-
მანქანების ექსპორტიდან სავალუტო ნაკადები 700 მლნ-დან 180 მლნ-მდე შემცირდა
ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას, "ნაციონალური მოძრაობის"...
მეტწილად სიმართლეგანცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებასVS
-
მანქანების ექსპორტიდან წმინდა სავალუტო ნაკადები მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონია
მსუბუქი ავტომობილებით საგარეო ვაჭრობის დინამიკა მოცემულია გრაფიკზე 1. როგორც გრაფიკიდან ჩანს, ორწლიან მონაკვეთში ავტომობილების ექსპორტი გაორმაგდა
მეტწილად მცდარიგანცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა16/03/2016ნახვა 6370
ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა: "ნაკლებობაა დოლარის და ლარის მასა ვერ უმკლავდება ამდენ დოლარს. პირველ რიგში ამის მიზეზია შემცირებული ექსპორტი, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის აზერბაიჯანში მანქანების გადინება, საიდანაც 700 მლნ დოლარი შემოდიოდა და ახლა დაახლოებით 180 მლნ შემოვიდა (2015 წელს) ამას სჭირდებოდა ჩანაცვლება, რაზეც მთავრობამ არ იფიქრა".
აღნიშნული განცხადების პასუხად, ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორების" წევრმა პაატა კვიჟინაძემ განმარტა: "რაც შეეხება მანქანების ექსპორტს, 700 მლნ-ის ექსპორტი გავიდა, მაგრამ საქართველოში ხომ არ გვიწარმოებია ეს მანქანები?! ჩვენიდანაც გავიდა ვალუტა, როცა გერმანიაში გადავიხადეთ, ამიტომ მანდ 700 მილიონზე არ არის და სულ რაღაც ათეულ მილიონზეა საუბარი".
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადებების სიზუსტე გადაამოწმა.
2006 წლის მონაცემებით, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი მხოლოდ 50 მლნ დოლარს შეადგენდა. 2006 წლის შემდეგ კი, სახელმწიფოს მიერ გატარებული სხვადასხვა რეფორმის წყალობით, ავტომობილებით ვაჭრობა სწრაფად განვითარდა. გამარტივდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმება/რეგისტრაციის პროცედურები. ძალაში შევიდა ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც წინამორბედ საკანონმდებლო აქტთან შედარებით ლიბერალური მიდგომით გამოირჩეოდა. ასევე, გამარტივდა რეექსპორტში საქონლის მოქცევის პროცედურა. გადაიხედა დაბეგვრის რეჟიმი და გაიზარდა საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების განუბაჟებლად ყოფნის ვადა. შესაბამისად, ბიზნესს ავტოსატრანსპორტო საშუალებების საზღვარგარეთ რეალიზაციისთვის მეტი დრო მიეცა. პარალელურად, კორუფციის აღმოფხვრისა და სამართლებრივი გარემოს მოწესრიგების ფონზე, საქართველო ჩამოყალიბდა მეორადი ავტომობილებით ვაჭრობის ერთგვარ ცენტრად, როგორც მეზობელი ქვეყნების, ისე აზიური სახელმწიფოებისთვის.
მსუბუქი ავტომობილებით საგარეო ვაჭრობის დინამიკა მოცემულია გრაფიკზე 1. როგორც გრაფიკიდან ჩანს, ორწლიან მონაკვეთში ავტომობილების ექსპორტი გაორმაგდა, 2009 წლის კრიზისული ჩავარდნის შემდგომ ისევ ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა და 2011 წელს ექსპორტის მოცულობამ 450 მლნ დოლარი შეადგინა. ავტომობილებით ვაჭრობას სირთულეები შეუქმნა 2012 წელს ყაზახეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამ, რითაც საქართველოდან ავტომობილების იმპორტი მნიშვნელოვნად გაძვირდა და ქართველი ექსპორტიორებისთვის აღნიშნული ბაზარი დაიკარგა. ყაზახეთის მზარდი ბაზრის დაკარგვა სექტორმა, უმსხვილესი ბაზრის - აზერბაიჯანის ხარჯზე, შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანა. ამდენად, ავტომობილებში ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა და 2013 წელს მაქსიმალური მაჩვენებელი 704 მლნ დოლარი დაფიქსირდა (აზერბაიჯანში 401 მლნ დოლარი).
გრაფიკი 1: მსუბუქი ავტომობილებით საგარეო ვაჭრობა მლნ დოლარებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2014 წლიდან, აზერბაიჯანის ეკოლოგიურ სტანდარტ ევრო 4-ზე გადასვლის შედეგად, ავტომობილების ექსპორტის მხრივ პრობლემები შეიქმნა. აღნიშნული ცვლილებით, აზერბაიჯანში მეორადი ავტომობილების შეტანა გართულდა, რაც საქართველოს ექსპორტის მნიშვნელოვან შემცირებაში გამოიხატა (იხ. გრაფიკი 2). 2014 წელს აზერბაიჯანშიმსუბუქი ავტომობილების ჯამური ექსპორტი 268, 2015 წელს კი 64 მლნ დოლარამდე შემცირდა.
გრაფიკი 2: მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი აზერბაიჯანში (მლნ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2022 წლიდან მოსალოდნელია პრობლემები სომხეთის ბაზარზეც. სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების ხელშეკრულების თანახმად, სომხეთი ჯერჯერობით ინარჩუნებს ევრაზიული კავშირისაგან განსხვავებულ ტარიფს ცალკეულ საქონელზე, მათ შორის ავტომობილებზე, თუმცა 2022 წლიდან სომხეთი ვალდებულია ერთიან მაღალ საბაჟო ტარიფზე გადავიდეს, რაც შესაბამისად აისახება ამ ქვეყნაში ავტომობილების ექსპორტის მოცულობაზე.
ავტომობილებით ვაჭრობა გარკვეულ გავლენას ახდენს სავალუტო ნაკადებზე და, შესაბამისად, ვალუტის კურსზეც. 2013 წელთან შედარებით სავალუტო შემოდინებები ავტომობილების ექსპორტიდან 524 მლნ დოლარითაა შემცირებული. თუმცა, საკითხზე მსჯელობისას აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში ავტოწარმოება არ არსებობს, ექსპორტში ასახული სატრანსპორტო საშუალებები კი შინაარსობრივად რეექსპორტია. შესაბამისად, წმინდა სავალუტო ნაკადები მოცემული ოპერაციიდან მხოლოდ ავტომობილების რეექსპორტიდან მიღებული მოგების მარჟის ფარგლებშია. საქართველოში აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემებს სათანადოდ არცერთი უწყება არ ითვლის. შესაბამისად, კონკრეტული რიცხვის დასახელების შესაძლებლობას მოკლებული ვართ, თუმცა სამართლიანია მტკიცება, რომ რეექსპორტზე გასული საქონლის მთლიანი ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი მისი შესყიდვისას გაწეული ხარჯია, რაც მოცემულ შემთხვევაში, სავალუტო ნაკადების თვალსაზრისით, გამავალი ნაკადებია.
ამის მიუხედავად, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების ჯამურ ღირებულებასა (რეექსპორტზე გასული და საქართველოში დარჩენილი) და ექსპორტირებულის მთლიან ღირებულებას შორის სხვაობა 2008 წლიდან მოყოლებული კლების ტენდენციით ხასიათდება, 2013 წელს კი იმპორტი ექსპორტს მხოლოდ 6 მლნ დოლარით აჭარბებდა. შესაბამისად, 2013 წლის მდგომარეობით, ადგილობრივი მოხმარებისა და საზღვარგარეთ სარეალიზაციოდ განკუთვნილი ავტომობილების იმპორტირებით გამოწვეულ გამავალ სავალუტო ნაკადებს თითქმის სრულად აბალანსებდა ავტომობილების ექსპორტით მიღებული ნაკადები. თუმცა, 2014 წლიდან უარყოფითი ბალანსი გაიზარდა (-197 მლნ დოლარი) და 2015 წლის მდგომარეობით, ავტომობილებით მთლიანი საგარეო ვაჭრობის შედეგად წარმოშობილმა უარყოფითმა სავალუტო ნაკადებმა 281 მლნ დოლარს მიაღწია.
დასკვნა
2015 წელს, 2013 წელთან შედარებით, ავტომობილების ექსპორტის შედეგად შემოსული მთლიანი სავალუტო ნაკადები 524 მლნ დოლარით (მათ შორის 240 მლნ-ით აზერბაიჯანში) შემცირდა და 180 მლნ დოლარი შეადგინა. 2013 წლის განმავლობაში ავტომობილების იმპორტის ჯამური (შიდა მოხმარების და საზღვარგარეთ სარეალიზაციოდ განკუთვნილი) მოცულობა თითქმის სრულად დააბალანსა ექსპორტირებული ავტომობილების ღირებულებამ, 2015 წელს კი იმპორტმა ექსპორტს 281 მლნ დოლარით გადააჭარბა, რისი უმთავრესი მიზეზიც აზერბაიჯანის ბაზარზე მოთხოვნის შემცირება გახდა. 281 მლნ დოლარის დანაკლისს კი ლარის კურსზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა ნამდვილად შეეძლო.
ამავდროულად, დასახელებული 700 მლნ არა აზერბაიჯანში ექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების, არამედ მსუბუქი ავტომობილების მთლიანი ექსპორტის 2013 წლის მაჩვენებელს შეესაბამება. ავტომობილების ექსპორტმა აზერბაიჯანში მაქსიმუმს 2013 წელს მიაღწია და 401 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
პაატა კვიჟინაძე მაჭავარიანის განცხადებას მხოლოდ იმ ნაწილში პასუხობს, რომ საქართველოდან ექსპორტზე გასული ავტომობილები რეალურად რეექსპორტია და ქვეყანას მოგება მხოლოდ ფასთა სხვაობით რჩება. ის უგულუბელყოფს იმ ფაქტს, რომ ჯამში, ავტომობილებით საგარეო ვაჭრობაში, საქართველოს უარყოფითი ბალანსი 275 მლნ დოლარით გაიზარდა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ მაჭავარიანის განცხადება არის მეტწილად სიმართლე, ხოლო პაატა კვიჟინაძის განცხადება კი მეტწილად მცდარი.