ტელეკომპანია "ტაბულას" ეთერში, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ განაცხადა, რომ 2012-დან 2014 წლამდე თავდაცვის სამინისტროს ხარჯები 100 მლნ ლარით ნამდვილად გაიზარდა, თუმცა, მისი თქმით, აღნიშნული ზრდა ოფიცრების, ვადიანი სამსახურის ხელფასების და ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაში კონტიგენტის ზრდამ გამოიწვია. ებანოიძის თქმით, 2012-2014 წლებში თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ხელფასებში ზრდა არ ყოფილა.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით,საერთაშორისო მისიებში მონაწილე შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა 2012 წლისთვის 2 363 მოსამსახურეს შეადგენდა. 2013 წლისთვის აღნიშნული რაოდენობა 763 ადამიანით გაიზარდა, ხოლო 2014 წელს 2 339 მოსამსახურე შეადგინა, რაც 2012 წლის მონაცემზე 24-ით ნაკლებია. კონტიგენტის რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა 2015 წლისთვის და 1 462 ადამიანი შეადგინა.
რაც შეეხება საერთაშორისო მივლინებებში მონაწილე კონტიგენტის სამივლინებო ნორმას (ხარჯებს), ეს ხარჯი 2012 წლისთვის 20 მლნ ლარს შეადგენდა (თითო მონაწილეზე საშუალოდ 9 ათასი ლარი). 2014 წელს მონაწილე კონტიგენტის რაოდენობა შემცირდა, თუმცა, 2012 წელთან შედარებით სამივლინებო ხარჯები დაახლოებით 11 მლნ-ით გაიზარდა.
ცხრილი 1:
საერთაშორისო მივლინებებში მონაწილე კონტიგენტის რაოდენობა და სამივლინებო ნორმა 2012-2015 წლებში
წელი | მოსამსახურეთა რაოდენობა | სამივლინებო ნორმები (მლნ ლარი) | საშუალო ნორმა ერთ მოსამსახურეზე (ლარი) |
2012 | 2 363 | 20 | 9 000 |
2013 | 3 126 | 38 | 12 000 |
2014 | 2 339 | 31 | 13 000 |
2015 | 1 462 | - | - |
2013-2014
წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სამხედრო (განსაკუთრებით საშუალო და მაღალი რგოლის) მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები. თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების ჯამურმა საშუალო ზრდამ აღნიშნულ წლებში დაახლოებით 57% შეადგინა. შედეგად, თავდაცვის სამინისტროს სახელფასო ფონდი 103 მილიონით გაიზარდა.
უფრო მცირედით, მაგრამ ხელფასების ზრდა შეეხო სამინისტროს ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც. 2013 წლის 11 თებერვალს მიღებული #87 ბრძანების თანახმად, გაიზარდა სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო თანამდებობის პირთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა და სამხედრო თანამდებობაზე დანიშნულ სამოქალაქო პირთა თანამდებობრივი სარგოები. მაგალითად, არმიის გენერლის თანამდებობრივი სარგო 1 550-დან 3 895 ლარამდე, გენერალ-ლეიტენანტის და ადმირალის სარგო 1 500-დან 3 540 ლარამდე, გენერალ-მაიორის და ვიცე-ადმირალის სარგო 1 470-დან 2 720 ლარამდე, სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსისა და გენერალური ინსპექციის უფროსის სარგო 2 540-დან 2 600 ლარამდე, სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსისა და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის სარგო 1 760-დან 2 112 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, მოხდა სხვა პირების თანამდებობრივი სარგოების ზრდა. მაგალითად, I კლასის რიგითისა და I კლასის საზღვაო რიგითის სარგო 760-დან 950 ლარამდე, ხოლო სპეციალისტის - 800-დან 960 ლარამდე გაიზარდა.
გრაფიკი 1:
სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი და თანამდებობრივი სარგოები (საშუალო)
ჩვენ თავდაცვის სამინისტროს შრომის ანაზღაურების ხარჯები 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაწერილ შრომის ანაზღაურების ხარჯებსაც შევადარეთ. ზრდა 97 მლნ ლარია. აქედან, 95 მლნ ლარი ქართული ჯარის პირადი შემადგენლობის შრომის ანაზღაურების ზრდაზე მოდის. 3.5 მლნ ლარით გაიზარდა შრომის ანაზღაურება სამხედრო წვრთნისა და განათლების პროგრამაში. 3 მლნ-ით შემცირდა სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობასთან დაკავშირებული შრომის ანაზღაურების ხარჯები.
დასკვნა 2012-2014
წლებში თავდაცვის სამინისტროს სახელფასო ფონდი დაახლოებით 103 მლნ-ით გაიზარდა. 10 მლნ ლარით გაიზარდა აგრეთვე საერთაშორისო მისიებში მონაწილე კონტიგენტების სამივლინებო ნორმები. ამასთან, 2014-2015 წლებში საერთაშორისო მისიებში მონაწილე კონტიგენტი შემცირდა.
2012-2014წლებში საშუალო და მაღალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეთა საშუალო ხელფასი 600 ლარით გაიზარდა. ნაკლები პროპორციით, მაგრამ ასევე გაიზარდა სამინისტროს ადმინისტრაციაში გარკვეულ პოზიციებზე დასაქმებულთა ხელფასები.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ებანოიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.