და მომხდარის პროვოცირებაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაადანაშაულა: "გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ სოფელ კორცხელში "ნაციონალურ მოძრაობას" განზრახული აქვს საარჩევნო უბნის ჩაშლა, რისთვისაც ადგილზე ჩაყვანილი ჰყავთ ზაზა კედელაშვილის ზონდერ-ჯგუფები, რომლებსაც ხელმძღვანელობას გიგა ბოკერია და ლევან ბეჟაშვილი უწევენ. მედიას არ ეძლევა მუშაობის საშუალება და ზოგიერთმა პროვოკატორმა ჟურნალისტებს ქვების სროლა დაუწყო. მინდა ვთხოვო შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს, უმკაცრესად აღკვეთონ ნებისმიერი სახის ფიზიკური დაპირისპირება".
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
22 მაისს, ზუგდიდში, სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა, რომლებიც მოგვიანებით სპორტსმენები და პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც აღმოჩნდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, მათ შორის გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას, აკაკი მინაშვილს და ნიკა მელიას. ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ხელისუფლებამ არეულობის შესაქმნელად აღნიშნული პირების მობილიზაცია წინასწარ მოახდინა და ამ მიზნით ისინი თბილისიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სპეციალურად ჩაიყვანა. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქიდან ჩასული სპორტსმენების ჯგუფი ტელეკამერებმა ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში, არჩევნების დაწყებამდე დააფიქსირეს.სპორტსმენთა განცხადებით, ისინი ზუგდიდში ტურისტული მიზნებით იყვნენ ჩასულები. თუმცა, მათ მოგვიანებით საარჩევნო უბანზე გადაინაცვლეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპონენტებს.
აღსანიშნავია, რომ კახა კალაძემ თავისი განცხადების დასასრულს ხაზი გაუსვა, რომ ოდნავ მოგვიანებით კვლავ გაკეთდებოდა განცხადება და საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას (სურათებით) მიაწვდიდნენ კონკრეტული ზონდერების შესახებ. მართლაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვიცე-პრემიერის დავალებით, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა და პარტიის ახალმა სახემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა,რომ ზაზა კედელაშვილის ზონდერ ჯგუფების წარმომადგენლებმა, გიგა ბოკერიას მითითებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უბანზე მყოფ "ქართული ოცნების" წევრ სპორტსმენებს და ხელი შეუშალეს ჟურნალისტების საქმიანობას, რასაც შემდგომში არეულობა მოჰყვა.
მდინარაძის მიერ ე.წ. ზონდერებად დასახელებულმა პირებმა უარყვეს ბრალდება და განაცხადეს, რომ სოფელ კორცხელში მომხდარი დაპირისპირების დროს ისინი თბილისში იმყოფებოდნენ. მოგვიანებით, მდინარაძემ შეცვალა თავდაპირველი ვერსია და თქვა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მის მიერ დასახელებული პირების ნაცვლად, სხვა ზონდერები იმყოფებოდნენ, თუმცა რაიმე დამადასტურებელი ფაქტი არ დაუსახელებია. დაპირისპირების დაწყებაში პასუხისმგებლობა გიგა ბოკერიას დააკისრა პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით,კორცხელში სპორტსმენების მობილიზება პრევენციული მიზნების გამო მოხდა, ვინაიდან ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლების დაშინების საფრთხე არსებობდა. ამასთან, კობახიძემ განაცხადა, რომ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე "ნაციონალურ მოძრაობას" ბიტებით შეიარაღებული 15 კაციანი ზონდერ-ჯგუფი ჰყავდა.
აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, ფაქტ-მეტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით მიმართა და დაინტერესდა, მოჰყვა თუ არა რაიმე ტიპის სამართლებრივი რეაგირება ვიცე-პრემიერისა და მმართველი ძალის სხვა წარმომადგნელების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლების კრიმინალურ ქმედებაში დადანაშაულებას. მომხდარი ინციდენტის სახელისუფლებო ვერსიის დადასტურების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, სახეზე გვაქვს დანაშაულის ნიშნები, რაც, ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. ასევე საინტერესოა, თუ რატომ არ გატარდა პოლიციის მხრიდან პრევენციული სამუშაოები დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, თუკი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის პროვოკაციის მოწყობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არსებობდა, რასაც ირაკლი კობახიძის განცხადებაც ადასტურებს. ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, არაერთხელ ვცადეთ შსს-ს პრესსამსახურთან დაკავშირება, თუმცა მათ ჩვენი სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვეს.
საარჩევნო უბანთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კრიტიკულად გამოეხმაურნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წევრები. ისინი საქმის სასწრაფოდ გამოძიებას მოითხოვენ და მიაჩნიათ, რომ ინციდენტის ადგილზე პოლიციელთა სიმცირის გამო პრევენციული ზომების გატარება ვერ მოხერხდა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლის ცნობით, საარჩევნო უბანთან მყოფმა სპორტსმენებმა, პოლიტიკოსების გარდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შეკრებილ მოქალაქეებს და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, მათ შორის ტელეკომპანია "ოდიშის" გადამღებ ჯგუფს, რომელსაც ბოთლი და ქვები ესროლეს. კალაძის განცხადება ცინიკურად და დაუჯერებლად შეაფასეს "რესპუბლიკურ პარტიაში". ლევან ბერძენიშვილმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან გავრცელებული მოსაზრებები ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია. თითქმის ანალოგიურ პოზიციას იზიარებენ "თავისუფალი დემოკრატებიც". თავად ზაზა კედელაშვილი კორცხელში მომხდარ ინციდენტთან მისი კავშირის შესახებ არსებულ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევსდა უმრავლესობის წარმომადგენლებს ცილისწამებაში ადანაშაულებს.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სოფელი კორცხელი ორიდან ერთ-ერთი ადგილი აღმოჩნდა, სადაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" შუალედურ არჩევნებზე გამარჯვების მიღწევა შეძლო. შესაბამისად, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ოპოზიციის მიმართ არასასურველი შედეგების გამო საარჩევნო უბნის ჩაშლის შესახებ გაკეთებული ბრალდებები ნაკლებად დამაჯერებელია.
ანალოგიურად განვითარდა მოვლენები 2016 წლის 28 იანვარს, გარდაბანში გამართულ გამგებლის რიგგარეშე არჩევნებზე, სადაც დაუდგენელმა პირებმა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პროვოკაციის მოწყობაში მაშინაც ოპოზიციის წარმომადგენლები დაადანაშაულა. სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 125-ე მუხლით აღძრა, რაც ცემას გულისხმობს. ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები ჩვენების მისაცემადსაკუთარი სურვილით გამოცხადნენ, პარალელურად კი, შსს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მათმა მხარდამჭერებმა საპრტოესტო აქცია გამართეს. მანამდე კი, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ მისი უწყება სასამართლოს უახლოეს დღეებში ინციდენტში იდენტიფიცრებული პირების დაკავების მოთხოვნით მიმართავს. პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ არის მიცემული.
დასკვნა
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის და მმართველი ძალის სხვა წარმომადგენლების მიერ გაკეთებული შეფასებები, სადაც ისინი კრიმინალური ქმედებების ჩადენაში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს და სხვა წარმომადგენლებს ადანაშაულებენ, სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება. თუკი ვიცე-პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს წარმოადგენს, მაშინ შესაბამისი უწყებები ძალადობის პროვოცირებაში დადანაშაულებული პოლიტიკოსებით და მამუკა მდინარაძის მიერ დასახელებული ე.წ. ზონდერებით უნდა დაინტერესებულიყვნენ. უკანასკნელი ინფორმაციით, ამ საქმეზე არცერთი დასახელებული პირის დაკითხვა არ მომხდარა.
პარტია "ქართული ოცნება" ოპოზიციის მხრიდან არეულობის მოწყობას თავისი კანდიდატის დიდი უპირატესობით გამარჯვებას უკავშირებდა,რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სოფელ კორცხელში გამარჯვება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა მოიპოვა. ასევე მცდარია მედიის მუშაობის შეფერხებაში ოპოზიციის წევრების დადანაშაულებაც, ვინაიდან, გავრცელებული სატელევიზიო კადრებით, ასვე "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, დგინდება, რომ ჟურნალისტებს ქვები და ბოთლები ხელისუფლების მომხრე სპორტსმენებმა ესროლეს. ოპოზიცია ვიცე-პრემიერ კახა კალაძის - როგორც ამ ინციდენტის ორგანიზატორის - პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის ტყუილი.