ჩვენ [საქართველო] ვართ მსოფლიოში მე-9 ქვეყანა ყველაზე დაბალი გადასახადის მაჩვენებლით".
ფაქტ-მეტრმა პრემიერ-მინისტრის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ქვეყნების მიხედვით საგადასახადო ტვირთის შეფასებას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევის ფარგლებში ახორციელებს. ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შესწავლა 130 ინდიკატორზე დაყრდნობით ხდება. ერთ-ერთ ინდიკატორს გადასახადების მოცულობის მოგებასთან ფარდობის მაჩვენებელი წარმოადგენს. 2015-2016 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშისმიხედვით (გვ. 176), გადასახადების მოცულობის მოგებასთან ფარდობის მონაცემით, კვლევაში მოცემულ 140 ქვეყნას შორის საქართველო (16.4%-იანი მაჩვენებლით) მე-9 ადგილზეა. 2013-2014 და 2014-2015 წლების ანალოგიური ანგარიშის თანახმად, გადასახადების მაჩვენებელი შესაბამისად 16.5 და 16.4%-ს შეადგენდა. რეიტინგში კი, საქართველო მეათე ადგილს იკავებდა.
კვლევის ფარგლებში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეყრდნობა. კონკრეტულად, გადასახადების მოგებასთან ფარდობის მაჩვენებლის შემთხვევაში კვლევა ეყრდნობა მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო აღნიშნული მაჩვენებლით მე-13 ადგილზე იმყოფება (იხ. გრაფიკი 1).
გრაფიკი 1:
გადასახადის ფარდობა მოგებასთან
წყარო: მსოფლიო ბანკი
რეიტინგში არსებული განსხვავება განაპირობა იმან, რომ გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში 140 ქვეყანას მოიცავს, ხოლო მსოფლიო ბანკი კი აღნიშნულ მონაცემს 220-მდე ტერიტორიული ერთეულისთვის აქვეყნებს. შესაბამისად, რეიტინგში საქართველოს პოზიციებს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები უფრო სრულყოფილად ასახავს.
საგადასახადო ტვირთის ოდენობასთან ერთად მნიშვნელოვანი ასპექტია გადასახადების ადმინისტრირების ხარისხიც. მოცემულ მიმართულებას შედარებით სრულყოფილად აფასებს მსოფლიო ბანკის კვლევაბიზნესის კეთების სიმარტივესთან დაკავშირებით (Doing Business), რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება. აღნიშნული კვლევის თანახმად, 2016 წლის რეიტინგში საქართველოს გაუმჯობესება არ ჰქონია და 2015 წლის მსგავსად მე-40 ადგილზე იმყოფება.
ფორბსის მიერ გამოქვეყნებული 2009 წლის Tax Misery & Reform Index[1] -ის მიხედვით კი, რომელიც ქვეყანაში დაწესებული ზღვრული გადასახადების პროცენტული მაჩვენებლის ჯამს აჩვენებს, საქართველო ყატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ჰონკონგის შემდგომ მე-4 ადგილზე იყო.
ცხრილში 1 მოცემულია საქართველოში არსებული გადასახდების ოდენობისა და პროცენტული მაჩვენებლების ცვლილების ტენდენცია, საიდანაც აშკარაა, რომ საგადასახადო ლიბერალიზაცია საქართველოში 2005-2009 წლებში განხორციელდა და მას შემდეგ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილება არ განხორციელებულა. 2009 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა იქნება მოგების გადასახადის წესის ცვლილება, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან შედეის ძალაში. ბიზნესში რეინვესტირებული მოგება გადასახადისგან სრულად თავისუფლდება. აღნიშნული ცვლილება დადებითად აისახება საქართველოს პოზიციაზე ზემოთაღნიშნულ რეიტინგებში.
ცხრილი 1:
გადასახადების შემცირების ტენდენცია საქართველოში
გადასახადების რაოდენობა | დღგ | საშემოსავლო გადასახადი | მოგების გადასახადი | სოციალური გადასახადი | |
2003 | 22 | 20% | 12-20% | 20% | 33% |
2005 | 7 | 20% | 12% | 15% | 20% |
2008 | 6 | 18% | 25% | 15% | 0% |
2009 | 6 | 18% | 20% | 15% | 0% |
2012 | 6 | 18% | 20% | 15% | 0% |
2013 | 6 | 18% | 20% | 15% | 0% |
2016 | 6 | 18% | 20% | 15% | 0% |
2017[2] | 6 | 18% | 20% | 0-15% | 0% |
დასკვნა
საგადასახადო ტვირთის მხრივ საქართველოს მაღალი პოზიცია სხვადასხვა რეიტინგში განპირობებულია 2005-2009 წლებში გატარებული რეფორმებით. შემდგომ პერიოდში აღნიშნული მიმართულებით, 2016 წელს მოგების გადასახადის რეფორმის განხორციელებამდე, ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული გლობალური კონკურენტუნარიანობის უახლესი ანგარიშის თანახმად, გადასახადების მოგებასთან ფარდობის 16.4%-იანი მაჩვენებლით საქართველო რეიტინგში მე-9 ადგილზე იმყოფება, თუმცა აღნიშნული კვლევა მხოლოდ 140 ტერიტორიულ ერთეულს მოიცავს. სტატისტიკური მონაცემების პირველწყაროს - მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული სრული მონაცემების ანალიზით კი ირკვევა, რომ გადასახადების მოგებასთან ფარდობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-13 ადგილზე იმყოფება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.___________________________ [1]
შემდგომი წლების ამსახველი კვლევა ფაქტ-მეტრმა ვერ მოიპოვა
[2] საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციით