და აღნიშნა, რომ საბანკო სექტორში კომერციულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 2008-2012 წლებში 16.2%, 2013-2015 წლებში კი 12.1% იყო, ხოლო ბიზნეს- სექტორზე გაცემული სესხები 90%-ით, 8 მილიარდი ლარიდან 15 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2008-2012 წლებში კომერციულ სესხებზე (იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები) საშუალო საპროცენტო განაკვეთი (ლარში და დოლარში გაცემულის საშუალო) 16.1% იყო, ხოლო 2013-2015 წლებში 12.0%-მდე შემცირდა.
დიმიტრი ქუმსიშვილი რიცხვებს სწორად ასახელებს, მაგრამ რიცხვებით მანიპულირების გზით, რეალობის უკეთესად წარმოჩენას ცდილობს. ის გასული 5 წლის (2008-2012) მაჩვენებელს ბოლო 3 წლის (2013-2015) მაჩვენებელს ადარებს. მინისტრი 2008 და 2009 წლების მონაცემებს განგებ იღებს, რათა წინა მთავრობის პერიოდის საპროცენტო განაკვეთი რაც შეიძლება მაღალი გამოჩნდეს. რუსეთ-საქართველოს ომთან ერთად, 2008-2009 წლებში მსოფლიო ფინანსური კრიზისი იყო. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკაში გაზრდილი რისკების საპასუხოდ ბანკებმა სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად გაზარდეს. 2010 წლიდან ეკონომიკა განვითარებას დაუბრუნდა და საპროცენტო განაკვეთებმა შემცირება დაიწყო. თუ მოქმედი მთავრობის მმართველობის 3 წელს მისი წინამორბედის ბოლო 3 წელს (2010-2012) შევადარებთ, საპროცენტო განაკვეთების კლების ტემპი შემცირებულია. 2010-2012 წლებში კომერციულ სესხებზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 3.9% პუნქტით, ხოლო 2013-2015 წლებში 2.8% პუნქტით შემცირდა. ამასთან, 2014 წლის შემდეგ საპროცენტო განაკვეთებს ზრდის ტენდენცია აქვს (რასაც ეკონომიკის მინისტრი განგებ არ ახსენებს). 2016 წლის აპრილის მდგომარეობით ის 0.65% პუნქტით არის გაზრდილი.
გრაფიკი 1:
საშუალო საპროცენტო განაკვეთი კომერციულ სესხებზე, 2007-2016 წლები
ბიზნეს-სექტორზე გაცემულ სესხებში მინისტრი კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულ სესხებს გულისხმობს (თუმცა, ეს სესხები შინამეურნეობებზე გაცემულ სამომხმარებლო სესხებსაც მოიცავს). 2015 წლის ბოლოს ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო 2012 წლის ბოლოს 8.4 მილიარდი ლარი იყო. შესაბამისად, ზრდამ 81% შეადგინა.
გრაფიკი 2:
ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა 2008-2016 წლებში, მლნ ლარი
ეკონომიკის მინისტრი გაცემულ სესხებთან დაკავშირებითაც თითქმის ზუსტ რიცხვებს ასახელებს, მაგრამ ისევ რიცხვებით მანიპულირების გზით რეალობის უკეთ წარმოჩენას ცდილობს. ეკონომიკაზე გაცემული მთლიანი სესხების მოცულობა მოიცავს როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს (ძირითადად დოლარში). როდესაც ლარის კურსი უფასურდება, დოლარში გაცემულ სესხებს თუ ლარში გადავიყვანთ, უფრო დიდ რიცხვს მივიღებთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტება გაიზარდა. პირიქით, ლარის კურსის გაუფასურებით გამოწვეული ვალის ტვირთის ზრდა ნეგატიური მოვლენაა და მსესხებლებისთვის პრობლემას წარმოადგენს. ამ ფონზე კი, მინისტრი აღნიშნული მოვლენის ქვეყნისთვის დადებით პროცესად წარმოჩენას ცდილობს და ლარის გაუფასურებით გაზრდილი საკრედიტო ტვირთი მთავრობის წარმატებული საქმიანობის არგუმენტად მოჰყავს.
ეკონომიკაზე ლარში გაცემული სესხები 2012 წლის შემდეგ 2.7 მილიარდი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული 4.5 მილიარდი ლარით გაიზარდა. თუ უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებს დოლარებში ვნახავთ, გამოვა, რომ 2012 წლის ბოლოს 3.6 მილიარდი დოლარის, ხოლო 2015 წლის ბოლოს 4.35 მილიარდი დოლარის სესხი იყო გაცემული. ზრდა 750 მლნ დოლარია. კურსის ცვლილების გათვალისწინებით გამოდის, რომ 2012 წლის შემდეგ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა დაახლოებით 4 მილიარდი ლარით გაიზარდა, რაც 48%-იანი ზრდაა (და არა 90%-იანი ზრდა, როგორც მინისტრი აღნიშნავს). უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ზრდის ტემპს თუ ვნახავთ, 2010-2012 წლებში ის წლიურად საშუალოდ 15%-ით, ხოლო 2013-2015 წლებში 7%-ით იზრდებოდა. ლარში გაცემული სესხები კი 2010-2012 წლებში, წლიურად, საშუალოდ 34.4%-ით, ხოლო 2013-2015 წლებში საშუალოდ 26.6%-ით იზრდებოდა.
დასკვნა
ეკონომიკის მინისტრი სესხების საპროცენტო განაკვეთებზე და მოცულობებზე თითქმის ზუსტ მონაცემებს ასახელებს, თუმცა ის ამ რიცხვების გამოყენებით რეალობის უკეთესად წარმოჩენას ცდილობს. არამართებულია ბოლო სამი წლის (2013-2015) მაჩვენებლების წინა ხუთ წელთან (2008-2012) შედარება, თუნდაც იმიტომ, რომ 2008-2009 წლები კრიზისული წლები იყო და საპროცენტო განაკვეთები ამის გამოც გაიზარდა. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საპროცენტო განაკვეთები 2010-2012 წლებში უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე 2013-2015 წლებში. ამასთან, 2015 და 2016 წლებში საპროცენტო განაკვეთი 2014 წელთან შედარებით გაზრდილია.
სესხების მოცულობებზე საუბრისას, მინისტრი ლარის კურსის გაუფასურებით გამოწვეულ ვალის ზრდას დადებით მოვლენად განიხილავს. ამ დროს, უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების ლარში გამოხატული სიდიდის ზრდა საქართველოს მოსახლეობისთვის (როგორც ბიზნეს- სექტორისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის) პრობლემას წარმოადგენს. თუ ლარის კურსის ცვლილებას უგულვებელვყოფთ, დაკრედიტება 48%-ით და არა 90%-ით გაიზარდა. ასევე, 2010-2012 წლებთან შედარებით, სესხების ზრდის ტემპი, როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში, შემცირებულია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის რიცხვებით მანიპულირება.