რუსთავი 2-ის ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა: "ივანიშვილი ამბობდა, რომ ჩინეთში ღვინოს საერთოდ არ სვამენ და სააკაშვილი იმდენად უტვინო იყო, რომ სწორებას ჩინეთის ბაზარზე აკეთებდა. დღეს კი მთავრობა ამბობს, რომ ჩინეთის ბაზრის გახსნა უდიდესი მიღწევაა".
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2011 წელს, ინტერნეტპორტალ geoworld.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში,ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არასწორი პოლიტიკის გამო ქართველებს რუსეთში ღვინო ვეღარ გაჰქონდათ. ამ დროს კი, მთავრობამ ჩინური ბაზრის ათვისება დაიწყო, როცა ჩინელები ღვინოს საერთოდ არ სვამენ. ივანიშვილმა საქართველოს ყოფილი მთავრობის პოლიტიკა, რაც ბაზრების დივერსიფიცირებას გულისხმობდა (რისი ერთ-ერთი მაგალითი ჩინეთიც იყო), არასწორ ნაბიჯად შეაფასა.
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს 2015-2016 წლების მონაცემებით, ჩინეთი საქართველოდან ღვინის საექსპორტო ქვეყნების ხუთეულშია.
ცხრილი 1:
რუსეთსა და ჩინეთში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება (ათას დოლარებში) და მათი წილი მთლიან ექსპორტში
ჩინეთი | რუსეთი | ექსპორტიტებული ღვინის ღირებულება | ჩინეთში ექსპორტირებული ღვინის წილი მთლიან ექსპორტში | რუსეთში ექსპორტირებული ღვინის წილი მთლიან ექსპორტში | |
2010 | 679.6 | 41 137 .7 | 2% | ||
2011 | 1 959.5 | 54 086.9 | 4% | ||
2012 | 3 782.3 | 64 827.7 | 6% | ||
2013 | 3 296.1 | 56 357.6 | 127 850.9 | 3% | 44% |
2014 | 4534.0 | 107 239.2 | 180 387.8 | 3% | 59% |
2015 | 8406.6 | 42 574.8 | 95 795.7 | 9% | 44% |
2016 (4 თვე) | 2 200.2 | 14 374.9 | 29 385.9 | 8% | 49% |
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის სამი თვის მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში შედიან: რუსეთი - 4 077 797 ბოთლი, უკრაინა - 1 088 862 ბოთლი, ყაზახეთი - 784 844 ბოთლი, პოლონეთი - 443 208 ბოთლი და ჩინეთი - 371 295 ბოთლი.
როგორც ცხრილიდან ჩანს, რუსულ ბაზარზე ღვინის გატანა 2013 წელს განახლდა. 2013-2016 წლებში რუსეთის ბაზარზე ექსპორტირებული ღვინიდან მიღებულმა შემოსავალმა ღვინის ექსპორტიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 51%-შეადგინა. თუმცა, 2014 წელთან შედარებით, ბოლო წლებში რუსეთში ღვინის ექსპორტი კვლავ მცირდება.
რაც შეეხება ჩინეთის ბაზარზე ექსპორტირებული ღვინიდან მიღებული შემოსავლის წილს ღვინის ექსპორტში, ეს მაჩვენებლი 2010-2012 წლებში 2%-6%, 2013 და 2014 წლებში კი 3% იყო. 2015 წლისა და 2016 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ჩინეთში ღვინის ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 9% შეადგენს. 2015 წელს ჩინეთის ბაზარზე 2 672 154 ბოთლი ღვინო გავიდა და ზრდამ წინა წელთან შედარებით 122% შეადგინა.
ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობაზე მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ ისაუბრეს. ამ თემაზე განცხადება პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც გააკეთა.მან აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ჩინეთის ბაზრის ათვისება ძალიან მნიშვნელოვანია.
დასკვნა
როგორც ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბიძინა ივანიშვილმა ნამდვილად გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ჩინეთში ღვინოს არ სვამდნენ და ამ მხრივ ჩვენი ქვეყნისთვის ჩინური ბაზარი უმნიშვნელო იყო. თუმცა, ამჟამად ჩინეთი საქართველოდან ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეხუთეა. მართალია, ჩინეთში გატანილი ღვინის ღირებულება ჯერჯერობით მნიშვნელოვნად ჩამორჩება რუსეთში ექსპორტირებულ ღვინოს, თუმცა, ეს მოცულობა ყოველწლიურად იზრდება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზაზა ბიბილაშვილის განცხადება არის სიმართლე.