ბოლო სამი წლის განმავლობაში საპარლამენტო ოპოზიციამ რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი არაერთხელ დააყენა. მათი უდიდესი ნაწილი პარლამენტმა არ გაიზიარა (ჩვენი ინფორმაციით, კომისია მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიქმნა) და კონკრეტული საქმეების გარშემო კომისიის შექმნის იდეას მხარი არ დაუჭირა.

მკითხველის თხოვნით, ფაქტ-მეტრმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პარლამენტის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიების საკითხი შეისწავლა.

ჩვენ საქართველოს პარლამენტს ოფიციალური წერილით მივმართეთ და 1992 წლიდან დღემდე საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიების შექმნის მოთხოვნით წარდგენილი საკითხების ჩამონათვალი გამოვითხოვეთ. პარლამენტიდან მიღებული პასუხი 1992-2015

წლების მონაცემებს აერთიანებს და ის 34 დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. წერილში განმარტებულია, რომ 1992-დან 2004 წლის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის მასალები ეროვნულ არქივშია ჩაბარებული. შესაბამისად, პარლამენტში დაცული მასალა არასრულია.

1996-2003

წლებში საქართველოს პარლამენტმა ჯამში 9 დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მოთხოვნა განიხილა. ესენია:

  • პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისია;
  • პარლამენტის წევრის, დავით ზეიკიძის განცხადების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია;
  • სამართალდამცავი ორგანოების ზოგიერთი თანამდებობის პირის ანტიკონსტიტუციურ ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია;
  • დეპუტატ როსტომ დოლიძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისია;
  • საქართველოს საზღვაო-სანაოსნო საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია;
  • ცალკეული თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია;
  • საქართველოს ენერგეტიკის დარგში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისია;
  • საქართველოს პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისია;
  • საარჩევნო დარღვევების მიზეზების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

ამათგან, ოთხი ცნობად იქნა მიღებული და საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა. ხუთ მათგანზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია პარლამენტიდან მიღებულ პასუხში მითითებული არ არის.

2004-2012

წლებში საქართველოს პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 11 მოთხოვნა განიხილა. 3 საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტიდან მიღებულ დოკუმენტში მითითებული არ არის. 2 საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი გადაწყვეტილების მიღების გარეშე დარჩა. 6 საკითხის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა კი საქართველოს პარლამენტმა არ დააკმაყოფილა. ესენია:

  • სანდრო გირგვლიანისა და ამირან რობაქიძის მკვლელობების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისია;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია;
  • ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" ინიციატივით გათვალისწინებული დროებითი საგამოძიებო კომისია;
  • სამართალდამცავი ორგანოების ცალკეულ თანამშრომელთა მიერ ჩადენილი გახმაურებული მკვლელობების საქმეთა შემოწმებისა და გამოძიების თაობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობა;
  • 2007 წლის ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციების დარბევის ფაქტების შესწავლის მიზნით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობა;
  • საქართველოს პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და საქართველოს მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობა.
2013-2015

წლებში საქართველოს პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 14 მოთხოვნა განიხილა. მათგან 8 საკითხის გარშემო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მოთხოვნა საქართველოს პარლამენტმა არ დააკმაყოფილა. ესენია:

  • შალვა თავთუხაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი;
  • პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული კადრები, სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საზოგადოების სხვა წევრების ტოტალური მოსმენების ფაქტების შესწავლა;
  • ბარბარე რაფალიანცის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი;
  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაბამის თანამდებობის პირთა მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების (მათ შორის, საყდრისი-ყაღაღიანის საბადოსათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნისა და კომპანია RMG -ის მიერ საბადოს ტერიტორიაზე სამუშაოების ჩატარების საკითხის) შესწავლა (სამჯერ);
  • იური ვაზაგაშვილის, ბარბარე რაფალიანცის, შალვა თავთუხაშვილის, ერასტი კინწმარიშვილისა და არჩილ მაისურაძის გახმაურებული მკვლელობების ფაქტების შესწავლა;
  • ქვეყანაში არსებული სისტემური კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.
2013-2015

წლებში საქართველოს პარლამენტმა მხარი მხოლოდ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას დაუჭირა. 5 საკითხის გარშემო კი გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არ არის. ესენია:

  • "ჯიჰადის" სახელით გავრცელებული ვიდეო მასალის წარმომავლობისა და დამამზადებლის გამოვლენის ფაქტების შესწავლა;
  • თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საჯარო განცხადება სასამართლოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით;
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ივანე მერაბიშვილის საჯარო განცხადება 2013 წლის 14 დეკემბერს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით;
  • საქართველოს პარლამენტის წევრზე, ნუგზარ წიკლაურზე 2014 წლის 31 მარტს მომხდარი თავდასხმის ფაქტის შესწავლა;
  • ბარბარე რაფალიანცის, ერასტი კინწმარიშვილისა და შალვა თავთუხაშვილის მკვლელობების ფაქტების შესწავლა.

კვლევამ აჩვენა, რომ 1992-2015 წლებში (ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით) საქართველოს პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით 34 საკითხი განიხილა. მათგან საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ 5 საკითხზე მიიღო. 14 შემთხვევაში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტმა არ დააკმაყოფილა. 7 საკითხზე საქართველოს პარლამენტს გადაწყვეტილება არ მიუღია. 8 საკითხის გარშემო მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია კი პარლამენტიდან მიღებულ დოკუმენტში მითითებული არ არის.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, იმის გამო, რომ 2004 წლის ჩათვლით პარლამენტის მასალები ეროვნულ არქივშია ჩაბარებული, ჩვენ მიერ განხილული მონაცემები ბოლომდე სრულყოფილი არ არის. თუმცა, ის მაინც ნათლად ასახავს სამწუხარო ტენდენციას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის საგამოძიებო კომისიები იშვიათად იქმნება.