ერთის მხრივ მთავრობა დეკლარირებას ახდენს ტურიზმზე, მეორე მხრივ კი, აძვირებს ტურისტებისთვის საქართველოში შემოსვლის და საქართველოდან გასვლის გადასახადს, იმიტომ, რომ ბილეთში შედის ეს გადასახადი".
ფაქტ-მეტრი დეპუტატის ამ განცხადებით დაინტერესდა.
თურქული "ტავ ურბანი", რომელიც "ტავ საქართველოს" დამფუძნებელი კომპანიაა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15 წლიანი მართვის უფლებით 2005 წელს შევიდა.თუმცა, იმავე წელს განხორციელებული ხელშეკრულების ახალი რედაქციით კომპანიას ოპერირების ვადა 2027 წლამდე გაუგრძელდა.
თბილისის ახალი აეროპორტის აშენებაზე კომპანიამ 62 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. 2007 წელს ახალი აეროპორტი გაიხსნა. თურქულმა კომპანიამ 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვისაც გაიღო.
2012 წლის აგვისტოში, საქართველოს ყოფილმა მთავრობამ, "ტავ ჰოლდინგთან", რომელიც თბილისის აეროპორტის ოპერატორი კომპანიის "ტავ საქართველოს" 76% წილის მესაკუთრეა, მემორანდუმიგააფორმა. მემორანდუმის მიხედვით, თურქულ კომპანიას 65 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო იმ ორი ასაფრენი ზოლიდან ერთის რეკონსტრუქციაში, რომელიც ამჟამად უმოქმედოა. დაგეგმილი ინვესტიციების სანაცვლოდ "ტავ საქართველოს" მართვის უფლება 10 წლით და 9 თვით, 2027 წლის თებერვლიდან 2037 წლის 8 ნოემბრამდე გაუხანგრძლივდებოდა. კომპანიამ 2012 წლის სექტემბერში ასაფრენი ზოლის მშენებლობა დაიწყო.
თუმცა, 2013 წლის იანვარში ახალმა მთავრობამ "ტავთან" გაფორმებული მემორანდუმი შეწყვიტა. როგორც მაშინ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ განაცხადა სახელმწიფომ ჩათვალა, რომ კომპანიისთვის დამატებით კიდევ 11 წლით ოპერირების ვადის გაგრძელება მიზანშეწონილი არ იყო. რაც შეეხება გასაკეთებელ ასაფრენ ბილიკს, მიქელაძის განცხადებით, მთავრობა შეეცდებოდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში იაფი რესურსი მოეძია, რათა ასაფრენი ზოლის რეკონსტრუქცია დასრულებულიყო. ასევე, თურქული კომპანია სახელმწიფოსგან მიიღებდა იმ შესაძლო ხარჯების კომპენსაციას,რომელიც მას ასაფრენი ზოლის რეკონსტრუქციისთვის უკვე გაღებული ჰქონდა.
მოგვიანებით, იმავე წელს, ცნობილი გახდა, რომ მთავრობა "ტავთან" გაფორმებულ მემორანდუმს (რომელიც გააუქმა) გადახედავდა. ხელშეკრულების ახალი ვერსია კი "ტავ საქართველოსგან" 2013 წლის 12 ივნისს მიიღო.
საბოლოოდ, საქართველოს მთავრობასა და "ტავ საქართველოს" შორის ხელშეკრულება 2015 წლის 28 მაისს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც "ტავ ურბან საქართველოს" ოპერირების ვადა 2037 წლის ნაცვლად, 2027 წლის იანვარში ამოეწურება. გაგრძელდა ასაფრენი ზოლის რეკონსტუქციაც, სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ყოველკვირეულად იბარებს. მინისტრი საკმაოდ ხშირად სტუმრობს მშენებლობასაც. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები (მოქმედ ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე და სამიმოსვლო ბილიკებზე) სრულად 2016 წლის 30 ივნისს უნდა დასრულდეს. 2012 წელს გაფორმებულ მემორანდუმში გათვალისწინებული უმოქმედო ასაფრენი ზოლის რეკონსტრუქცია კი შეჩერებულია. დევს თუ არა მისი განახლება/მშენებლობა ახალ ხელშეკრულებაში უცნობია, რადგან თავად ხელშეკრულება საჯარო არაა.
რაც შეეხება მიხეილ მაჭავარიანის ზემოთ მოყვანილ გაცხადებას, დეპუტატი ფაქტ-მეტრთან საუბარში განმარტავს, რომ მომსახურების საფასური, რომელიც ბილეთის ფასში შედის, 22 დოლარი იყო და 40 დოლარამდე გაიზრდება. შესაბამისად, მოიმატებს ავიაბილეთების ფასიც. "როცა მგზავრი ყიდულობს ბილეთს, მომსახურების საფასურს - 22 დოლარს იხდის. ასე იყო აქამდე. ახლა კი, ჩემი წყაროს ინფორმაციით, ამ ახალი ხელშეკრულებით მომსახურების საფასური 22 დოლარიდან 40 დოლარამდე იზრდება. სწორედ ამ თანხაში შედის ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობა" - აღნიშნა ჩვენთან საუბარში მაჭავარიანმა.
მართლაც გაიზრდება თუ არა ავიაბილეთების ფასი ახალი ხელშეკრულებით, ან ზოგადად რა პირობებია ამ ხელშეკრულებაში, ჯერჯერობით უცნობია. ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფაქტ-მეტრთან გაკეთებული განმარტების თანახმად, მათ ხელშეკრულების შინაარსის დეტალებზე საუბარი არ შეუძლიათ, ვინაიდან ის საჯარო არაა.
ხელშეკრულების კონფიდენციალურობაზე საუბრობს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაც და აღნიშნავს, რომ შპს "ტავ ურბან საქართველოსთან" დადებული ხელშეკრულებები კონფიდენციალური ხასიათის შეთანხმებებს წარმოადგენენ, რომელთა პირობების გამჟღავნების უფლებამოსილება მხარეებს არ გააჩნიათ.
ავიაბილეთებზე ფასის ზრდასთან დაკავშირებით მხოლოდ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კომენტარია ცნობილი. მან აღნიშნა,რომ "ტავს" ჰქონდა შესაძლობლობა 12 პროცენტიანი ზრდა მოეთხოვა, თუმცა ისინი ამ დონის ზრდაზე უარს ამბობენ და ტარიფების ზრდა შესაძლოა სამ ეტაპად, მგზავრზე თითო-თითო დოლარით მოხდეს.
დასკვნა ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, გაიზრდება თუ არა ავიაბილეთების ფასი, რადგან საქართველოს მთავრობასა და "ტავ საქართველოს" შორის დადებული ხელშეკრულება კონფიდენციალურია. აქედან გამომდინარე, ფაქტ-მეტრს მიხეილ მაჭავარიანის განცხადების უარყოფა ან დადასტურება არ შეუძლია. თავად დეპუტატი აცხადებს, რომ მან ეს განცხადება სანდო წყაროზე დაყრდნობით გააკეთა. მომავალში, მეტი დეტალის გამჟღავნების შემთხვევაში, ფაქტ-მეტრი ამ საკითხს კვლავ დაუბრუნდება და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.