წელს ენერგეტიკაში შემოსული ინვესტიციების წლიური მაჩვენებლის გამოქვეყნების შემდეგ ფაქტ-მეტრი ამ თემას კვლავ დაუბრუნდა და გადაამოწმა, თუ რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა გასულ წელს ამ სფეროში და შესრულდა თუ არა მინისტრის დაპირება.
ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2015წელს ინვესტიციების განხორციელების მიზნით ადგილობრივი ბანკებიდან მოზიდულმა ფინანსებმა ენერგეტიკის სექტორში 82 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 52%-ით შემცირდა და 89.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ეს მონაცემები წინასწარია და დაკორექტირების შემდეგ შეიძლება გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2014 წელსაც მნიშვნელოვანად, 22%-ით შემცირდა. ასევე, მთლიან ინვესტიციებში ენერგეტიკის წილობრივი მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად შემცირდა - 2011-2013 წლებში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სფეროში განხორციელდა, თუმცა 2014 წელს ენერგეტიკის სფერომ მეოთხე, ხოლო 2015 წელს მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.
2015წელს სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების ფარგლებში 556 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა (დაგეგმილზე 85%-ით მეტი), რაც ძირითადად აღნიშნული მილსადენის მშენებლობის დაჩქარებამ გამოიწვია. აქვე აღსანიშნავია, რომ საქსტატის მეთოდოლგიის მიხედვით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაში აისახება.
დასკვნაგასულ წელს ენერგეტიკის სფეროში პირდაპირი უცხოური და შიდა ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 171.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც დაგეგმილ 340 მლნ აშშ დოლარს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების ბოლო წლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა (2011-2015 წლების სტატისტიკის მიხედვით). მიმდინარე წლის აგვისტოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მაჩვენებლები გამოქვეყნდება და ფაქტ-მეტრი ამ საკითხს კვლავ დაუბრუნდება.
სამხრეთ კავკასიის მილსადენის სისტემის გაფართოების ფარგლებში 300 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია იგეგმებოდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილზე 256 მლნ აშშ დოლარით მეტი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.