesty International ყოველწლიურად გამოსცემენ.

ფაქტ-მეტრი Human Right Watch-ის 2012, 2013, 2014, 2015 და 2016

წლების ანგარიშებს გაეცნო, სადაც 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაა განხილული.

2012

წლის ანგარიშში, რომელიც 2011 წელს ეხება, ხაზგასმულია შეკრების თავისუფლების საკითხი, მოყვანილია 2011 წლის 26 მაისის შემთხვევა, როგორც ამ უფლების დარღვევის ფაქტი და ხაზგასმულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მოუწოდებენ საქართველოს სახელმწიფოს გამოიძიოს 26 მაისს პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები.

Human Right Watch აღნიშნავს, რომ 2011 წელს ადმინისტრაციული პატიმრობის 30 დღიანი ვადა 90 დღემდე გაიზარდა. "მიუხედავად იმისა, რომ ეს სასჯელი სისხლის სამართლის სახდელის ეკვივალენტურია, დაკავებულ პირთათვის არ არის ხელმისაწვდომი სათანადო სამართლებრივი საპროცესო ნორმები". ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იძულებით გადაადგილებული პირების დროებითი საცხოვრებლებიდან გამოსახლებაზე და ნათქვამია, რომ გამოსახლების პროცესი არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. ხაზგასმულია ციხეებში არსებული ცუდი პირობები. ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირი საქართველოს სასამართლო რეფორმისკენ მოუწოდებს და შეშფოთებას გამოთქვამს პოლიტიკური და მედია პლურალიზმისათვის გარანტიების არარსებობის გამო.

2013 წლის ანგარიშში, რომელიც 2012 წელს ეხება,[1]

 2012 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დადებითად არის შეფასებული, თუმცა საუბარია წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიის აქტივისტების დევნის ფაქტებზე. ნათქვამია, რომ 2012 წლის ანგარიშში ხაზგასმული პრობლემა ადმინისტრაციული დაკავების სისტემასთან დაკავშირებით კვლავ აქტუალურია, რადგან ხელისუფლებას ამ მიმართულებით რეფორმები არ გაუტარებია.

2013

წლის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხს და ნათქვამია, რომ "ხელისუფლებამ აღიარა პატიმრებთან სასტიკი მოპყრობის როგორც სისტემური ხასიათი, ასევე მასზე ადეკვატური რეაგირების არარსებობა". დოკუმენტის თანახმად, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს სახელმწიფოს ციხის კადრებთან დაკავშირებით დროული, საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებისა და ჩამდენ პირთა პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა პირველად მიმართა საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციებით სასამართლო დამოუკიდებლობის და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად.

2014

წლის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება ნელა მიმდინარეობდა და გამჭვირვალობა აკლდა. აქვე ხაზგასმულია, რომ "გენერალურმა პროკურორმა მთლიანად გაათავისუფლა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ვლადიმერ ბედუკაძე, რომელმაც წარმოადგინა ინფორმაცია წამების შესახებ - რომელშიც თავადაც იყო ჩართული".

ანგარიშში იკვეთება შერჩევითი სამართლის და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის საკითხი - "ხელისუფლებას არ განუმარტავს, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა იმის განსაზღვრისას, წარსულში თანამდებობის ბოროტად გამოყენების რომელი შემთხვევა უნდა ყოფილიყო გამოძიებული; წარსული საქმეების გამოძიებისას სამართალდამცავებმა 6 000-ზე მეტი პირი დაკითხეს, ძირითადად პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები. ორივე ფაქტორმა საფუძველი მისცა ოპოზიციას, ემტკიცებინა, რომ მათი აქტივისტები პოლიტიკურად მოტივირებული წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ".

დოკუმენტში საუბარია რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებების დარღვევაზე.

ანგარიშში ხაზგასმულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაც: "მაისში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაასაჯაროვა ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერი, სადაც ფიგურირებდა ჟურნალისტი, რომელიც სასტიკად აკრიტიკებდა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს. მინისტრის მოადგილე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და იგი სასამართლო პროცესის მოლოდინში იყო პირადი ინფორმაციის უკანონო გამოყენებისა და გავრცელებისათვის. ხელისუფლებას სხვა უკანონო ფარული ჩანაწერები არ გაუნადგურებია". ასევე აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინარჩუნებს სათვალთვალო აპარატურას კავშირგაბმულობის სფეროს ოპერატორთა შენობებში, რაც მას აძლევს ყველანაირი კომუნიკაციის ავტომატური წვდომის შესაძლებლობას სასამართლოს მხრიდან კონტროლის გარეშე.

2015

წლის ანგარიშში პირდაპირ არის მითთებული, რომ "წარსულში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოძიებისას კვლავ გარკვეული კითხვები იჩენს თავს შერჩევით სამართალთან და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით; ასევე კვლავ პრობლემად რჩება დაუსჯელობა სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამო. პრობლემები არსებობს უმცირესობათა და ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებითაც".

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შეშფოთება გამოხატეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებულ სისხლის სამართლის ბრალდებებთან დაკავშირებით და მოუწოდეს ხელისუფლებას, მკაცრად დაიცვას სათანადო პროცესის მოთხოვნა და უზრუნველყოს, რომ სამართლებრივ დევნას არ ედოს საფუძვლად პოლიტიკური მოტივაცია.

დოკუმენტში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზეც არის საუბარი: "მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, 2014 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობის შედეგად სულ მცირე 23 ქალი გარდაიცვალა". ანგარიშში მოყვანილია განათლების სამინისტროს მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2011 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში 7 367-მა გოგონამ დატოვა სკოლა ადრეულ ასაკში ქორწინების გამო.

დადებითად შეფასდა პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და თებერვალში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჰომოსექსული მამაკაცების სისხლის დონორობაზე 13 წლიანი აკრძალვის გაუქმება.

2016

წლის ანგარიშში კვლავ პრობლემად რჩება პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმები, წამების და სასტიკი მოპყრობის ფაქტების არასათანადო გამოძიება, მედიის თავისუფლების საკითხი, უმცირესობების უფლებების დარღვევა. ნახსენებია საბი ბერიანის მკვლელობაც და ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მამაკაცისათვის სასამართლოს მიერ ბრალდების მოხსნა. საუბარია სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულზე.

დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ ევროკავშირის ანგარიშში - სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ - გარკვეულ სფეროებში პროგრესზეც არის საუბარი. თუმცა, იმავდროულად ხაზგასმულია "ძალაუფლების შტოების გამიჯვნისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის, პოლიტიკური შურისძიების, კონფრონტაციისა და პოლარიზაციის თავიდან აცილებისა და სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების გაზრდის საჭიროება". ასევე, საუბარია წინსვლაზე წამებასთან დაკავშირებულ საკითხებში.

Human Right Watch საკუთარი ანგარიშების შედგენისას გაეროს, ევროკავშირის და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე სხვა საერთაშორიოს ორგანიზაციების კვლევებს და ანგარიშებს ეყრდნობა. შესაბამისად, მისი შეფასებები საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულების ინდიკატორია. Human Right Watch-ის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე წლის ანგარიშებზე დაყრნობით, ნათქვამია, რომ მიუხედავად გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯებისა, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა კვლავ შეშფოთებას იწვევს.

იგივე პრობლემებზეა საუბარი Amnesty International-

ის წლიურ ანგარიშებშიც. მათი დიდი მოცულობის გამო ფაქტ-მეტრი ამ დოკუმენტების დეტალურ მიმოხილვას არ გთავაზობთ და იმის კონსტანტაციით შემოიფარგლება, რომ საქართველოში არსებული ვითარების შეფასება ამ ორგანიზაციის მიერ Human Right Watch-ის შეფასებებს ძირითადად ემთხვევა.

დასკვნა

ფაქტ-მეტრის მიერ მოყვანილი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებში პროგრესი ნამდვილად არის ნახსენები, მაგალითად, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სისტემურობის აღმოფხვრის საკითხში. თუმცა, ადამიანის უფლებების სფეროში ყველა წლის ანგარიშში მეორდება შესაძლო პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების, უმცირესობების უფლებების დარღვევების შემთხვევები, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოუძიებლობა. Human Right Watch-ის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე წლის ანგარიშებზე დაყრნობით, ნათქვამია, რომ მიუხედავად გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯებისა, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა კვლავ შეშფოთებას იწვევს.

შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში საქართველოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით "უაღრესად დიდი წინსვლაა ყველა მიმართულებით", არის მცდარი.

_______________________ [1] Human Right Watch-ის თითოეული ანგარიში წინა წლის შეფასებას მოიცავს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2839 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი