იტვირთება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა: "პრემიერ-მინისტრმა გვაცნობა, რომ გადავდივართ ესტონურ მოდელზე და ეს არის ჩვენი შვება, მაგრამ როდესაც კანონი დარიგდა, ჩვენ ვნახულობთ, რომ უმეტესი მუხლები ამუშავდება 2017 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო რაღაც მუხლები საერთოდ 2019 წლიდან".

მოგების გადასახადის რეფორმის  შესახებ ინიციატივა გიორგი კვირიკაშვილმა პირველად 2015 წლის მარტში გაახმოვანა, თუმცა 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ფინანასთა სამინისტროს ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნდა. აღნიშნული საკითხი გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 15 იანვარს, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში წამოწია, 11 თებერვლის მდგომარეობით კი მთავრობას განზრახული ჰქონდა ცვლილების 2016 წლის 1 ივლისიდან ამოქმედება.

რეფორმის არსი მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის ცვლილებაში მდგომარეობს, კერძოდ დაბეგვრის ობიექტი მხოლოდ მოგების განაწილებული ნაწილი ხდება, რეინვესტირებული ნაწილი კი დაბეგვრას აღარ დაექვემდებარება. ამავდროულად, დაბეგვრის განსხვავებული რეჟიმის გავრცელება არ იგეგმებოდა ფინანსურ ინსტიტუტებზე, მეწარმე ფიზიკურ პირებზე, სსიპ-ებსა და არასამთავრობო სექტორზე.

საგადასახადო კოდექსში ცვლილების პროექტის პარლამენტში ინიცირება საბოლოოდ 2016 წლის 24 მარტს განხორციელდა. კანონის პროექტის მიხედვით, თავდაპირველი მიდგომა შეიცვალა და მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესი ფინანსური სექტორის სუბიექტებსაც შეეხება, თუმცა ორი წლის დაგვიანებით, 2019 წლის 1 იანვრიდან. ასევე შეიცვალა ცვლილებების ძირითადი ნაწილის ძალაში შესვლის თარიღი და 2016 წლის პირველი ივლისის ნაცვლად დაბეგვრის ახალი წესი 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. კანონის გამოქვეყნებისთანავე მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებების შემცველი მუხლები იძენს ძალას. ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღს კანონის პროექტის

 მე-3 მუხლი არეგულირებს. მიმდინარე წლის 13 მაისს ცვლილებების პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის გადავადების ოფიციალურ მიზეზად საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის პოზიცია დასახელდა.

აღნიშნული ორგანიზაცია მიესალმებოდა ცვლილებების პაკეტს თუმცა, მათივე პოზიციით, ვინაიდან ერთი მხრივ საგადასახადო ადმინისტრირების განმახორციელებელ ორგანოს და მეორე მხრივ ბიზნესს ცვლილებებთან ადაპტაციისათვის გარკვეული გონივრული დრო დასჭირდებათ, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ცვლილებების ამოქმედების თარიღად 2017 წლის პირველი იანვრის არჩევა. აქვე აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინიტროს შეფასებით, ცვლილებების მიმდინარე წლის ივლისიდან ამოქმედების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტს 400 მლნ ლარამდე შემოსავალი დააკლდებოდა, შესაბამისად, გასაწევი ხარჯების ამავე მოცულობით შეკვეცის აუცილებლობა წარმოიშობოდა. ვინაიდან მიმდინარე წელი საარჩევნო წელია, გასათვალისწინებელია ბიუჯეტიდან გასაწევი ხარჯების შემცირების პოლიტიკური ასპექტებიც, როგორც ცვლილებების გადავადების ერთ-ერთ ფაქტორი.

დასკვნა 2015

წლის მარტში მაშინდელი ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გახმოვანებული  ინიციატივა მოგების გადასახადის რეფორმის შესახებ, 2016 წლის იანვრიდან, მის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდგომ, საკანონმდებლო ინიციატივად ჩამოყალიბდა. 24 მარტს ცვლილებების პროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში განხორციელდა, 13 მაისს კი ცვლილებების პაკეტი საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონის მიხედვით, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები კანონის გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში. მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესი კი სრულად 2016 წლის პირველი ივლისის ნაცვლად, 2017 წლის პირველი იანვრიდან, ფინანსური ინსტიტუტების შემთხვევაში კი 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ახალი რეგულაციების ამოქმედების გადავადების ინიციატორი საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაცია გახდა, არგუმენტად კი მასშტაბურ ცვლილებებთან ადაპტაციისთვის გონივრული დროის არსებობის აუცილებლობა დასახელდა. ამავდროულად, რეფორმით გამოწვეული დანაკლისის დასაბალანსებლად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის საარჩევნო წელს შეკვეცის აუცილებლობა შესაძლებელია განხილულ იქნას როგორც ცვლილების გადავადებისთვის დამატებითი ფაქტორი.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლევან თარხნიშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3141 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი