მთავრობის ადმინისტრაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ქვეყნის პირველი პირის მიერ ერთი წლის [2015 წელი] განმავლობაში გაგზავნილი ოთხი მიმართვიდან პასუხი არცერთზე არ გაუცია".
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
გიორგი კვერენჩხილაძის მიერ ნახსენები კორესპონდენციებიდან ერთ-ერთი პრეზიდენტის მხრიდან მთავრობის მისამართით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატო-საქართველოს პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხილვის მოთხოვნას ეხებოდა. ამ თემაზე ფაქტ-მეტრმა ადრე კვლევაუკვე გამოაქვეყნა. პრეზიდენტმა ამ საკითხების განხილვა წერილობითი სახით ორჯერ მოითხოვა, თუმცა ადრესატისგან პასუხი არცერთ მათგანზე არ მიუღია. ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ არ დაკმაყოფილდა პრეზიდენტის ეს მოთხოვნა, მთავრობის ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, რომ მათ არქივში მსგავსი სახის ინფორმაცია დაცული არ იყო.
მეორე საკითხი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატებს ეხებოდა. კვერენჩხილაძის განცხადებით, მთავრობამ რეაგირების გარეშე დატოვა პრეზიდენტის მიერ ამ თანამდებობაზე წარდგენილი სამი კანდიდატურა. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ გასული წლის 27 ოქტომბერს პარლამენტმა, მთავრობის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატურა - გიორგი ფანგანი სემეკის წევრად 6 წლის ვადით აირჩია. ეს ინფორმაცია დასტურდება მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილ წერილშიც, სადაც აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს მთავრობის შესაბამისი წარდგინებით ეცნობა. გიორგი ფანგანისგან განსხვავებით, ამ დრომდე ვერ მოხერხდა სემეკის დარჩენილ ორ ვაკანტურ ადგილზე შეთანხმების მიღწევა. 2016 წლის 11 იანვარს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომამდე სამი დღით ადრე, ოფიციალური დასაბუთების გარეშე, უკვე მეორეჯერ დაიწუნამარგველაშვილის მიერ დასახელებული დარჩენილი ორი კანდიდატი, რის შესახებაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას მის წერილზე პასუხი სამი თვის შემდეგ ეცნობა. სემეკის აღნიშნული ორი თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურია.
კიდევ ერთი პასუხგაუცემელი წერილი ამჯერადაც პრეზიდენტის მოთხოვნას ეხებოდა. კერძოდ, პრეზიდენტი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანას ითხოვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციით დასტურდება, რომ 2015 წლის 13 ოქტომბერს პრეზიდენტმა მთავრობას მართლაც მიმართა. ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ კითხვით მთავრობის ადმინისტრაციასაც მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ მათ წერილით პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსმა და არა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა პირმა - საქართველოს პრეზიდენტმა - მიმართა. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მთავრობის ადმინისტრაციამ მოთხოვნის შესრულება მიზანშეუწონლად ჩათვალა.
ამ თემაზე სამართლებრივი შეფასების გაკეთება ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" ვთხოვეთ. ორგანიზაციის წარმომადგენლის, გიორგი გოცირიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-7 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს, თუ ვის შეუძლია მთავრობას ამა თუ იმ საკითხის განხილვა მოსთხოვოს. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში, რომელსაც ასევე ესწრებიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და სხვა წევრები. სხვა თანამდებობის პირებს, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ამგვარი უფლებამოსილება არ გააჩნია. აღნიშნულ შემთხვევაში მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ითხოვა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრცაიის შეფასება წმინდა ფორმალისტური და სამართლებრივი თვალსაზრისით სწორია, თუმცა, ამ უკანასკნელს აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის არ უცნობებია.
საქართველოს მთავრობის გარდა, კომუნიკაციის თვალსაზრისით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას პრობლემა შეექმნა პროკურატურასთან ურთიერთობაშიც. 2015 წლის 27 დეკემბერს გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მას კვლავ არ ჰქონდა პროკურატურის მხრიდან მიღებული პასუხი იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი ქმედებები განხორციელდა ციხის კადრებთან დაკავშირებულ სკანდალზე (მაგ. რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს, რამდენი იძებნება და ა.შ.). 2016 წლის 13 იანვარს პარლამენტის მიერ ახლადარჩეულმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პრეზიდენტს პასუხს ოფიციალური მიმართვის შემდეგ გასცემდა. განცხადების საპასუხოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პროკურატურას წერილი გაუგზავნა და აღნიშნული მიმართვა გაასაჯაროვა. 2016 წლის 20 იანვარს საქართველოს პროკურატურამ გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნაზე პასუხისაკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
დასკვნაევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატო-საქართველოს პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ ორ მოთხოვნაზე მთავრობის კანცელარიას პასუხი არ გაუცია. სემეკის წევრების არჩევასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ერთი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა მოიწონა, ხოლო დარჩენილ ორზე წერილობითი უარი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალურად გიორგი კვერენჩხილაძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, წერილის გაგზავნიდან სამი თვის შემდეგ ეუწყა. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინების მოთხოვნას, მთავრობამ პრეზიდენტის იგნორირების არგუმენტად ის მოიშველია, რომ ამ მოთხოვნით მთავრობას (კონსტიტუციის შესაბამისად) არაუფლებამოსილმა პირმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მიმართა და არა თავად პრეზიდენტმა. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მთავრობის ადმინისტრაციისაგან არც აღნიშნულის გათვალისწინებით მიუღია პასუხი.
არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ გიორგი კვერენჩხილაძის განცხადება არის სიმართლე.