ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა: "ძალიან მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც ქართულ ჯარში ჰაუპტვახტის გაუქმებას უზრუნველყოფდა, მე მივიღე. ამ უწყების ვერცერთმა ყოფილმა ხელმძღვანელმა, მათ შორის "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში დანიშნულმა თავდაცვის მინისტრებმაც ვერ შეძლეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება".
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 15 აპრილის ბრძანებისთანახმად, თავდაცვის სისტემაში ჰაუპტვახტის გამოყენება კანონით აიკრძალა.
ჰაუპტვახტი ჯარში დაპატიმრებულ სამხედრო მოსამსახურეთა მოსათავსებელი პუნქტი იყო და საქართველოში საბჭოთა კავშირის პერიოდიდან არსებობდა. სასჯელის ეს სახე (პატიმრობა) საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დარღვევის შემთხვევაში, სამხედრო-სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, 30 დღემდე ვადით გამოიყენებოდა. ჯარისკაცის ჰაუპტვახტში მოთავსება დამოუკიდებელი საქართველოს კანონმდებლობაში პირველად 1994 წელს, პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდებაში აისახა. 2006 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეების სადისციპლინო წესდება ხელახლა დარეგულირდა. აღნიშნული დოკუმენტი სხვადასხვა საკითხებთან ერთად ჰაუპტვახტების გამოყენების შესაძლებლობასაც არეგულირებდა. უკანასკნელი ცვლილებებიკანონში 2014 წელს, მინდია ჯანელიძის მინისტრობის პერიოდში შევიდა, რის შედეგადაც სამხედრო სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების ფუნქციონირების საკითხები ხელახლა დარეგულირდა.
სამხედრო მოსამსახურეების დაპატიმრების გაუქმების ინიციატივით თავდაცვის სამინისტრო პირველად 2015 წლის 6 ნოემბერს გამოვიდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,აღნიშნული ინიციატივა უწყების შიგნით ჩატარებულ 6 თვიან კვლევას დაეფუძნა, რის მიხედვითაც, ჰაუპტვახტი არ არის ეფექტური სანქცია და ის უნდა გაუქმდეს. ამასთან, მისი გაუქმების პარალელურად, უნდა გამკაცრდეს ფინანსური სანქციები იმ გადაცდომებზე, რომლისთვისაც დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენებოდა.
ჰაუპტვახტებში არსებული მდგომაროება სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. სახალხო დამცველის 2006 და 2007წლების ანგარიშების მიხედვით, სამხედრო საპატიმრო დაწესებულებებში, სხვადასხვა ტიპის დარღვევასთან ერთად, შეუსაბამო საყოფაცხოვრებო გარემოს არსებობაც დაფიქსირდა. 2006 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ექვსი სამხედრო ჰაუპტვახტი ფუნქციონირებდა, თუმცა მომდევნო წლებში ეს რიცხვი ორამდე ჩამოვიდა (სენაკის და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე არსებული საპატიმროები).
დასკვნა
სამხედრო მოსამსახურის ჰაუპტვახტში მოთავსების შესაძლებლობა საბჭოთა კავშირის პერიოდში დანერგილი პრაქტიკა იყო, რომელიც ქართულ ჯარში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც გამოიყენებოდა. 2016 წლის 15 აპრილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საპატიმრო დაწესებულებებში (ჰაუპტვახტების) სამხედროების მოთავსება საბოლოოდ აიკრძალა, სანაცვლოდ კი, სასჯელის სახით ფინანსური ტიპის სანქციები ამოქმედდა (მაგალითად, ხელფასიდან თანხის დაქვითვა და ა.შ.).
ფაქტ-მეტრის დასკვნით, თავდაცვის მინისტრის განცხადება არის სიმართლე.