საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, როცა კონკრეტული რეგიონის განვითარება ხდება, ის მოსახლეობასაც იზიდავს. "მას შემდეგ, რაც მე ბათუმის მშენებლობა დავიწყე, იქ ზუსტად ორჯერ გაიზარდა მოსახლეობა" - აღნიშნა სააკაშვილმა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, ბათუმის მოსახლეობა 2004 წლისთვის 121 ათას ადამიანს შეადგენდა. 2005-2008 წლებში რიცხოვნობის ზრდა ფაქტობრივად არ ყოფილა, ხოლო 2009 წლიდან კი ბათუმის მოსახლეობის რაოდენობამ ყოველწლიური მატება დაიწყო. 2009, 2010 და 2011 წლებში მოსახლეობა სტაბილურად იზრდებოდა ათასი კაცით, ხოლო 2012 წლის რაოდენობრივმა და პროცენტულმა ზრდამ შესაბამისად - 23 ათასი და 18% შეადგინა. 2014 წლისთვის ბათუმის მოსახლეობის რიცხოვნება 153 ათასი იყო.

ცხრილი 1:

მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა საქართველოსა და მისი რეგიონების მსხვილ ქალაქებში 2004-2014 წლებში (ათასი კაცი)

წელი საქართველო ბათუმი ქუთაისი ზუგდიდი თელავი რუსთავი გორი
2004 4,318 121 184 166 70 115 147
2005 4,361 122 187 169 70 117 135
2006 4,398 122 190 172 71 118 136
2007 4,388 122 189 172 70 118 136
2008 4,384 122 189 172 70 117 136
2009 4,411 123 191 173 70 119 143
2010 4,453 124 194 176 71 120 145
2011 4,483 125 196 177 71 122 146
2012 4,491 148 197 178 71 123 146
2013 4,487 161 197 177 71 123 146
2014 3,727 153 149 106 59 125 126

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი დასახლებები ბათუმს შეუერთდა, რაც 2012 წლის სტატისტიკაში აისახა და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.

ცხრილი 2:

ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილება 2012-2013 წლებში (ათასი კაცი)

წელი ბათუმი ხელვაჩაური
2012 23 -22
2013 13 -12

2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩატარდა, რომელმაც მთელი ქვეყნის ტერიტორია (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) მოიცვა. წინასწარი შედეგების

მიხედვით, 2002 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები დაფიქსირდა. 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 730 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის (4 372 ათასი კაცი) შედეგთან შედარებით 15%-ით (642 ათასი კაცით) ნაკლებია. შესაბამისად, რეალური სურათი, თუ როგორ იცვლებოდა ბათუმის მოსახლეობის რიცხოვნობა 2004-2012 წლებში, მხოლოდ საყოველთაო აღწერის შედეგების ქალაქების მიხედვით ჩაშლილი ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი. აღწერის საბოლოო შედეგები მიმდინარე თვეში გამოქვეყნდება.

რაც შეეხება მშენებლობებს, საქსტატის მონაცემებით, აჭარის რეგიონში მშენებლობის დარგის პროდუქციის გამოშვების ყველაზე დიდი - 270%-იანი ზრდა 2005 წელს იყო, როდესაც პროდუქციის გამოშვება 14 მილიონი ლარიდან 53 მილიონამდე მკვეთრად გაიზარდა. რაოდენობრივად, ყველაზე დიდი ზრდა 2008 წელს დაფიქსირდა, როდესაც მშენებლობის დარგის პროდუქციის გამოშვება წინა წელთან შედარებით 102 მილიონი ლარით გაიზარდა, 138-იდან 240 მილიონამდე. აღნიშნული ზრდის პროცენტულმა მაჩვენებელმა 74% შეადგინა.

გრაფიკი 1:

 მშენებლობის დარგის პროდუქციის გამოშვება აჭარის რეგიონში 2003-2014 წლებში (მილიონი ლარი)

image001

დასკვნა

საქსტატის მონაცემებით (რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი კორექტირება განიცადოს), 2004-2012 წლებში ბათუმის მოსახლეობა 121 ათასიდან 148 ათასამდე გაიზარდა, რაც 22.3%-იანი ზრდაა. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს ზრდაც უმეტესწილად 2011 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი დასახლებების ბათუმისთვის მიერთებამ გამოიწვია. რაც შეეხება მშენებლობებს, 2005-2012 წლებში ამ მიმართულებით აჭარაში (და განსაკუთრებით ბათუმში) მართლაც მნიშვნელოვან ზრდას ჰქონდა ადგილი, თუმცა, ამას მოსახლეობის ორჯერ ზრდა არ გამოუწვევია და ამ დროისთვის ცნობილი მონაცემებით, საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადება ცალსახად გადაჭარბებულია.

თუმცა, 2014 წლის საყოველთაო აღწერამ აჩვენა, რომ მოსახლეობის რაოდენობის აქამდე არსებული მონაცემები რეალობისგან საკმაოდ განსხვავდება, უფრო ზუსტი სურათი კი მიმდინარე თვეში, აღწერის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გვექნება. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე ფაქტ-მეტრი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს და მას შესაბამისი სტატისტიკის დაზუსტების შემდეგ დაუბრუნდება.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი