მიმდინარე წლის 20 აპრილს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის გამოჩენაზე და მედიკამენტების გაიაფებაზე ისაუბრა. "კონკურენციის უზრუნველყოფამ უკვე მოიტანა შედეგი. ახალი მოთამაშის შემოსვლამ უკვე მოგვცა ბოლო 2 თვის განმავალობაში გამოხატული ტენდეცია, ძირითადი მოხმარების მედიკამენტებზე 20-23%-ით შემცირდა ფასები" - განაცხადა მინისტრმა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის პირველ სამ თვეში ფართო მოხმარების მედიკამენტებზე ფასები თითქმის უცვლელი იყო, აპრილში კი მედიკამენტების ფასები 7.6%-ით შემცირდა. ძირითადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასების შემცირების ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა და წინა თვესთან შედარებით მედიკამენტები 1.9%-ით გაიაფდა.

გრაფიკი 1:

მედიკამენტებზე ფასების ცვლილება 2016 წლის იანვარ-მაისში წინა თვესთან შედარებით (%)

image001

საქსტატის მონაცემებით, 2011-2013 წლებში მედიკამენტებზე ფასები მცირდებოდა. 2014 წელს მედიკამენტებზე ფასები 14.2%-ით, 2015 წელს კი 18.3%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში მედიკამენტებზე ფასები (წინა თვესთან შედარებით) მცირდება, 2016 წლის იანვარ-მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მედიკამენტების ფასები 15.2%-ით არის გაზრდილი.

გრაფიკი 2:

მედიკამენტებზე ფასების ცვლილება 2011-2016 წლებში (%)

image002

საქსტატი ფასების ცვლილებას ძირითადი მოხმარების მედიკამენტებზე აკვირდება. ესენია: ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ტკივილგამაყუჩებლები, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ანთების საწინააღმდეგო და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები. ჯანდაცვის მინისტრიც სწორედ ძირითადი მოხმარების მედიკამენტების გაიაფებაზე მიუთითებდა, თუმცა სერგეენკოს მიერ დასახელებული რიცხვები საქსტატის სტატისტიკასთან თანხვედრაში არ მოდის. ჩვენ მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროდანაც გამოვითხოვეთ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. ჯანდაცვის სამინისტროს პასუხში

განმარტებულია, რომ მედიკამენტების საიმპორტო ფასების შესახებ ინფორმაცია არ მიეკუთვნება საჯარო სახის ინფორმაციას და, შესაბამისად, ვერ მოგვაწვდიან, ხოლო მედიკამენტების სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ.

მედიკამენტების გაიაფებასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 17 მარტს სამმა წამყვანმა სააფთიაქო ქსელმა "ავერსმა", PSP-მ და "ფარმადეპომ" განცხადებები გაავრცელეს (იხ. განცხადებები ბმული 1; ბმული 2; ბმული 3).

აღნიშნულმა კომპანიებმა მედიკამენტების გაიაფება ეროვნული ვალუტის გამყარებას დაუკავშირეს. მათივე ინფორმაციით, ლარის კურსის გამყარების დინამიკის გაგრძელების და დასტაბილურების შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო დაიწევდა.

ლარის კურსის გამყარება 2016 წლის მარტიდან დაიწყო და ის იმთავითვე ვერ მოახდენდა იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ასახვას. ვალუტის კურსს რეალური გავლენა აქვს მაშინ, როცა იმპორტირებული პროდუქციის (ამ შემთხვევაში მედიკამენტების) არსებული მარაგები ამოიწურება და ახალი ნაკადი შემოვა. ამ ეტაპზე ფარმაცევტული კომპანიების მიერ მედიკამენტების გაიაფება მოგების შემცირების ხარჯზე მიღებული გადაწყვეტილება უფრო იყო.

ჯანდაცვის ექსპერტებმა მედიკამენტებზე ფასების შემცირება ბაზარზე ახალი მოთამაშის "ჰუმანითი ჯორჯიას" გამოჩენას დაუკავშირეს. "ჰუმანითი ჯორჯიას" ქვეყანაში ჯენერიკ

 მედიკამენტები გაცილებით დაბალ ფასად შემოაქვს. ამასთან, ახალი კომპანიის შემოსვლით, ამ ეტაპზე ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა.

მედიკამენტებზე ფასების ცვლილებას ასევე აკვირდება "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანდაცვის პლატფორმა", ე.წ. ფანასკერტელის ინდექსის მეშვეობით. აღნიშნული ინდექსი 200 ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე ფასების ცვლილებას იკვლევს. ფანასკერტელის ინდექსის მიხედვით, 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე ფასები მცირდებოდა. თუმცა, მიმდინარე წლის მაისში, აპრილის თვესთან შედარებით, მედიკამენტებზე ფასები კვლავ გაიზარდა.

კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ "ჰუმანითი ჯორჯიამ" გენერიული დასახელების მედიკამენტები მომხმარებლებს მინიმუმ 30%-ით იაფად შესთავაზა. საპასუხოდ, უკვე არსებულმა კომპანიებმა მნიშვნელოვნად დაწიეს ფასები, რაც დაადასტურა კიდეც ფანასკერტელის ინდექსმა. მაგრამ, დაახლოებით 5 თვის გასვლის შემდეგ, როდესაც "ჰუმანითი ჯორჯიას" ეფექტი გაქრა, კომპანიებმაც არ დააყოვნეს და მედიკამენტებზე ფასები ისევ გაზარდეს".

  დასკვნა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ძირითადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები თითქმის უცვლელი იყო. აპრილში კი, მედიკამენტების ფასები 7.6%-ით შემცირდა. მედიკამენტებზე ფასების შემცირების  ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა. ფასანაკერტელის ინდექსის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნად 200 მედიკამენტზე ფასები 2015 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის აპრილის ჩათვლით ყოველთვიურად მცირდებოდა. ამავე ინდექსის მიხედვით კი, მაისში მედიკამენტებზე ფასები კვლავ გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია (ზემოაღნიშნული მიზეზების გამო) არ მოგვაწოდა.

დავით სერგეენკოს განცხადების შეფასებისას ჩვენ არ ვითვალისწინებთ მაისის მონაცემებს, რადგან იმ ეტაპზე მაისის მონაცემები არ იყო ცნობილი. მინისტრის განცხადება, ძირითადი მოხმარების მედიკამენტების ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, სწორია, თუმცა მის მიერ დასახელებული რიცხვები სტატისტიკურ მონაცემებთან თანხვედრაში არ მოდის.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით სერგეენკოს განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია