ქალაქისთვის სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზიანმა 200 მლნ ლარი შეადგინა.
სტიქიის შედეგებმა დაგვანახა, რომ დედაქალაქი ეკოლოგიური საფრთხისგან თავის დასაცავად მოუმზადებელი აღმოჩნდა. ხარვეზები საჯარო სამსახურების მუშაობაშიც გამოვლინდა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა ღონისძიებები განხორციელდა სტიქიის პრევენციის მიმართულებით გასული ერთი წლის მანძილზე. ამ თემაზე ჩვენ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რამაზ ჭითანავას ვესაუბრეთ. ჭითანავას ინფორმაციით, სტიქიამდე თბილისში მხოლოდ ერთი, ვაშლიჯვრის მეტეოროლოგიური სადგური არსებობდა, რაც თბილისის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ნალექების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად საკმარისი არ იყო. სტიქიის შემდეგ ვერეს ხეობაში 4 ავტომატური ნალექმზომი და 3 წყლისმზომი დამონტაჟდა (გასული წლის ივლისში ავტომატური ნალექმზომები სოფელ ორბეთში და სოფელ დრეში, წყლისმზომი კი სოფელ ვანათში დამონტაჟდა. ზაფხულშივე, 2 ნალექმზომი და 2 წყლისმზომი მდინარე ვერეს ხეობაში, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა). ავტომატური მზომების დამონტაჟებამ ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტს ხეობაში მოსული ნალექების რაოდენობის და მდინარეში წყლის დონის შესახებ ინფორმაციის დღე-ღამურ რეჟიმში მიღების საშუალება მისცა.
რამაზ ჭითანავას თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტო სტიქიამდე მაღალი ტექნიკური შესაძლებლობის რადარს არ ფლობდა, რამდენიმე თვის წინ კი სააგენტომ სსიპ "დელტას" რადარის მონაცემებზე წვდომის უფლება მოიპოვა. ამ მიზნით, მწარმოებელი კომპანიისგან ლიცენზია 60 000 ევროდ შეიძინეს. რადარი ღრუბლების გადაადგილების სიჩქარის და წყლიანობის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით კი, 2-3 საათის წინსწრებით ძლიერი ნალექის მოსვლის და ნალექის ეპიცენტრის პროგნოზირებაა შესაძლებელი. ეს ინფორმაცია, თავის მხრივ, სტიქიის შესახებ გაფრთხილების დროულად გაცემის საშუალებას იძლევა. ვერეს ხეობაში ასევე დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების (განგაშის) სისტემა. "მონიტორინგის გაძლიერებული სისტემის საფუძველზე, თუ ჩვენ გვექნება მსგავსი ინტენსივობის ნალექის ოდენობა, ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტი კრიტიკულ ნიშნულს დააფიქსირებს და ინფორმაციას შესაბამის უწყებებს მიაწვდის" - აღნიშნა რამაზ ჭითანავამ.
მნიშვნელოვანი საკითხია იმ გვირაბების მდგომარეობაც, რომლის საშუალებითაც ღვარცოფსაშიში მდინარეები თბილისში შემოდის და მდინარე მტკვარს უერთდება. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლის, გოგა წერეთელის ინფორმაციით, 2015 წლის სტიქიის შემდეგ 7 გვირაბი იყო დაზიანებული. აღნიშნულ გვირაბებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდათ, მოიჯავშნა და გამაგრდა გვირაბის შესასვლელები და კედლები. გარდა ამისა, გვირაბების არმირება (კონსტრუქციის გაძლიერება სხვა მასალით) განხორციელდა.
წერეთელის განცხადებით, სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დედაქალაქის მთავრობას 40 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. მათ შორისაა: წყალმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელის აღდგენა, გრუნტისა და სამშენებლო მასალების გატანა, გზების აღდგენა, საყრდენი კედლების და ფერდობების გამაგრება და ა.შ. განხორციელდა გმირთა მოედნის, სანაპიროს და ავტომაგისტრალის რეაბილიტაცია. საყრდენი კედელი მოეწყო წყნეთის ქუჩაზე და წყნეთის გზატკეცილზე. ამჟამადაც მიმდინარეობს ნატანდამჭერი ცხაურების მშენებლობა ვერეს ხეობაში. მიმდინარეა ასევე კოჯორი-სამადლოს გზის მშენებლობა.
რაც შეეხება სტიქიის შედეგად განადგურებულ ვერეს ხეობას, მისი აღდგენის რამდენიმე კონცეფცია არსებობდა. ერთ-ერთი კონცეფციის მიხედვით, ვერეს ხეობაში რეკრეაციული ზონა გაშენდება, რასაც თბილისის მერიაც მხარს უჭერს. უკვე გამოცხადებულია კონკურსი და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლენილია.სტიქიის პრევენციის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ჩვენ კომენტარი პარტია "მწვანეთა მოძრაობის" თანადამფუძნებელს, ნინო ჩხობაძესაც ვთხოვეთ. მისი ინფორმაციით, უსაფრთხოების კუთხით ვერეს ხეობაში რიგი ღონისძიებები განხორციელდა, გაღრმავდა ვერეს კალაპოტი, სადაც შესაძლებელი იყო მდინარე გათავისუფლდა გვირაბისგან და გვირაბის ადგილას ხიდი გაკეთდა. ჩხობაძის თქმით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ვერეს ხეობაში რისკის ზონები დაადგინა, სადაც ნებისმიერი ტიპის აქტივობა და მით უმეტეს ადამიანების ცხოვრება დაუშვებელია, რადგან ეს ტერიტორიები მსგავსი სტიქიების ან ნაკლები ნალექის შემთხვევაშიც კი შეიძლება უბედურების ზონად იქცეს. მეწყერსაშიშ ზონებში და მდინარის გასწვრივ ადრეული შეტყობინების სისტემები დამონტაჟდა, რაც სტიქიის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩხობაძის აზრით, სტიქიის პრევენციის მიმართულებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მრავალი დარგის კოორდინირებული მუშაობაა საჭირო და ერთი წლის განმავლობაში ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია.
როგორც აღვნიშნეთ, 13-14 ივნისის სტიქიის დროს გარკვეული ხარვეზები საჯარო სამსახურების ქმედებებშიც გამოვლინდა. ამის მაგალითია თუნდაც ის ფაქტი, რომ სტიქიიდან რამდენიმე დღის შემდეგ ადამიანის სიცოცხლე ზოოპარკიდან გაქცეულმა მხეცმა შეიწირა. 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში კრიზისების მართვის საბჭო იყო ჩართული და სხვადასხვა საჯარო სამსახურის მუშაობას კოორდინაციას უწევდა. კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ამ ერთი წლის მანძილზე უწყების ეფექტურად მუშაობისთვის გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. საბჭოს აპარატში კატასტროფის რისკის შემცირების 5 წლიანი სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია, ე.წ. "დრაფტი" შემუშავდა. უწყების ინფორმაციით, ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ მიმდინარე წლის თებერვალში საბჭოში ეროვნული სიტუაციური ოთახი ამოქმედდა. იგი თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტია, სადაც კრიზისული მდგომარეობის მართვა ხორციელდება. აქ შექმნილია საერთო სივრცე და ყველა პირობაა სხვადასხვა უწყების 100-მდე თანამშრომლის მუშაობისთვის, რაც კოორდინაციის ხარისხს აუმჯობესებს.
ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, მოხდა თუ არა 13 ივნისის სტიქიის მიზეზების შესწავლა ამ ერთი წლის განმავლობაში. გასული წლის ივნისში, მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესასწავლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნებოდა, რათა მომხდარის შესახებ კომპეტენტური და მაქსიმალურად ობიექტური დასკვნა მომზადებულიყო. პრემიერი არ გამორიცხავდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურაში საქმეც აღძრულიყო. ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო ვალდებული იყო მოსახლეობისთვის განემარტა, თუ რატომ მიადგა ამხელა ზიანი დედაქალაქს. მოგვიანებით, იმდროინდელმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ სტიქიის შედეგების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. სტიქიიდან რამდენიმე დღეში ასევე საქმე აღიძრა ადამიანზე ვეფხვის თავდასხმის ფაქტზე. გამოძიებას უნდა დაედგინა, ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თუ არა სამსახურეობრივ გულგრილობას შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების/პირების მხრიდან. აღნიშნული საქმეების მიმდინარეობის ან საბოლოო შედეგის შესახებ ინფორმაცია უცნობია. ასევე, სტიქიის შემდეგ, მთავარი პრეტენზია, რაც ხელისუფლების მისამართით ისმოდა, იყო ის, რომ შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება დაგვიანდა, არ მოხდა ე.წ. "ახალი გზის" ჩასასვლელების დროული ჩაკეტვა, რამაც მსხვერპლის რაოდენობა გაზარდა. ჩვენ სტიქიიდან რამდენიმე დღეში ამ საკითხებზე შსს-სა და 112-ს მივმართეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. შესაბამისად, 13 ივნისის ტრაგედიის გამომწვევი კონკრეტული მიზეზების შესახებ კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია.