საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა: "ეკონომიკური მდგომარეობა გლობალურად არის გაუარესებული... რთული მდგომარეობაა ევროპაში, მძიმე მდგომარეობაა სამხრეთ ევროპაში და აზიის ქვეყნებში. ზოგადად, ეკონომიკური ზრდის ტემპები საქართველოს რეგიონთან და ევროკავშირთან შედარებით მაღალიც კი აქვს. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად არასაკმარისია და ბუნებრივია ის, რომ მოსახლეობა ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილოა".
ფაქტ-მეტრმა გადაამოწმა, აქვს თუ არა საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ჩვენი რეგიონისა და ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით.
2015წელს საქართველოს ეკონომიკა 2.8%-ით გიზარდა. საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2016 წელს ეკონომიკა 3%-ით გაიზრდება. უკვე ცნობილია მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი, რაც 1.7%-ს შეადგენს.
იმისთვის, რომ ვნახოთ, რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა როგორ იზრდება, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს უნდა დავეყრდნოთ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი აღარ არის (ისევე როგორც უკრაინა), საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს და უკრაინას დსთ-ის რეგიონის ქვეყნებთან აჯგუფებს. აღნიშნულ რეგიონში, 2015 წლის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო მე-6 ადგილს იკავებს (ცხრილი 1). ყველაზე მეტად (8.0%-ით) უზბეკეთის ეკონომიკა გაიზარდა. გაგვისწრო ჩვენმა უშუალო მეზობელმა სომხეთმაც. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი უკრაინას აქვს, 2015 წელს მისი ეკონომიკა 9.9%-ით შემცირდა. 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველო დსთ-ის ქვეყნებს შორის, 2.5%-იანი ეკონომიკური ზრდით, მე-5 ადგილზეა.
ცხრილი 1:
ეკონომიკური ზრდის ტემპი დსთ-ის რეგიონში
ქვეყანა | 2015 | 2016* |
უზბეკეთი | 8.0 | 5.0 |
თურქმენეთი | 6.5 | 4.3 |
ყირგიზეთი | 3.5 | 3.5 |
სომხეთი | 3.0 | 1.9 |
ტაჯიკეთი | 3.0 | 3.0 |
საქართველო | 2.8 | 2.5 |
ყაზახეთი | 1.2 | 0.1 |
აზერბაიჯანი | 1.1 | -3.0 |
მოლდოვა | -1.1 | 0.5 |
რუსეთი | -3.7 | -1.8 |
ბელარუსი | -3.9 | -2.7 |
უკრაინა | -9.9 | 1.5 |
მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ქვეყნების რეგიონში ხვდება, ანუ დსთ-ის რეგიონის ქვეყნებს აღმოსავლეთ ევროპის 12 ქვეყანა ემატება. ქვეყანათა ამ ჯგუფში შემდეგი სურათია (იხ. ცხრილი 2): 2015 წლის ეკონომიკური ზრდით 13 ქვეყანას შორის საქართველო მე-10 ადგილზეა, ხოლო 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით კი მე-9 ადგილზე. ორივე შემთხვევაში გვისწრებს ჩვენი მეზობელი თურქეთი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ 12 ქვეყანასთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა ნაკლებად განვითარებულია და შესაბამისად, განვითარების მაღალი ტემპის მიღწევის მეტი პოტენციალი აქვს.
ცხრილი 2:
ეკონომიკური ზრდის ტემპი აღმოსავლეთ ევროპის განვითარებად ქვეყნებში
ქვეყანა | 2015 | 2016 |
მონტენეგრო | 4.1 | 4.7 |
თურქეთი | 3.8 | 3.8 |
რუმინეთი | 3.7 | 4.2 |
მაკედონია | 3.7 | 3.6 |
პოლონეთი | 3.6 | 3.6 |
კოსოვო | 3.3 | 3.4 |
ბულგარეთი | 3.0 | 2.3 |
უნგრეთი | 2.9 | 2.3 |
ბოსნია და ჰერცოგოვინა | 2.8 | 3.0 |
საქართველო | 2.8 | 2.5 |
ალბანეთი | 2.6 | 3.4 |
ხორვატია | 1.6 | 1.9 |
სერბეთი | 0.7 | 1.8 |
გია ჟორჟოლიანი საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას ადარებს, რაც არასწორია. ზოგადად, მაღალშემოსავლიან ქვეყნებს ზრდის ნაკლები პოტენციალი აქვთ, ვიდრე დაბალშემოსავლიან და ღარიბ ქვეყნებს. ევროკავშირის მაღალშემოსავლიან ქვეყნებში 2-3%-იანი ეკონომიკური ზრდა წარმატებულ შედეგად ითვლება. მიუხედავად ამისა, ჩვენ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი ევროკავშირის ქვეყნების ზრდის ტემპსაც შევადარეთ. 2015 წლის შედეგით, საქართველოს ევროკავშირის 11 ქვეყანა, ხოლო 2016 წლის პროგნოზის მიხედვით კი 10 ქვეყანა უსწრებს. მაგალითად, 2015 წელს ირლანდიის ეკონომიკა 7.8%-ით, ხოლო მალტას ეკონომიკა 5.4%-ით გაიზარდა.
2015წელს ეკონომური ზრდით საქართველომ 151 განვითარებად ქვეყანას შორის 88-ე ადგილი დაიკავა. 2016 წლის პროგნოზის მიხედვით კი 98-ე ადგილს იკავებს. მთლიანად, მსოფლიო ეკონომიკა 2015 წელს 3%-ით, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა 4%-ით, განვითარებადი აზია 6.6%-ით, განვითარებადი ევროპა კი 3.5%-ით გაიზარდა.
საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად 2013 წლიდან შემცირდა. 2012 წელს ეკონომიკა 6.4%-ით, 2013 წელს კი 3.3%-ით გაიზარდა. 2014 წელი წინა წელთან შედარებით უკეთესი იყო და ზრდამ 4.6%-ს მიაღწია, თუმცა 2015 წლიდან ზრდის ტემპი ისევ შემცირდა (იხ. გრაფიკი 1).
გრაფიკი 1:
საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი
დასკვნა
საქართველოს ეკონომიკური ზრდა არ შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს არც რეგიონში და არც ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით. ეკონომიკური ზრდით, დსთ-ის ქვეყნებთან შედარებით 2015 წელს საქართველო მე-6 იყო, ხოლო 2016 წლის პროგნოზით მეხუთეა. აღმოსავლეთ ევროპის განვითარებად ქვეყნებთან შედარებით 2015 წელს საქართველო მე-10 ადგილზეა, ხოლო 2016 წლის პროგნოზით მე-9-ზე.
განვითარებადი ქვეყნის (საქართველოს) ეკონომიკური ზრდის ტემპის განვითარებული ქვეყნების (ევროკავშირის უმეტესი ქვეყნები) ზრდის ტემპთან შედარება არასწორია, რადგან განვითარებად ქვეყანას მეტი ზრდის პოტენციალი აქვს. თუმცა, 2015 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველოს ევროკავშირის 11-მა ქვეყანამ გაუსწრო.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გია ჟორჟოლიანის განცხადება არის მცდარი.