სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 22 ივნისს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა,

რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით კანონი დაარღვია.

"

მიუხედავად იმისა, რომ კანონი ადგენს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარება მხარის ვალდებულებაა და გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა ის თავად უნდა მივიდეს და ჩაიბაროს გადაწყვეტილება, დღეს სასამართლომ თვითონ გამოგვიგზავნა გადაწყვეტილება... სასამართლო გადაწყვეტილების გაგზავნის ინსტიტუტს არ იცნობს, მხოლოდ ორი გამონაკლისია - სოციალურად დაუცველი და პატიმარი. რეალური შედეგი ამისა ის არის, რომ ჩვენ, სასამართლოს მცდელობით, გასაჩივრებისთვის [საჭირო] 18 დღე მოგვპარეს. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოპარული ვადაც, რომ მან ვერ მოასწროს გადაწყვეტილების დადგენა 54-ე მუხლზე, რომელიც ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს და რომელიც არის ერთადერთი რასაც ეყრდნობა სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში... ჩვენ გადაწყვეტილება ვერ ჩავიბარეთ, ვინაიდან ის იყო უკანონო აქტი" - განაცხადა გვარამიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საკუთრების დავაზე საქმის განხილვა 7 ივნისს დაასრულა, 10 ივნისს კი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა, რომლის თანახმადაც ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. სააპელაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებული იყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, ანუ 10 ივნისიდან, 14 დღის ვადაში მოემზადებინა დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებისთვის გადასაცემად. სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 12 დღეში შეასრულა აღნიშნული ვალდებულება და 22 ივნისს მხარეებს გადაწყვეტილება ფოსტით გაუგზავნა.

საქართველოს სასამართლოების საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურულ საკითხს, მათ შორის დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

არეგულირებს.

კოდექსის 259 პრიმა მუხლი ადგენს, რომ "თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი;

წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია".

ასევე, "ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო,

ამავე კოდექსის 70-ე და 78-ე მუხლებით დადგენილი წესით".

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 არც პატიმრობაში მყოფ პირს წარმოადგენს და არც სსსკ-ის 46 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე კატეგორიას ერგება, გარდა ამისა, 10 ივნისს, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას,

სასამართლომ მხარეებს განუმარტა მათი ვალდებულება, განჩინების გამოცხადების დღიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადების და გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საინტერესოა, რატომ ჩათვალა საჭიროდ სააპელაციო სასამართლომ მხარეებისთვის გადაწყვეტილების გაგზავნა.

23 ივნისს სააპელაციო სასამართლომ განცხადება

გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "ყოველგვარი საუბარი, რომ სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის ქმედება გასულია კანონის ჩარჩოებიდან, არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად ისახავს სასამართლოს დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. 259-ე პრიმა მუხლი, რომელზეც მხარის მიერ ხდება მითითება, წარმოადგენს სპეციალურ მუხლს, სადაც განსაზღვრულია მხარის მხოლოდ ვალდებულება გამოცხადდეს სასამართლოში არაუადრეს 21 და არაუგვიანეს 30 დღისა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად და თუ იგი თავს აარიდებს ამ მოვალეობას, გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად და დაიწყება ვადის ათვლა 30 დღიდან. 259-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილი იმპერატიულად ადგენს თუ რა კატეგორიის მხარეებთან მიმართებაშია ვალდებული სასამართლო გაუგზავნოს გადაწყვეტილება, რაც არანაირად არ გამორიცხავს სასამართლოს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ გაუგზავნოს ნებისმიერ სხვა მხარეს, მით უფრო თუ იგი 21 დღეზე ადრე იქნა მომზადებული. ამასთან, კანონში არ არსებობს ამკრძალავი ნორმა, რომელიც მოსამართლეს უზღუდავს უფლებას გაუგზავნოს კორესპონდენციები მხარეებს, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებაც".

