საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა, ქვეყნის საგარეო ვალის შესახებ განაცხადა, რომ ის 1.3 მილიარდი დოლარით გაიზარდა. პასუხად, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 2012 წელთან შედარებით 137 მილიონი დოლარითაა შემცირებული.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადებების სიზუსტე გადაამოწმა.

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ მიხეილ მაჭავარიანმა ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის შესახებ გააკეთა განცხადება, ხოლო პრემიერ-მინისტრმა პასუხის გაცემისას მხოლოდ სახელმწიფო საგარეო ვალის დინამიკაზე გააკეთა აქცენტი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2015 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 4 მილიარდ 220 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 2012 წლის ბოლოს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 4 მილიარდ 357 მილიონ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, პრემიერის განცხადება, რომ სახელმწიფო საგარეო ვალი 2012 წელთან შედარებით 137 მილიონი დოლარით შემცირდა, სწორია.

ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო საგარეო ვალი მოიცავს მთავრობის მიერ ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად აღებულ კრედიტებს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ეროვნული ბანკისთვის გაცემულ სესხებს.

გრაფიკი 1: საქართველოს საგარეო ვალი 2012-2015 წლებში

image001

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

2012 წელს მთავრობის საგარეო ვალი 3 მილიარდ 997 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო ეროვნული ბანკის დავალიანება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ 360 მილიონი აშშ დოლარი იყო. 2015 წლის ბოლოს მთავრობის საგარეო ვალი 4 მილიარდ 201 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ეროვნული ბანკის დავალიანება 19 მილიონ დოლარამდე შემცირდა. შესაბამისად, სახელმწიფო ვალის შემცირება ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დავალიანების დაფარვის ხარჯზე მოხდა, ხოლო მთავრობის საგარეო ვალი კი არ შემცირდა, პირიქით, 2012 წელთან შედარებით 204 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

ზოგადად, არასწორია სახელმწიფო ვალი (როგორც საგარეო, ასევე საშინაო), როგორც ქვეყნის ეკონომიკისადმი და ბიუჯეტისადმი ტვირთი, ნომინალურ მაჩვენებლებში კლებით ან ზრდით შევაფასოთ. უნდა ვნახოთ, როგორ იცვლება სახელმწიფო ვალის ფარდობა ქვეყნის ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ. სახელმწიფო საგარეო ვალის მშპ-თან ფარდობის სანახავად, საჭიროა მისი ლარებში დაანგარიშება. ვინაიდან 2012 წლის ბოლოს ლარის კურსი დოლარის მიმართ 1.66 იყო, ხოლო 2015 წლის ბოლოს 2.41 შეადგინა, ლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 2.9 მილიარდი ლარით გაიზარდა და 10.1 მილიარდ ლარს მიაღწია. 2012 წელს, სახელმწიფო საგარეო ვალი საქართველოს მშპ-თან მიმართებაში 27.6% იყო, ხოლო 2015 წელს მშპ-ის 34.1%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ქვეყნის მთლიან საგარეო ვალს (სახელმწიფო საგარეო ვალის და კერძო სექტორის საგარეო დავალიანების ჯამი), ეროვნულ ბანკს მონაცემები 2015 წლის სექტემბრის მდგომარეობით აქვს გამოქვეყნებული. ამ მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი 14.3 მილიარდი დოლარია, რაც 1.2 მილიარდი დოლარით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. მშპ-თან მიმართებაში მთლიანი საგარეო ვალი 2012 წელს 83%-ს, ხოლო 2015 წელს 109%-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ საგარეო ვალის ზრდა ძირითადად კერძო სექტორის ხარჯზე მოხდა. 2015 წელს კერძო სექტორის დავალიანება 6 881 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც 2012 წელთან შედარებით 1 219 მლნ დოლარით მეტია. კერძო სექტორის მიერ უცხოური ფინანსური რესურსების მოზიდვა დადებითად მოქმედებს ეკონომიკურ აქტივობაზე, აღნიშნული მიზეზის გამო საგარეო ვალის მატების უარყოფით ჭრილში განხილვა არასწორია.

დასკვნა

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 2012 წელთან შედარებით 1.2 მილიარდი დოლარითაა გაზრდილი. საგარეო ვალის მატება ძირითადად კერძო სექტორის დავალიანების ზრდითაა გამოწვეული. კერძო სექტორში უცხოური ფინანსური რესურსების მობილიზება დადებითად მოქმედებს ეკონომიკურ აქტივობაზე და ამის გამო საგარეო ვალის მატების უარყოფით მოვლენად წარმოჩენა არასწორია. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ მაჭავარიანის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2012 წელთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალი 137 მილიონი დოლარით არის შემცირებული. სახელმწიფო ვალის შემცირება ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დავალიანების დაფარვის ხარჯზე მოხდა, ხოლო რაც შეეხება მთავრობის საგარეო ვალს, ის 2012 წელთან შედარებით 204 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საგარეო ვალი დოლარში შემცირდა, ლარის კურსის გაუფასურების გამო, მშპ-თან მიმართებით 27.6%-დან 34.1%-მდე გაიზარდა. სახელმწიფო ვალის, როგორც ქვეყნის ეკონომიკისადმი ტვირთის და საფრთხის შეფასება სწორედ მისი მშპ-თან ფარდობის ცვლილებით განისაზღვრება. აქედან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის მხრივ უარყოფითი ტენდენცია აქვს და პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ეს ფაქტი იგნორირებულია.

შესაბამისად, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

თეგები:

პერსონები