თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის განცხადებით, "სასამართლო სისტემაში ასეთი კრიზისული სიტუაცია 2005 წლის შემდეგ არ ყოფილა. 2005 წელს, როცა სასამართლოები გაერთიანდა, სწორედ მაშინ იყო, რომ მოსამართლეებს 700-800 საქმე ეწერათ. ახლაც მსგავსი კრიზისული სიტუაციაა".
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 აპრილის ბრძანებულებით, 2005 წლის 5 მაისს გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთის, კრწანისი-მთაწმინდის და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოები გაუქმდა და თბილისის საქალაქო სასამართლო შეიქმნა.
იმის დასადგენად, თუ რამდენი საქმე ეწერებოდა თითო მოსამართლეს 2005 წლიდან, ფაქტ-მეტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესაბამისი კითხვით მიმართა. სასამართლოს ინფორმაციით, უწყებაში მსგავსი სტატისტიკური მონაცემების დამუშავება არ ხდება, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხის თანახმად, მოსამართლეთა მიერ საქმეთა განხილვის სტატისტიკის წარმოება მხოლოდ 2010 წელს დაიწყო. ამასთან, 2011 წლის მეორე ნახევრიდან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სტატისტიკას ყოველ 6 თვეში ერთხელ აწარმოებს.
ცხრილი 1:
განსახილველ საქმეთა და მოსამართლეთა რაოდენობა 2010-2015 წლებში
წყარო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მოსამართლის ეფექტურობის შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, იუსტიციის საბჭო სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სტატისტიკის წარმოებისას იმ საქმეებს, რომელთაც წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვათ მხედველობაში არ იღებს. მაგალითისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკის თანახმად, სამოქალაქო კოლეგიაში 2015 წელს წარმოებაში სულ 34 142 საქმე იყო (წინა წლის ნაშთს + შემოსული საქმეები), აქედან 7 088 საქმის წარმოებაში მიღებაზე სასამართლომ უარი თქვა. იუსტიციის უმაღესი საბჭო თავის სტატისტიკაში სწორედ ამ 7 088 საქმეს არ ითვალისწინებს. საბჭოს მონაცემებით, საქალაქო სასამართლოში 2015 წელს საშუალოდ 37 მოსამართლე იყო, ხოლო თითო მოსამართლეს საშუალოდ 55 საქმე ეწერა (წლის I და II ნახევრების საშუალო). შესაბამისად, თუკი საბჭო 7 088 საქმესაც მხედველობაში მიიღებდა, მაშინ საშუალო მაჩვენებელი 77 იქნებოდა, რაც დიდ განსხვავებას იძლევა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსამართლეს საქმის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტადაც გარკვეული რესურსი სჭირდება, შესაბამისად, მოსამართლეთა გადატვირთულობაზე საუბრისას ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, იუსტიციის საბჭო მოსამართლის მიერ პროცესის ნებისმიერ სტადიაზე განხორციელებული საპროცესო მოქმედებების შესახებ სტატისტიკას აწარმოებს. მაგალითად, ბრალდებულის სასამართლოში პირველად წარდგენის, წინასასამართლო, ან არსებითი განხილვის და ა.შ.
ამასთან აღსანიშნავია, რომ 6 თვის საშუალო მაჩვენებელი რა მეთოდოლიიგითაც არ უნდა იყოს დათვლილი, რეალურ სურათს მაინც ვერ ასახავს. ის, რომ კოლეგიაში კონკრეტული წლის რომელიმე ნახევარში საშუალოდ 37 მოსამართლე იყო, იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვიურად სტაბილურად 37 მოსამართლე იყო. არც თითო მოსამართლის წარმოებაში არსებული საქმეთა საშუალო მაჩვენებელი ასახავს რეალურ სურათს, რაც მრავალი ფაქტორით, მათ შორის მოსამართლეთა შორის საქმეთა არათანაბარი გადანაწილებითაა განპირობებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებული მდგომარეობის უფრო რეალური სურათის წარმოდგენის მიზნით, ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა სახის ინფორმაცია მოიძია და დაამუშავა. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე არსებული სტატისტიკური ინფორმაციისდამუშავებით დავადგინეთ 2005-2015 წლებში, თითოეული წლის განმავლობაში, რამდენი საქმე ჰქონდა წარმოებაში თითოეულ კოლეგიას (წინა წლის ნაშთს + წლის განმავლობაში შემოსული საქმეები). ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსაგან 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე თითოეულ კოლეგიაში მომუშავე მოსამართლეთა საშუალო (6 თვის საშუალო მაჩვენებელი) რაოდენობა გავიგეთ. აღნიშნული ინფორმაცია ქვემოთ მოცემულ ცხრილებშია წარმოდგენილი.
ცხრილი 2:
სისხლის სამართლის კოლეგია
წელი | სულ წარმოებაში | მოსამართლეთა საშუალო რაოდენობა | დაუმთავრებელი საქმეები | |
იანვარ-ივნისი | ივლისი-დეკემბერი | |||
2005 | 3697 | 9 | 9 | 73% |
2006 | 7864 | 24 | 14 | 38% |
2007 | 9533 | 28 | 27 | 28% |
2008 | 8996 | 27 | 27 | 18% |
2009 | 8227 | 23 | 23 | 19% |
2010 | 8923 | 23 | 22 | 10% |
2011 | 7339 | 22 | 23 | 10% |
2012 | 5099 | 24 | 25 | 14% |
2013 | 7520 | 29 | 28 | 14% |
2014 | 8623 | 32 | 36 | 18% |
2015 | 7413 | 36 | 37 | 28% |
ცხრილი 3:
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
წელი | სულ წარმოებაში | მოსამართლეთა საშუალო რაოდენობა | დაუმთავრებელი საქმეები | |
იანვარ-ივნისი | ივლისი-დეკემბერი | |||
2005 | 9433 | 12 | 14 | 83% |
2006 | 13744 | 22 | 19 | 67% |
2007 | 14998 | 28 | 26 | 41% |
2008 | 11217 | 21 | 29 | 24% |
2009 | 10927 | 28 | 26 | 24% |
2010 | 16669 | 24 | 26 | 20% |
2011 | 18739 | 26 | 25 | 20% |
2012 | 20983 | 30 | 30 | 14% |
2013 | 22430 | 31 | 31 | 19% |
2014 | 27605 | 32 | 34 | 21% |
2015 | 34142 | 38 | 37 | 35% |
ცხრილი 4:
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
წელი | სულ წარმოებაში | მოსამართლეთა საშუალო რაოდენობა | დაუმთავრებელი საქმეები | |
იანვარ-ივნისი | ივლისი-დეკემბერი | |||
2005 | 3698 | 11 | 11 | 45% |
2006 | 5461 | 15 | 14 | 20% |
2007 | 5297 | 16 | 15 | 24% |
2008 | 4408 | 13 | 10 | 24% |
2009 | 5353 | 16 | 15 | 24% |
2010 | 7520 | 15 | 15 | 8% |
2011 | 10882 | 16 | 14 | 57% |
2012 | 11354 | 14 | 16 | 48% |
2013 | 10730 | 14 | 15 | 26% |
2014 | 8149 | 15 | 19 | 28% |
2015 | 12650 | 24 | 26 | 24% |
ამ მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2005 წელს სისხლის სამართლის კოლეგიაში (6 თვის საშუალო მონაცემებით) სამოსამართლო საქმიანობას 9 მოსამართლე ახორციელებდა, რომელთაც 3 697 საქმე უნდა გაენაწილებინათ. სასამართლოს გადატვირთულობაზე განუხილველად დარჩენილი საქმეების მაღალი პროცენტიც მეტყველებს (73%), რომელიც დროთა განმავლობაში, საქმეთა რიცხვის მატების მიუხედავად, კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე იკლებდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ განუხილველ საქმეთა პროცენტული მატება 2015 წელს კვლავ შეინიშნება.
რაც შეეხება სამოქალაქო კოლეგიას, საქმეთა ყველაზე დიდი წილი სწორედ მასზე მოდის და შესაბამისად ყველაზე რთული სიტუაციაც ამ კოლეგიაშია. 2005 წელს დაუმთავრებელ საქმეთა მაჩვენებელი 83% იყო, თუმცა, საქმეთა საგრძნობლად მატების მიუხედავად, ეს მაჩვენებელი მომდევნო წლებში სამოქალაქო კოლეგიაშიც იკლებდა. 2015 წლის მონაცემებით, სამოქალაქო კოლეგიაში საქმეთა რეკორდული მაჩვენებელი შევიდა და დაუმთავრებელ საქმეთა რაოდენობამაც საგრძნობლად იმატა.