სააპელაციო სასამართლოს განცხადება მთავარ კითხვას - თუ რატომ გახდა საჭირო 259 პრიმა მუხლის კანონში არსებობის მიუხედავად მხარეებისთვის გადაწყვეტილების გაგზავნა და ამ მუხლის არსებობის პირობებში ყოფილა თუ არა სასამართლოს პრაქტიკაში მსგავსი პრეცედენტი, პასუხს არ სცემს. ჩვენ სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურს დავუკავშირდით, რომელმაც ელექტრონული ფოსტის მისამართზე კითხვები გაგვაგზავნინა. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

თავდაპირველად, სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახური ფაქტ-მეტრთან საუბარში აღნიშნავდა, რომ სასამართლო ოფიციალურად უარს არ აცხადებდა პასუხების გამოგზავნაზე, უბრალოდ უფლებამოსილი პირი ვერ იცლიდა განმარტებების მოცემისათვის. ბოლო საუბრისას კი, პრესმდივანმა პირდაპირ გვითხრა, რომ კითხვებზე პასუხი არ იქნება.

ფაქტ-მეტრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესდმივანსაც ესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ ოფიციალური განცხადების გავრცელებას ან კომენტარის გაკეთებას სააპელაციო სასამართლოს მოცემულ ქმედებაზე იუსტიციის საბჭო ჯერჯერობით არ აპირებს და სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდზე მიგვითითა, სადაც, პრესმდივნის თქმით, გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნის საკითხი შესაბამისად არის განმარტებული.

ფაქტ-მეტრი თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ იაგო ხვიჩიას ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან არსებით დარღვევას, რომელიც გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს, ადგილი არ ჰქონია, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ არ იხელმძღვანელა სასამართლომ 259 პრიმა მუხლით და რატომ გახდა საჭირო გამონაკლისის დაშვება ამ კონკრეტულ საქმეზე. იაგო ხვიჩიამ თანასწორობის პრინციპის დარღვევაზეც ისაუბრა, ვინაიდან, მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკაში არ არსებობს საქმე, რომელზეც შეიძლებოდა 259 პრიმა მუხლის გამოყენება და სასამართლომ მაინც გაუგზავნა გადაწყვეტილება მხარეს.

ამ საკითხზე კომენტარი

გააკეთა საქართველოს სახალხო დამცველმაც. "ჩემი აზრით, ეს გარკვეული ხარვეზიც არის და მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ გააკეთოს განმარტება, რატომ მოხდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება. გვინდა მოვისმინოთ მეორე მხარის პოზიციაც, იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე. თუმცა, ზოგადად ის, რომ ვადებთან დაკავშირებით ხარვეზია და რეალურად რაღაც დარღვევები ხდება, ეს ცალსახაა" - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარეებისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გაგზავნის ფაქტს განცხადებით

 გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც". "სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ასეთ მოკლე ვადაში გადაწყვეტილების დასაბუთების მომზადება და ამ გადაწყვეტილების პროაქტიულად ჩაბარება უპრეცედნტო ფაქტია. სასამართლოს ასეთი ქმედება არცერთ სხვა საქმეზე არ განუხორციელებია.  ამ, და განსაკუთრებით პირველ ინსტანციაში საქმის მოსმენისას დაფიქსირებული დარღვევების ფონზე, დასტურდება ეჭვი სასამართლოს საქმიანობაზე შესაძლო პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

  დასკვნა

კანონში ნამდვილად ვერ ვხვდებით კონკრეტულ მუხლს, რომელიც სასამართლოს უკრძალავს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გაგზავნას, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ სასამართლომ კანონი დაარღვია. თუმცა, ნიკა გვარამიას განცხადება, რომ "კანონი ადგენს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარება მხარის ვალდებულებაა და გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა ის თავად უნდა მივიდეს და ჩაიბაროს გადაწყვეტილება", სიმართლეა. ასევე, ის, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გაგზავნის ინსტიტუტს არ იცნობს (გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა), სიმართლეს შეესაბამება.

კოლეგიის უფლებამოსილების საკითხი, 12 დღეში დაწერილი გადაწყვეტილება, მხარეებისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გაგზავნის პრეცედენტი - ეს ის თემებია, რომელზეც სააპელაციო სასამართლოს დღემდე განმარტება არ გაუკეთებია და არ დაუსაბუთებია ამდენი გამონაკლისის დაშვების საფუძველი. იმ ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა სამოქალაქო კოდექსის იმ ერთადერთი მუხლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით (54-ე), რომელსაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეყრდნობა, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ასეთი სიჩქარე ნამდვილად აჩენს კითხვებს სასამართლო პროცესის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი