ინვესტორების საქმიანობის წახალისების, ასევე მეწარმეების კაპიტალდაბანდებების განხორციელებაში დახმარებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, 2015 წლის მარტში თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი დაფუძნდა. მის ხელმძღვანელად თბილისის ყოფილი ვიცე-მერი, ალექსანდრე მარგიშვილი დაინიშნა. ცენტრის 2015 წლის ბიუჯეტი 1.4 ლარით განისაზღვრა. 2016 წელს კი მისი ბიუჯეტი 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა (

კოდი 04.13, გვ. 81).

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის სტრუქტურაში წლებია ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური ფუნქციონირებს. მან ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის, ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება უნდა უზრუნველყოს. მისი დანიშნულება, ასევე, თბილისის ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, ინვესტიციების ხელშეწყობა და ინვესტორთა მხარდაჭერაა. ამასთან, თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების სამსახურის ფარგლებში ხორციელდება "მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაც". დედაქალაქის ბიუჯეტში განმარტებულია, რომ პროგრამის მიზანია ბიზნესისა და მეწარმეობის ეფექტიანად წარმართვისთვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბება. ამასთან, პროგრამა სუბიექტების კვალიფიკაცია/კომპეტენციის ამაღლებას და ინტელექტუალურ მხარდაჭერას ემსახურება. პროგრამის ამოცანაა გამოავლინოს კონკურენტუნარიანი დარგები და ხელი შეუწყოს ამ დარგისათვის საჭირო ადამიანური რესურსების განვითარებას.

საზოგადოებაში ლეგიტიმური კითხვა გაჩნდა, თუ რა საჭირო იყო კიდევ ერთი იდენტური ფუნქციის მქონე სამსახურის შექმნა და მოვალეობების დუბლირება. აღნიშნულის თაობაზე, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, თბილისის მერიისგან პასუხი ვერ მივიღეთ. ცენტრის შექმნით უფლება-მოვალეობების დუბლირებაზე საკრებულოს ოპოზიციური ფრთა თავიდანვე საუბრობდა, მას ბიუჯეტისთვის დამატებით და არასაჭირო ხარჯად მიიჩნევდა და მის შექმნას ყოფილი ვიცე-მერის, ალექსანდრე მარგიშვილის სამსახურით უზრუნველყოფით ხსნიდა.

11 თვიანი საქმიანობის შემედგ, თბილისის მერიამ მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის გაუქმება გადაწყვიტა. 17 თებერვალს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განმარტებით, გადაწყვეტილება რესურსების სწორად მობილიზებისა და გადანაწილების მიზნით იქნა მიღებული. ცენტრის უფლებამოსილება

ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურში გადავიდა. რაც შეეხება ცენტრის თანამშრომლებს, თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ, 17 თებერვალს გადაცემა 20/30-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის რეორგანიზების ფარგლებში კონკურსი გამოცხადდება და შესაბამისი კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მათი სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნა მოხდება. ალექსანდრე მარგიშვილმა კი განმარტა, რომ ის საქმიანობას კერძო სექტორში განაგრძობს.

ის, რომ მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ფუნქციები ერთმანეთს კვეთდა, მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის შესახებ მომზადებულ ჩვენს წინა სტატიაშიც მკაფიოდ აისახა (იხ. სტატია). მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ აღნიშნული უწყების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, ფაქტია, რომ გასულ წელს მისი შენახვისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1.4 მილიონი ლარი დაიხარჯა. თანხის დიდი ნაწილი კი სწორედ ცენტრის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას მოხმარდა. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ცენტრისთვის უკვე გამოყოფილი ბიუჯეტი დანაზოგებში გადაინაცვლებს და ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს მოხმარდება, როგორიც სოციალური და სამედიცინო პროგრამებია. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკრებულოს უმცირესობის დეპუტატ ირაკლი აბესაძის განცხადებით, "ეს ფაქტი პირდაპირ ადასტურებს ამ ცენტრისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონობით ლარის არამიზნობრივ ხარჯვას და იმას, რომ მას ეკონომიკის განვითარების პროექტებთან არანაირი შეხება არ ჰქონია".