საქართველოს მთავრობამ დაიწყო მიწის რეგისტრაციის პროექტი, რის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია ხდება. ეს პროექტი ყველა რეგიონში მიმდინარეობს. უკვე დაწყებულია მარტვილში, გორში, ბორჯომში და მალე მთელ საქართველოს მოიცავს. ეს სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის მიწის ნაკვეთების მითვისება".
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.
2015 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი წარედგინა, რომელიც "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, კანონს მე-111 მუხლი ემატება. ცვლილების მიხედვით, უძრავი ნივთი, რომელზეც საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით არ დასტურდება სხვა პირის საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის უფლების არსებობა, სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირდება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას (თუმცა არა ვალდებულებას), რეგისტრაციიდან მინიმუმ 1 წლის განმავლობაში შეიზღუდოს მასზე რეგისტრირებული მიწის განკარგვის უფლება. ამდენად, 1 წლის განმავლობაში, დაინტერესებულ პირს, რომელსაც შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია გააჩნია, შეეძლება მიმართოს საჯარო რეესტრს, მოითხოვოს სახელმწიფო საკუთრების გაუქმება და ქონების მის სახელზე დარეგისტრირება. კანონპროექტის განმარტებითი ბარათისთანახმად, კანონპროექტის მიღება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განსაზღვრისა და უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობით არის განპირობებული.
აღნიშნულ კანონპროექტს უარყოფითი შეფასება მოჰყვა არასამთავრობო სექტორშიც. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებით, კანონპროექტი მრავალ რისკს შეიცავს და კერძო მესაკუთრის ინტერესების დაცვას არ ემსახურება. ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, გაუგებარია, რა მიზანი აქვს ამ კანონპროექტის მიღებას მაშინ, როცა იუსტიციის სამინისტროს მიერ უკვე შემუშავებულია "მიწის რეგისტრაციისა და პილოტურ არეალებში საკადასტრო მონაცემების სრულყოფის სტრატეგია",რომელიც მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ერთიან ხედვას ითვალისწინებს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მოსაზრებით, სახელმწიფომ უნდა დაიწყოს სტრატეგიის იმპლემენტაცია და პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის ნაცვლად, სტრატეგიით გათვალისწინებული კანონპროექტი უნდა ამოქმედდეს.
სახალხო დამცველის განცხადებით,მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი არ ემსახურება უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაციის კუთხით არსებული პრობლემების გადაწყვეტას და ის სერიოზულ პრობლემას მიაყენებს საქართველოში საკუთრების უფლების რეალიზაციას.
"გირჩის" წარმომადგენლის განცხადებით, იანვარის თვეში, ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში, სახელმწიფოს საკუთრებად დაურეგისტრირებელი მიწების რეგისტრაცია აქტიურად დაიწყო, რამაც არნახული მასშტაბები მიიღო. "გირჩმა" სამოქალაქო საზოგადოებას ამ საკითხით დაინტერესებისა და აქტიურობისკენ მოუწოდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრომ 27 იანვარს განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მარტვილის რაიონში ჰექტრობით მიწები დარეგისტრირდა და სახელმწიფომ ისინი მიითვისა, რეალობას არ შეესაბამება. ფაქტ-მეტრმა ეს საკითხი საჯარო რეესტრის ვებგვერდის საშუალებით გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ 2015 წლის 25 დეკემბრიდან 2016 წლის 11 თებერვლის ჩათვლით, ინვენტარიზაციის ფარგლებში, მხოლოდ მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფომ დაახლოებით 27 830 938 კვ.მ (2 783 ჰა) მიწის ფართობი დაირეგისტრირა (იხ. აღნიშნული მიწის ნაკვეთების ჩამონათვალისოფლების მიხედვით). აღსანიშნავია, რომ მიწების რეგისტრაციის კუთხით მსგავსი ინტენსივობა ადრე არ დაფიქსირებულა.
ამ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის 15 იანვრის განცხადება: "დღეის მდგომარეობით, რეგიონებში 255 ათასი ჰექტარი დაურეგისტრირებლი მიწა გვაქვს აღწერილი. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი არ არის სახელმწიფოსი, მაგრამ სულ მცირე, ჩვენ ვიცით, რა მოცულობის მიწაა დარეგისტრირებული. რაც შეეხება პარალელურ პროცესებს, ჩვენ დავიწყებთ აღნიშნული მიწების რეგისტრაციას". მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ რეგისტრაციას მოსახლეობაში გაურკვევლობა არ მოჰყოლოდა, მთავრობამ საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილებების ინიცირება მოახდინა, რომელიც ინვენტარიზაციის ფარგლებში დარეგისტრირებული მიწების სულ მცირე 1 წლის მანძილზე განკარგვის შეზღუდვას ითვალისწინებდა. "1 წლის განმავლობაში თუ ვინმე მოვა და პრეტენზიას გამოთქვამს, მაშინ მას გადავუფორმებთ მიწას, ამასთან, კადასტრი უკვე გაკეთებული იქნება და მესაკუთრე ამ მხრივაც მოგებული დარჩება. მას არ დასჭირდება დამატებითი პროცედურები" - აღნიშნა ქუმსიშვილმა. მინისტრის თქმით, დღეს მოქმედი კანონით, ნებისმიერი დაურეგისტრირებელი მიწა სახელმწიფოსია, შესაბამისად სახელმწიფოს აქვს უფლებამოსილება, რომ ყველანაირი შეზღუდვის გარეშე დაირეგისტრიროს ეს მიწები.
სწორედ აღნიშნული გარემოება აჩენს კითხვის ნიშნებს. კერძოდ, გაუგებარია, რას ემსახურება კანონპროექტი, რომლის არსებობა/არ არსებობა საერთოდ არ ცვლის ვითარებას (კანონპროექტის თანახმად სახელმწიფოს მიერ 1 წლის განმავლობაში მიწის ნაკვეთის განკარგვის უფლების შეზღუდვა კვლავ სახელმწიფოს უფლებამოსილებად რჩება და არა ვალდებულებად).
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხის შესახებ სამოქალაქო აქტიურობის შედეგად, სახელმწიფო საკუთრებაში მიწების რეგისტრაციის პროცესი დროებით შეჩერდა. თუმცა, "გირჩის" განცხადებით, ზიანი უკვე სახეზეა და კანონპროექტის შინაარსი თუნდაც უკეთესობისკენ შეიცვალოს, იმ პრობლემას მაინც ვერ გამოასწორებს, რაც დაჩქარებული წესით ჩატარებულმა სარეგისტრაციო პროცედურებმა გამოიწვია. კერძოდ, უმეტეს შემთხვევაში, იმ კერძო მესაკუთრეებს, რომლებიც წლების განმავლობაში ამუშავებენ მიწას და წარმოადგენენ "ტრადიციულ მესაკუთრეებს", ამის დამადასტურებელი საბუთები არ გააჩნიათ, რაც მათ მიწების დაბრუნების შესაძლებლობას უკარგავს.
ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება, თითქოს მესაკუთრეს გაადვილებული აქვს პროცედურები, "გირჩის" მოსაზრებით სიმართლე არ არის, ვინაიდან, სახელწიფო გაუაზრებლად, ყოველგვარი წინასწარი გადამოწმებისა და გამოკითხვის გარეშე ირეგისტრირებს დაურეგისტრირებელ მიწას, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული საკადასტრო კოდის ქვეშ შეიძლება მოხვდეს რამდენიმე კერძო პირის ქონებაც. ასეთ შემთხვევაში, მესაკუთრეს მოუწევს თავიდან აზომოს კონკრეტულად მისი მიწის ნაკვეთი, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამასთან, გამოდის, რომ სახელმწიფომ თავის დროზე ჩატარებულ აზომვით ნახაზებში თანხა სრულიად უმიზნოდ დახარჯა.
სახელმწიფოს მიერ მიწების რეგისტრაციის აწ უკვე შეჩერებული პროცესი სახალხო დამცველმაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იმ პირობებში, როცა დღემდე მოუგვარებელია უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, სახელმწიფოს მიერ მსგავსი პროექტის დაწყება და განხორციელება (ყოველგვარი საჯარო განხილვებისა და საზოგადოების წინასწარი ინფორმირების გარეშე) საფრთხის ქვეშ აყენებს კერძო პირების საკუთრების უფლებას.
დასკვნა მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი დღემდე დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას ითვალისწინებს. აქვე აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შესაძლოა მთავრობამ კანონპროექტი უკან გაიხმოს, თუმცა მსგავსი მოთხოვნაპარლამენტში ჯერჯერობით რეგისტრირებული არ არის. მართალია, ჯერ ამ კანონპროექტის განხილვა არ დაწყებულა, თუმცა, გარკვეულწილად, ეკონომიკის სამინისტრომ მისი აღსრულება უკვე დაიწყო. კერძოდ, ინვენტარიზაციის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში აქტიურად დაიწყო დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია. განსაკუთრებული აქტიურობა მარტვილის, მარნეულის და აბაშის მუნიციპალიტეტებში შეიმჩნეოდა, სადაც სახელმწიფომ ჰექტრობით მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა.
ამჟამად რეგისტრაციის პროცესი შეჩერებულია, თუმცა, "ახალი პოლიტიკური ცენტრის" განცხადებით, თუკი საჭირო რეფორმები არ გატარდება, ის ქონება, რომელიც უკვე სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა საფრთხის ქვეშ რჩება, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას არ გააჩნია სრულყოფილი, სათანადო დოკუმენტაცია, რომლის ძალითაც ისინი თავიანთ საკუთრების უფლებას დაიბრუნებენ.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, იაგო ხვიჩიას განცხადება არის სიმართლე.