2015წლის ბოლოდან კოლეგიებში მოსამართლეთა არასტაბილური რაოდენობა იყო, რაც მოსამართლეთა სამოსამართლო ვადის გასვლით იყო გამოწვეული. მოსამართლეთა სიმცირეზე 2016 წლის იანვარ-მარტის თვეების საშუალო მაჩვენებლებიც მეტყველებს, რომელთა თანახმადაც სისხლის სამართლის კოლეგიაში სამოსამართლო საქმიანობას საშუალოდ 20 მოსამართლე, სამოქალაქო კოლეგიაში - 32, ხოლო ადმინისტრაციულ კოლეგიაში კი 21 მოსამართლე ახორციელებდა.
ბოლო პერიოდში სასამართლო სისტემაში გართულებულ მდგომარეობასა და გადატვირთულობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმაც ისაუბრეს.მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, დღეს თითოეული მოსამართლის ნომერ პირველ პრობლემას საქმეთა სიმრავლე წარმოადგენს. მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა კი სასამართლოს გადატვირთულობის სამი ძირითადი მიზეზი გამოყო: საქმეთა სიმრავლე, მოსამართლეთა სიმცირე და საქმის განსახილველ დარბაზთა სიმცირე (სისხლის სამართლის საქმეთა განსახილველად 14 დარბაზი, სამოქალაქო საქმეთათვის - 17, ხოლო ადმინისტრაციული საქმეების განსახილველად სულ 8 დარბაზია). "თოთოეულ მოსამართლეს ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ 2 დღეს აქვს დარბაზი. ანუ, 5-დან მხოლოდ 2 დღეა ისეთი, როცა შეგვიძლია ჩავნიშნოთ საქმეები. გარდა ამისა, საქმეთა რაოდენობაც გაზრდილია. სისხლის სამართლის მოსამართლეებს თვეში მინიმუმ 120-160 საქმე გვაქვს წარმოებაში, რაც სისხლის სამართლის მოსამართლისთვის ძალიან ბევრია. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კოლეგიებში კი ეს რიცხვი ბევრად მეტია" - აღნიშნა ორკოდაშვილმა.
ფაქტ-მეტრთან საუბრისას ზემოთჩამოთვლილ მიზეზებზე ყურადღება მამუკა ახვლედიანმაც გაამახვილა. "დღეს სასამართლო ძალიან გადატვირთულია, რაც ბევრი საქმითა და მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობით არის გამოწვეული. ამას სულ ვამბობდი, თუმცა იუსტიციის საბჭოს რეაგირება არ მოუხდენია. მაგალითად, ისიც შეიძლებოდა რომ რაიონული სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც შეიძლება მხოლოდ 10 საქმე ეწეროს, ელექტრონულად განეხილა შედარებით მარტივი საქმე და გადატვირთულობა აგვეცილებინა. მაგრამ იუსტიციის საბჭოში ეს არ უნდოდათ. მათი მიზანი სასამართლოს ჩიხში მოქცევის მომიზეზებით მოსამართლეთა დანიშვნის წესის გამარტივება იყო" - განაცხადა ახვლედიანმა.
საქალაქო სასამართლოს გადატვირთულობაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა. 2015 წლის ოქტომბერში ჩვენ ერთი კონკრეტული მოსამართლის (თამაზ ურთმელიძე) წარმოებაში არსებული საქმეების რაოდენობის შესახებ ინფორმაციაგამოვითხოვეთ, რომლის თანახმადაც 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით მოსამართლე ურთმელიძეს 489 საქმე ერიცხებოდა.
დასკვნა 2005
წლის 5 მაისს, თბილისის ტერიტორიაზე არსებული 5 რაიონული სასამართლოს გაერთიანებით, თბილისის საქალაქო სასამართლო შეიქმნა. თავდაპირველად, საქმეთა სიმრავლემ, მოსამართლეთა სიმცირემ და სხვა ფაქტორებმა სასამართლოში გარკვეული კრიზისული სიტუაცია შექმნა, რაზეც სამართლოს მიერ დაუმთავრებელი საქმეების სიმრავლეც მეტყველებდა.
სრულყოფილი ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად დატვირთულნი იყვნენ მოსამართლეები წლების განმავლობაში და რამდენი საქმე ეწერა თითოეულ მათგანს, არც საქალაქო სასამართლოში და არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ მოიძებნა. თუმცა, ის ფაქტი, რომ დღეს საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებს საქმეთა სიმრავლის გამო პრობლემები აქვთ, არაერთი სხვა წყაროდან დასტურდება, მათ შორის თავად მოსამართლეთა განცხადებებითაც.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მამუკა ახვლედიანის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.